ამჯერად საქართველოს ეწვია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია, მათ შორის თბილისში ერთლხელ უკვე ნამყოფი პიტერ ანდრეოლი.
სომხეთს კი, - წლის დასაწყისში ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ვიზიტის შემდეგ, - 26 მაისს ეწვევა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
დელეგაცია თბილისში
აშშ-ის ხელისუფლების დელეგაციის წევრები 25 მაისს თბილისში შეხვდებიან როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს.
მათ შორის „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს.
დელეგაციას აკომპლექტებენ:
- პიტერ ანდრეოლი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი;
- ჩარლზ იოკი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატი.
რადიო თავისუფლებას აშშ-ის საელჩოში განუცხადეს:
- „სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები 24-29 მაისს თბილისს ეწვევიან, რათა შეხვდნენ საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებს და რელიგიურ ლიდერებს.
- შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რა არის საჭირო ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის გზაზე დასაყენებლად“.
დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პირველად გაავრცელა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ, პარტია „ახლის“ დამფუძნებელმა, როდესაც 25 მაისს ისაუბრა 26 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ:
„მოვუწოდებ „ხელისუფლებას“, თავი შეიკავოს ნებისმიერი ინციდენტისგან. აქ იმყოფება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასაც და პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის“, - თქვა მან.
„დაველოდებით მათ პოზიციას“
ირაკლი კობახიძემ ანდრეოლისთან შეხვედრაზე დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„ამ ვიზიტის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას. ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. დაველოდებით პირველ რიგში მათ პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით“.
ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ არ იცის, უფრო მაღალი რანგის ჩართულობა რატომ არ არის შეერთებული შტატებისგან:
„ნუ, არ ვიცით. ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ხელი გაწვდილია ჩვენი მხრიდან. ვაცხადებთ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ველოდით ამერიკულ პოზიციას, მოხარული ვართ, რომ არის ბოლო დროს დადებითი ტენდენციები, დანარჩენს დაველოდოთ“, - თქვა მან.
ანდრეოლის მეორე ვიზიტი
პიტერ ანდრეოლი საქართველოში უკვე იმყოფებოდა 2026 წლის მარტში.
პიტერ ანდრეოლი არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.
პიტერ ანდრეოლი 2025 წლის შემოდგომაზე სახელმწიფო დეპარტამენტში იკავებდა რუსეთის საკითხების სამსახურის დირექტორის პოზიციას. ეს სამსახური არის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ერთ-ერთი მიმართულება.
ამ პოზიციაზე მან მოსკოვშიც იმოგზაურა - ის იქ 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში იმყოფებოდა; შეხვდა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებს.
თბილისში ვიზიტამდე, 20 მარტს, პიტერ ანდრეოლი იმყოფებოდა აშშ-ში საქართველოს საელჩოში, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია ll-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
მარკო რუბიო ერევანში
მარკო რუბიოს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა 25 მაისს.
სამინისტროს პრესსპიკერის, ანი ბადალიანის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და მარკო რუბიოს შორის, რის შემდეგაც ლიდერები პრესასთან კომენტარებს გააკეთებენ.
ანი ბადალიანის ცნობით, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა.
ჯერჯერობით სახელმწიფო დეპარტამენტს ვიზიტის შესახებ ცნობა არ გაუვრცელებია. აქამდე არსებული განრიგით, რუბიო 21-26 მაისს შვედეთსა და ინდოეთს ეწვეოდა.
„პოლიტიკური იზოლაცია“
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე დასმულ კითხვაზე - როგორ აფასებს გარემოებას, რომ სომხეთს ეწვევა სახელმწიფო მდივანი, რომელიც თბილისში არ ჩამოვა, ხოლო მიიღებს „დაბალი რანგის დელეგაციას“ - პასუხად განაცხადა:
„ჩვენ თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, რადგან გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა“.
მან თქვა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მთავრობას „რამდენიმე კომუნიკაცია“ ჰქონდა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან.
„მათ შორის, მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან, და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე 2026 წლის 30 მარტს, - ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, - ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს.
„ეს არის დღევანდელი მოცემულობა, დანარჩენი დაველოდოთ მშვიდად მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა დღეს ირაკლი კობახიძემ.
ფორუმი