Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საიდუმლო „ზამთრის გეგმა“ - 60 სამიზნე უკრაინის გასატეხად

რუსეთი ბალისტიკური რაკეტებისა და რეაქტიული დრონის გამოყენებას გეგმავს ზამთარში უკრაინის ელექტროქსელის გასანადგურებლად და ჰუმანიტარული კრიზისის გამოსაწვევად (ილუსტრირებული ფოტო).
რუსეთი ბალისტიკური რაკეტებისა და რეაქტიული დრონის გამოყენებას გეგმავს ზამთარში უკრაინის ელექტროქსელის გასანადგურებლად და ჰუმანიტარული კრიზისის გამოსაწვევად (ილუსტრირებული ფოტო).

რუსეთმა მოახლოებული ზამთრისთვის უკრაინის ენერგეტიკულ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშების გეგმა მოამზადა. მოპოვებული დოკუმენტით ირკვევა, რომ კრემლის მიზანია ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების, მათ შორის კიევის, ხარკოვისა და ოდესის, ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დატოვება.

რუსეთი მოახლოებული ზამთრისთვის მასირებულ საჰაერო იერიშებს ამზადებს უკრაინის ელექტროსადგურებზე, ქვესადგურებზე, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სატუმბ სადგურებზე, აგრეთვე კიევის კონტროლქვეშ დარჩენილ სამ ატომურ ელექტროსადგურზე. კრემლის სტრატეგია, რომელიც უკრაინის მოსახლეობის სიცივით დათრგუნვას ისახავს მიზნად, გაზეთმა The New York Times-მა გამოაქვეყნა. ამ „რუსული გეგმის“ ასლი მოიპოვეს რადიო თავისუფლების პროექტის „სქემების“ ჟურნალისტებმაც, რომელთა თქმითაც, თუ „რუსული გეგმის“ განხორციელება მოხერხდება, ეს იქნება უკრაინის ენერგეტიკაზე მიტანილი ყველაზე დიდი და გამანადგურებელი იერიში.

„სქემების“ თანახმად, დოკუმენტი უკრაინის ენერგეტიკული სიმძლავრეების ანალიზს და იმ რაკეტების, დრონებისა და ჭურვების საჭირო რაოდენობის გამოთვლა-გაანგარიშებას შეიცავს, რომლებიც რუსეთს დასჭირდება ისეთი დიდი ქალაქების (მთავარი სამიზნეების) ელექტროენერგიის, გათბობის, წყლისა და კანალიზაციის გარეშე დასატოვებლად, როგორებიცაა კიევი, ხარკოვი და ოდესა.

„პრიორიტეტული ქალაქების“ საერთო ჩამონათვალში ასევე შედის დნიპრო, ზაპოროჟიე, მიკოლაივი, ხერსონი, პოლტავა, ჩერნიგივი, კრივი-რიჰი, ჩერკასი, კროპივნიცკი, ლვოვი, ვინიცა და ივანო-ფრანკივსკი.

„სქემების“ ჟურნალისტებმაც, ისევე როგორც The New York Times-მა, სავარაუდოდ, დოკუმენტის მხოლოდ ნაწილის მოპოვება შეძლეს: რუსულენოვან ფაილს რამდენიმე გვერდი აკლია. მიუხედავად ამისა, დოკუმენტის არსებული მოცულობა რუსეთის ტაქტიკის გაანალიზების საშუალებას იძლევა.

პირველ ეტაპზე რუსეთი გეგმავს იერიში მიიტანოს უკრაინის დასავლეთ საზღვართან მდებარე იმ ქვესადგურებზე, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანა ევროპიდან ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს. შემდეგი სამიზნეები ჰიდროელექტროსადგურებია, მესამე ეტაპზე კი დარტყმები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ უკრაინაში მოქმედი სამი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეჩერდეს. დოკუმენტში სულ 60 საკვანძო სამიზნეა დასახელებული.

The New York Times-მა აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად დაედასტურებინა დოკუმენტის ავთენტიკურობა. თუმცა ის რუსულ ენაზეა შედგენილი და აგვისტოთია დათარიღებული.

რადიო თავისუფლების პროექტ „სქემების“ ჟურნალისტები დოკუმენტის გადასამოწმებლად სპეცსამსახურებსა და შესაბამისი დარგის ექსპერტებს დაუკავშირდნენ. დოკუმენტი რუსეთის ტაქტიკის ახალ თუ ძველ მიდგომებს აღწერს. უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ეს რუსული დოკუმენტი უფრო გათვლას ჰგავს, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების საბოლოო გეგმას. მისი აზრით, მსგავსი ანალიტიკური ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ან მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებში უნდა იყოს მომზადებული.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) წარმომადგენლებმა „სქემებთან“ საუბრისას თქვეს, რომ ადასტურებენ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებებს რუსეთის გეგმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც რუსეთი გააგრძელებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანას.

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული „ზამთრის გეგმის“ შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

2026 წლის 1 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ზამთარში რუსეთის ჯარები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანის კამპანიას დაიწყებს. პუტინის თქმით, მოსკოვი ამას უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმების „პასუხად“ გააკეთებს.

„გაცემულია მითითებები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასირებული დარტყმების მომზადებისა და განხორციელების შესახებ. ისინი ჩვენს ობიექტებს ურტყამენ - პასუხსაც მიიღებენ“, - განაცხადა პუტინმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა და ენერგეტიკის მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები უკვე დაიწყო. მისი თქმით, წინა ზამთრის შემდეგ ასეთი მასშტაბის იერიშები აქამდე არ განხორციელებულა. ელექტროენერგია უკვე შეფერხებით მიეწოდა უკრაინის სულ მცირე ცხრა ოლქს, რის გამოც ასიათასობით ადამიანი ზარალდება.

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის წარმატებებმა ბრძოლის ველზე, როგორც ჩანს, პუტინს უბიძგა, გადააფასოს უკრაინაში გამარჯვების თავდაპირველი თეორია და აქცენტი გადაიტანოს უკრაინის კაპიტულაციის იძულებაზე - ზამთარში საჰაერო იერიშების კამპანიის საშუალებით. ანალიტიკოსების თქმით, წელს რუსმა სამხედროებმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები წინა წლებთან შედარებით უფრო ადრე დაიწყეს და ყინვების დადგომას აღარ დაელოდნენ.

სადგურები, როგორც სამიზნეები. კლიმატი, როგორც იარაღი

რუსეთი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ომს არა მხოლოდ ადამიანური რესურსით, იარაღითა და რბილი ძალით აწარმოებს, რუსეთის არმიამ, ფაქტობრივად, იარაღად აქცია სიცივე და სიბნელე. უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მიზანმიმართულ დარტყმებს რუსი სამხედროები ფართომასშტაბიანი ომის პირველივე კვირებიდან ახორციელებდნენ, ხოლო 2022 წლის შემოდგომიდან ეს უკვე საბრძოლო ტაქტიკის ნაწილად იქცა. ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის პირველი შემთხვევა 2022 წლის ნოემბერში მოხდა.

„გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. ელექტროენერგიის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. წყლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. საკვების გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე“, - განაცხადა მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თუმცა რუსეთს არ შეუწყვეტია სიცივითა და უშუქობით ბრძოლის ტაქტიკა - ენერგოობიექტებზე იერიშების შედეგად დენის მასშტაბური გათიშვები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა ამჟამად უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ 3 000-ზე მეტ დარტყმას იძიებს. უკრაინელი ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ 2026 წლის ზაფხულსა და სექტემბერში რუსეთი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თვეში დაახლოებით 160 იერიშს ახორციელებდა. ეს მონაცემები ეხება მხოლოდ ფრონტისპირა ზონის მიღმა მდებარე ობიექტებს, ანუ იმ ქალაქებს, რომლებიც საბრძოლო შეხების ხაზიდან შორს მდებარეობენ.

2026 წლის 30 სექტემბრის ღამეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა: რუსეთმა ასობით მოიერიშე დრონი და ბალისტიკური რაკეტა კიევისა და კიევის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტებს დაუმიზნა. დაიღუპა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი. რამდენიმე რეგიონში ავარიულად გაითიშა ელექტროენერგია.

რადიო თავისუფლების პროექტ „სქემების“ ჟურნალისტებმა სექტემბრის იმ ღამეს თავდასხმის სამიზნედ ქცეული ობიექტებიდან სულ მცირე სამი (კიევის ორი თბოელექტროსადგური და კიევის ოლქში მდებარე ერთი თბოელექტროსადგური) აღმოაჩინეს ე.წ. რუსულ გეგმაში. საუბარია უკრაინის მიერ ხელში ჩაგდებულ დოკუმენტზე, რომელშიც აღწერილია რუსეთის სტრატეგია: 90%-მდე შეამციროს ელექტროენერგიისა და სითბოს მიწოდება უკრაინის მეგაპოლისებში. ამ დოკუმენტის შესახებ გაზეთმა The New York Times-მაც დაწერა.

„სქემების“ მიხედვით, დოკუმენტი უკრაინის ენერგეტიკული სიმძლავრეების ანალიზსა და იმ რაკეტების, დრონებისა და ბომბების საჭირო რაოდენობის გამოთვლას შეიცავს, რომლებიც რუსეთს დასჭირდება ისეთი დიდი ქალაქების, როგორებიცაა კიევი, ხარკოვი და ოდესა, ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დასატოვებლად.

პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი მასალა საშუალებას აძლევს ექსპერტებს, მონაცემები შეადარონ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკაზე უკვე განხორციელებულ თავდასხმებს. დასაზიანებელი ობიექტების ჩამონათვალში, მცირე საქვაბეებთან ერთად, შეტანილია ატომური ელექტროსადგურებიც. თუმცა დოკუმენტში ისინი მხოლოდ იმ კუთხითაა შეფასებული, თუ რამდენ გიგავატ ელექტროენერგიას მოიხმარენ უკრაინელები. პოტენციური ბირთვული საფრთხე ნახსენები არ არის.

რივნეს ატომური ელექტროსადგური
რივნეს ატომური ელექტროსადგური

სამაგიეროდ, ქალაქების საცხოვრებელ უბნებში მდებარე საქვაბეების გასწვრივ მინაწერებია გაკეთებული: რეაქტიული დრონებით („გერან-4“) ან „ბანდეროლის“ რაკეტებით განხორციელებული დარტყმების გარდა, სხვა იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია „დანაკარგები სამოქალაქო მოსახლეობაში “.

„სქემების“ ჟურნალისტებმა დეტალურად შეისწავლეს ანალიტიკური ცნობა და დოკუმენტის გადასამოწმებლად სპეცსამსახურებსა და შესაბამისი დარგის ექსპერტებს მიმართეს. დოკუმენტი რუსეთის ტაქტიკის ახალ და ძველ მიდგომებს აღწერს.

  • რამდენი რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებას გეგმავს რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემის დასანგრევად და ზამთარში ჰუმანიტარული კრიზისის გამოსაწვევად?
  • რა ობიექტებია შეტანილი „პრიორიტეტული სამიზნეების“ სიაში?
  • როგორ აპირებენ დოკუმენტის ავტორები ცალკეულ ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდების 90%-ით შემცირებას?


რას ეფუძნება „რუსული გეგმა“?

უკრაინის მიერ ხელში ჩაგდებულ დოკუმენტს ეწოდება „ანალიტიკური ცნობა „უკრაინის ელექტროენერგიის გენერაციისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის ანალიზი“, რომელიც 2026 წლის აგვისტოთია დათარიღებული.

ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ ასლში ავტორები მითითებული არ არიან, ხოლო მეტამონაცემები შეცვლილია. ასევე უცნობია, რუსეთში ვის გააცნეს ეს დოკუმენტი მანამდე, ვიდრე უკრაინული დაზვერვა ჩაიგდებდა ხელში.

თუმცა თავად ანალიტიკურ ცნობაში მითითებულია გამოყენებული მონაცემების წყაროები. კომენტარებში, კერძოდ, ნახსენებია OpenStreetMap - გეოგრაფიული მონაცემების ღია ბაზა; Worldometers - საინფორმაციო ვებსაიტი, რომელიც სხვადასხვა თემაზე რეალურ დროში განახლებულ მთვლელებსა და სტატისტიკას აქვეყნებს; ასევე უკრაინული კომპანიების, „უკრენერგოს“, „უკრჰიდროენერგოსა“ და ДТЭК -ის ოფიციალური ვებსაიტები. გარდა ამისა, გამოყენებულია „ელექტროენერგიის გენერაციის სიმძლავრეების საპასპორტო მახასიათებლები“, კიევისა და სხვა ქალაქების გენერალური გეგმები. დასკვნების უმეტესობა ეყრდნობა ანონიმი ექსპერტების, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისა და ე.წ. სამუშაო ჯგუფის ანალიზს (გვარები დასახელებული არ არის).

„სქემების“ ჟურნალისტებმაც, ისევე როგორც, სავარაუდოდ, The New York Times-მა დოკუმენტის მხოლოდ ნაწილი მიიღეს: რუსულენოვან ფაილს რამდენიმე გვერდი აკლია. მიუხედავად ამისა, შემორჩენილი ფრაგმენტები რუსეთის ტაქტიკის გაანალიზების საშუალებას იძლევა.

საქვაბიდან ატომურ ელექტროსადგურამდე - რა ობიექტები შეიძლება იქცნენ სამიზნეებად და რომელი იარაღისთვის

დოკუმენტში გამოყოფილია ოთხი „პრიორიტეტული სამიზნე“: ელექტროენერგიის გენერაცია და მიწოდება, წყალმომარაგება, კანალიზაცია და გათბობა.

პირველ რიგში, გეგმა ითვალისწინებს უკრაინის დასავლეთ საზღვართან მდებარე იმ „კვანძების“ მწყობრიდან გამოყვანას, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანა ევროპიდან იღებს ელექტროენერგიის იმპორტს. საუბარია ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებზე, სასაზღვრო მაღალძაბვიან ქვესადგურებსა და ინტერკონექტორებზე - სისტემაზე, რომელიც უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების ენერგოსისტემებს აკავშირებს, ევროპიდან მიღებულ ელექტროენერგიას იღებს, შემდეგ კი მისი ძაბვა გარდაიქმნება და ენერგია ქვეყნის სიღრმეში ნაწილდება.

შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია იერიშის მიტანა დნიპროსა და დნესტრზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურებზე და სამი ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეჩერება. ეს სადგურებია: სამხრეთუკრაინული, რივნესა და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურები (ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა).

რუსული რაკეტის მიერ განადგურებული საცხოვრებელი სახლი კიევში.
რუსული რაკეტის მიერ განადგურებული საცხოვრებელი სახლი კიევში.

დოკუმენტში სულ 60 საკვანძო სამიზნეა დასახელებული. ზემოხსენებული ჰიდროელექტროსადგურების, ატომური ელექტროსადგურებისა და ინტერკონექტორების გარდა, ჩამონათვალში შედის თბოელექტროსადგურები, თბოელექტროცენტრალები, ქვესადგურები, საქვაბეები, გამწმენდი ნაგებობები, სატუმბი სადგურები და სხვა სახელმწიფო თუ კომუნალური ობიექტები, რომლებზეც დამოკიდებულია ელექტროენერგიის, წყლის, კანალიზაციისა და გათბობის მიწოდება.

ცნობაში აღნიშნულია, რომ ასეთი თავდასხმების განსახორციელებლად რუსეთს შეიარაღების შემდეგი ძირითადი სახეობები დასჭირდება:

770-მდე უპილოტო საფრენი აპარატი - „მოლნია“ და „გერანი“, აგრეთვე რაკეტა-დრონები „დან-ტ/ბანდეროლი“; ასევე 170 ФАБ - ფუგასური საავიაციო ბომბის მოდიფიკაცია უნივერსალური მოდულით, რომელსაც ტექსტში შემდგომ ყველგან ამ მნიშვნელობით იყენებენ.

ჩამონათვალში ასევე შედის „კინჟალი“ და „ისკანდერ-მ“.

დოკუმენტში თითოეული ობიექტის გასწვრივ მოცემულია დეტალური გათვლებია - რამდენი და რა ტიპის იარაღია საჭირო მისი მწყობრიდან გამოსაყვანად:

  • აეს (ატომური ელექტროსადგური): დოკუმენტში მითითებულია ღია გამანაწილებელი მოწყობილობა - ღია ცის ქვეშ განთავსებული მაღალძაბვიანი დანადგარი, რომელიც ელექტროენერგიას იღებს და გასცემს. მის გასანადგურებლად საჭიროდ მიიჩნევა 2 „ისკანდერი“. შესაბამისად, სამი აეს-ის აღჭურვილობის გასანადგურებლად გათვალისწინებულია 6 რაკეტა.
  • ჰეს (ჰიდროელექტროსადგური): თითოეულზე - 25-მდე „მოლნია“, „გერანი“ ან „ბანდეროლი“, ან 3 „კინჟალი“. უკრაინის 10 მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის გასანადგურებლად საჭირო შეიარაღების რაოდენობა გაშვების ადგილიდან ან ფრონტის ხაზიდან მანძილის მიხედვითაა გამოთვლილი. დოკუმენტში ჯამში 30-მდე „მოლნიაა“ გათვალისწინებული. ასევე მითითებულია 240 „გერანი“ და „დან-ტ/ბანდეროლი“, რომელთა ჩანაცვლებაც შესაძლებელია ბალისტიკური რაკეტების („კინჟალ“) 30-მდე ერთეულით.
  • თესი (ბოელექტროსადგური - ხუთი ტრანსფორმატორი): თითოეულზე - 25 „მოლნია“, „გერანი“ ან „დან-ტ/ბანდეროლი“, ან 3 „კინჟალი“. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თითოეული თბოელექტროსადგურისთვის შეიძლება საჭირო გახდეს დაახლოებით 25 ФАБ-500 ტიპის ბომბი და ხუთი რაკეტა „ისკანდერ-მ“.
  • ქვესადგური (სამი ტრანსფორმატორი) და ინტერკონექტორი: თითოეულ ობიექტზე - 15 „მოლნია“, „გერანი“ ან „დან-ტ/ბანდეროლი“, ან 3 „კინჟალი“.
  • საბინაო-კომუნალური მეურნეობის ობიექტი (ЖКХ) - თითოეულზე - 25 ФАБ ტიპის ბომბი ან 5 „ისკანდერი“.
  • საქვაბე - 20 „გერანი“ ან „დან-ტ/ბანდეროლი“.
ისკანდერ-M სისტემა, 2015 წ.
ისკანდერ-M სისტემა, 2015 წ.

ამასთან, საქვაბეებთან დაკავშირებული პუნქტის გასწვრივ დოკუმენტის ავტორები პირდაპირ აღნიშნავენ: „საცხოვრებელ უბნებთან სიახლოვის გამო, შეიარაღების სხვა ტიპების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“.

რუსულ დოკუმენტში იარაღის სახეობები სამიზნისა და მანძილის მიხედვითაა განსაზღვრული. მაგალითად:

  • 40–60 კილომეტრამდე - „მოლნია“ და ФАБ-500;
  • 60–500 კილომეტრი - „გერან-4“, „დან-ტ/ბანდეროლი“ და „ისკანდერ-მ“;
  • 500 კილომეტრზე მეტი - „კინჟალი“, „კალიბრი“, „ორეშნიკი“ და „ცირკონი“.

დოკუმენტის ანალიტიკური ცნობის თანახმად, მთავარი სამიზნეებია ქალაქები: კიევი, ხარკოვი და ოდესა. „პრიორიტეტული ქალაქების“ საერთო ჩამონათვალში ასევე შედის: დნიპრო, ზაპოროჟიე, მიკოლაივი, ხერსონი, პოლტავა, ჩერნიგივი, კრივი-რიჰი, ჩერკასი, კროპივნიცკი, ლვოვი, ვინიცა და ივანო-ფრანკივსკი.

დოკუმენტში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უკრაინის დედაქალაქში მდებარე ობიექტებს. ამასთან დეტალურადაა გაანალიზებული და წარმოდგენილი ქალაქის ენერგოსისტემა. ცნობის ავტორები აღნიშნავენ, რომ კიევის დედაქალაქის ენერგოსისტემა საკმაოდ განტოტვილია, თუმცა მის სუსტ წერტილად დასახელებულია „კიევის წრის“ ხუთ ქვესადგური, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა უბანს ემსახურებიან.

დოკუმენტის თანახმად, ზემოხსენებულ სამ ქალაქში 12 საკვანძო ქვესადგურის დაზიანებამ ელექტროენერგიის მიწოდების 90%-მდე შემცირება უნდა გამოიწვიოს. ამ მიზნის მისაღწევად დოკუმენტის ავტორების გათვლით, 40–50 უპილოტო საფრენი აპარატი „მოლნია“ და 130–140 „გერან-4“ ან „დან-ტ/ბანდეროლია“ საჭირო.

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს ამ დოკუმენტის შესახებ, რომელიც The New York Times-მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა 2026 წლის ოქტომბრის დასაწყისში კრემლმა კიდევ ერთხელ განაცხადა უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაძლიერების შესახებ.

ძველი თუ ახალი „რუსული გეგმა“?

უკრაინის ენერგოსისტემის „მოსპობის“ მცდელობა რუსეთის ჯარების ახალი ტაქტიკა არ არის. როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისში რადიო თავისუფლების პროექტ „სქემებს“ განუცხადეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პროკურატურა იძიებს უკრაინის 1177 ენერგეტიკულ ობიექტზე განხორციელებულ 3374 დარტყმას.

რუსეთის სარდლობის ამ ტაქტიკას ცნობენ ის დარგობრივი ექსპერტებიც, რომლებსაც „სქემები“ კომენტარისა და დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, მათ მსგავსი ანალიტიკური ცნობები ადრეც უნახავთ.

უკრაინის ენერგეტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრ ხარჩენკოს თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ასეთი დოკუმენტები, სულ მცირე, 2023 წლიდან ჩნდებოდა:

„არსებითად, ახლანდელი დოკუმენტი წინამორბედებისგან რადიკალურად არაფრით განსხვავდება და რაიმე ახალ პერსპექტივას არ გვთავაზობს. ადრე ჩამონათვალში იყო „გერანი“, Х-101 და სხვა ტიპის იარაღი, მაგალითად, Х-59, Х-69 და „კალიბრი“. ახლა პრეზენტაციაში მათი სახელწოდებები საგრძნობლად შემცირებულია, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს დოკუმენტიდან. გარკვეული განსხვავებები არსებობს როგორც ფორმატში, ისე აქცენტებში. არსებითი ცვლილებები მოხდა 2024 წლის დოკუმენტში, თუმცა მას შემდეგ რაიმე სერიოზული ცვლილება არ შეინიშნება“.

რუსული დრონი "გერან-4"
რუსული დრონი "გერან-4"

ექსპერტის თქმით, ეს დოკუმენტი-კონცეფცია, რომელიც საბრძოლო ბრძანებას არ წარმოადგენს, შექმნილია თვალსაჩინოებისათვის, რათა მაღალი თანამდებობის რუსმა მოხელეებმა კმაყოფილებით თქვან: „დიახ, ყველაფერს ვანადგურებთ და გეგმაც შესანიშნავად გვაქვს შედგენილი“.

დოკუმენტის ნამდვილობის გადასამოწმებლად „სქემები“ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ წარმომადგენელსაც დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ის ამ რუსულ გეგმას ჟურნალისტების მიმართვამდეც იცნობდა. მისი თქმითაც, ეს დოკუმენტი უფრო მეტად ჰგავს გათვლას, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების საბოლოო გეგმას:

„ეს არის დოკუმენტი, რომელიც საჭიროებების განსაზღვრასა და დამაზიანებელი საშუალებების აუცილებელი რაოდენობის გეგმურ წარმოებას ემსახურება. მისი მიზანია, დასაბუთდეს, რატომ არის საჭირო შეიარაღების სწორედ ასეთი მოცულობა. მაგალითად, მათ ამ დოკუმენტის საფუძველზე შეუძლიათ მწარმოებლებს შესაბამისი მოთხოვნები წაუყენონ. <...> თავად განადგურების გეგმა სხვა დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ზიანის მიყენების მეთოდებს და გაწერს ოპერაციების გეგმებს, ანუ იერიშების განხორციელებას. შესაბამისად, ეს იქნება შემდეგი ეტაპი, რომელიც ამ დოკუმენტის საფუძველზე მომზადდება მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ შეიარაღების ასეთი რაოდენობის წარმოება შეუძლიათ“.

უკრაინის პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, დენის შმიჰალის თქმით, რუსეთის გეგმების შესახებ ინფორმირებული არიან უკრაინის ევროპელი პარტნიორები:

„პარტნიორები, ისევე როგორც ჩვენ, ამ გეგმის ცინიზმმა და იმ ცივსისხლიანმა, ტერორისტულმა გათვლამ შეძრა, რომლითაც ჩვენი ენერგეტიკის განადგურებას აპირებენ. (...) დოკუმენტები უკიდურესად ცივად და მკაფიოდ არის შედგენილი. მოცემულია ცხრილები, რომლებშიც თითოეული ობიექტის გასანადგურებლად საჭირო იარაღის რაოდენობაა მითითებული. ჩამოთვლილია იარაღის სახეობებიც - ბალისტიკური რაკეტებიდან დაწყებული, რეაქტიული და ჩვეულებრივი დრონებით დამთავრებული. ყველაფერი გათვლილია, თითოეული ობიექტისთვის გაწერილია საბრძოლო დავალებები - ასე უწოდებენ ისინი ამას. ჩვენ გვესმის, როგორ იმოქმედებენ ისინი“, - განაცხადა მინისტრმა.

„ჩვენი ძალისხმევა გაგრძელდება, თუ მტერი თავს დაგვესხმება. რუსეთს ეს მტკივნეულად დაუჯდება. ცხადია, ამ ზამთრისთვის სრულიად სხვაგვარად ვემზადებით. ვამბობთ, რომ ეს ზამთარი გამოცდა იქნება, მაგრამ მას აუცილებლად გავივლით“, - თქვა დენის შმიჰალმა.

„სქემები“ კომენტარისთვის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР), საგარეო დაზვერვის სამსახურსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს (СБУ) დაუკავშირდა და სთხოვა, აღნიშნულ რუსულ დოკუმენტზე საკუთარი პოზიცია გამოეხატათ. პუბლიკაციის მომენტისთვის პასუხი არ მიუღიათ. ГУР-ში „სქემების“ წყაროებმა მხოლოდ ის დაამატეს, რომ ადასტურებენ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებებს რუსეთის გეგმების შესახებ, გააგრძელოს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება.

კიევის მაცხოვრებლები ეზოში ცეცხლის გარშემო თბებიან, 2026 წლის იანვარი.
კიევის მაცხოვრებლები ეზოში ცეცხლის გარშემო თბებიან, 2026 წლის იანვარი.

„სქემების“ ჟურნალისტებმა უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს, ასევე სახელმწიფო კომპანიებს - „ენერგოატომსა“ და „უკრჰიდროენერგოს“ - ჰკითხეს, შეძლებს თუ არა უკრაინა “რუსულ დოკუმენტში” აღწერილი სცენარისთვის წინააღმდეგობის გაწევას. „უკრჰიდროენერგოში“ უპასუხეს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია „კონფიდენციალურად არის მიჩნეული“ და „სამხედრო მდგომარეობის პირობებში მისი გამჟღავნება შესაძლოა მნიშვნელოვან ზიანს აყენებდეს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს“. პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის არც ენერგეტიკის სამინისტროს და არც „ენერგოატომს“ პასუხი არ დაუბრუნებია.

რამდენად დიდია უახლოეს თვეებში უკრაინის ენერგეტიკისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის სრული კოლაფსის საფრთხე? - ამ კითხვის რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებული The Current Times-ის რედაქციამ მიმართა უკრაინის კომუნალური მომსახურების მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარეს, ოლეგ პოპენკოს.

- უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოახლოებული ზამთარი ყველაზე მძიმე იქნება, მათ შორის უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის დარტყმების გამო. მინდა გკითხოთ: ცნობილია თუ არა, როგორ ემზადება უკრაინის ხელისუფლება ზამთრისთვის? რა გაკეთდა იმისთვის, რომ ეს ზამთარი ყველაზე მძიმე არ აღმოჩნდეს? გასაგებია, რომ აგრესორი სწორედ რუსეთია, მაგრამ რას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება?

ოლეგ პოპენკო: ბევრი რამ კეთდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენი ობიექტების დასაცავად ეს საკმარისი არ არის. პირველ რიგში საუბარია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე. საუბარია იმ მსხვილ ქვესადგურებზე, რომლებიც ატომური ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გადაცემასა და იმპორტირებული ელექტროენერგიის განაწილებას უზრუნველყოფენ. არსებითად, სწორედ ეს ობიექტები უნდა იყოს დაცული უპირველეს ყოვლისა.

- როგორი იქნება ცხოვრება კიევსა და ოდესაში, თუ რუსული არმია წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებზე დარტყმებს დაიწყებს? ემზადება თუ არა ხელისუფლება ქალაქის ინფრასტრუქტურის ამ სექტორზე თავდასხმებისთვის?

ოლეგ პოპენკო: აქ ყველაფერი გაცილებით რთულადაა, ვიდრე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შემთხვევაში. მოკლე დროში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ობიექტების მასირებული დაბომბვებისთვის მომზადება ძალიან რთულია. რატომ? მაგალითად, თუ კანალიზაციის სადგურების განადგურების შემთხვევაში, ვსაუბრობთ შემოვლითი გზების მოძიებაზე, ასეთი სისტემების მშენებლობა მილიარდობით გრივნას და დიდ დროს მოითხოვს. თანაც, თანამედროვე ქალაქებში, არსებული პირობების გათვალისწინებით, ამის გაკეთება ყოველთვის შესაძლებელი არ არის.

კანალიზაცია ძალიან რთული სისტემაა. აქ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი: სად უნდა მოხდეს ჩამდინარე წყლების გადინება, როგორ უნდა მოეწყოს გამწმენდი ნაგებობები და ა.შ. ამ მიმართულებითაც გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა აქ საქმე უფრო რთულად იქნება, ვიდრე, მაგალითად, გათბობისა და კომუნალური ენერგეტიკის სისტემაში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ქალაქისთვის სითბოს სარეზერვო წყაროს უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია გაზის დანადგარების დამონტაჟება.

- როდესაც წყალმომარაგებასა და კანალიზაციაზე ვსაუბრობთ, უპირველესად სატუმბ სადგურებს ვგულისხმობთ?

ოლეგ პოპენკო: დიახ. კანალიზაციის სატუმბი სადგურები სწორედ ის ობიექტებია, რომლებიც ქალაქში წარმოქმნილი ნარჩენების გატანას, მათ გადატუმბვასა და გაწმენდას უზრუნველყოფენ. ამ სადგურების დაზიანების შემთხვევაში სერიოზული პრობლემები წარმოიქმნება. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მუშაობა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ გარკვეული დროით შესაძლებელი გახდეს ჩამდინარე წყლების დაზიანებული სადგურის გვერდის ავლით, შემოვლითი არხებით ან მილებით გადამისამართება. ეს სადგურის აღსადგენად საჭირო დროის მოგების საშუალებას მოგვცემს. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, გასაგებია. მაგრამ როგორ უნდა განხორციელდეს ასეთი გეგმა ომის პირობებში - ეს უკვე სხვა საკითხია.

- ზამთარში გათბობაც არანაკლებ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორ აფასებთ ამ სფეროში უკრაინის წინაშე არსებულ რისკებს? მაგალითად, გასულ ზამთარს კიევში რამდენიმე კვირის განმავლობაში გათბობა არ იყო. ამ სცენარს წელსაც რეალისტურად და მოსალოდნელად მიიჩნევთ?

ოლეგ პოპენკო: გასული ზამთრის სცენარი სავსებით რეალურია და შეიძლება განმეორდეს. ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ რუსეთი გათბობისა და კომუნალური ენერგეტიკის ობიექტებს, მათ შორის თბოელექტროსადგურებს (ТЭЦ-5-ს, ТЭЦ-6-სა და ТЭЦ-4-ს) არ დაარტყამს. ამისგან დაზღვეული არავინაა. რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს არ წყვეტს. ახლა ხიდებზე თავდასხმებიც დაიწყო. ამიტომ ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ რუსული რაკეტები და დრონები ჩვენს თბოელექტროსადგურებს არ შეუტევენ.

ამ ობიექტების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობის გაზრდით. სხვა გამოსავალი არ არსებობს. მაგალითად, თბოელექტროსადგურების გარშემო რაიმე ტიპის დამცავი გარსის ან თავშესაფრის აშენებას აზრი არ ექნება, რადგან რუსეთს ამ ობიექტების გასანადგურებლად განმეორებითი იერიშების განხორციელებაც შეუძლია. ასეთ შემთხვევაში ქალაქის მოსახლეობის 50–60% შეიძლება გათბობის გარეშე დარჩეს.

კიევში მდებარე დარნიცკას თბოელექტროსადგური რუსული რაკეტების იერიშის შემდეგ. 2026 წლის თებერვალში განადგურდა.
კიევში მდებარე დარნიცკას თბოელექტროსადგური რუსული რაკეტების იერიშის შემდეგ. 2026 წლის თებერვალში განადგურდა.

ამ ვითარებაში ასევე აუცილებელია, კიევშიც გაიზარდოს მობილური საქვაბე დანადგარების რაოდენობა. ასე იქცევიან სუმიში, ზაპოროჟიესა და მიკოლაივში, სადაც ასეთი საქვაბეები ჯერ კიდევ გასული წლიდან მონტაჟდება. ამის გაკეთება აუცილებელი იყო და ახლაც აუცილებელია.

ასევე საჭიროა კიევის მასშტაბით გაზის დგუშიანი დანადგარების დამონტაჟება, როგორც სითბოს სარეზერვო წყაროებისა. საქვაბეებზე იერიშების შემთხვევაში ეს დანადგარები ჩაირთვება და შესაბამისი ობიექტების აღდგენამდე სითბოს მიწოდებას უზრუნველყოფს.

- რას აკეთებენ ახლა კიევის მცხოვრებლები? ზამთარი უკვე ახლოვდება: აპირებენ ქალაქებიდან წასვლას თუ ემზადებიან?

ოლეგ პოპენკო: ყველა ისე ემზადება, როგორც შეუძლია. თუმცა გვესმის, რომ ზამთრისთვის მომზადება ძალიან ძვირი ჯდება. ისინი, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვთ და ვინც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში (ОСМД) არიან გაერთიანებული, მონაწილეობენ შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში. ეს პროგრამები მათ საშუალებას აძლევთ, გაამაგრონ და დაათბუნონ შენობები, შეიძინონ ელექტროენერგიის სარეზერვო წყაროები ლიფტებისა და სატუმბი სადგურებისთვის.

კერძო სახლების მცხოვრებლებიც გარკვეულწილად ამზადებენ საცხოვრებლებს. ზოგი გენერატორებს ყიდულობს. სამწუხაროდ, ყველა უკრაინელს ამის საშუალება არ აქვს. მაგრამ ისინი, ვისაც შეუძლიათ, მაქსიმალურად ემზადებიან. უკრაინას მძიმე ზამთრის გადატანის გამოცდილება აქვს - როგორც 2022 წლის, ისე 2023 წლის ზამთრის. ენერგეტიკულ ობიექტებზე მაშინაც ხორციელდებოდა დარტყმები და ზოგიერთ ოლქში ელექტროენერგია ზოგჯერ 18-20 საათის განმავლობაში არ იყო.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG