რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რუსლან ცალიკოვი დაკავებულია საბიუჯეტო სახსრების მითვისების მიზნით დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნის საქმეზე. არმიის გენერალი ცალიკოვი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუს უახლოესი თანამებრძოლი და რიგით მეოთხე მოადგილეა, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ რუსლან ცალიკოვი ბრალდებულია სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და ფულის გათეთრების 12 ეპიზოდში, ასევე ქრთამის აღების ორ ეპიზოდში.
გამოძიების ვერსიით, ცალიკოვმა შექმნა დანაშაულებრივი გაერთიანება, რომლის წევრები 2017–2024 წლებში ბიუჯეტიდან ფულს იპარავდნენ და შემდეგ ათეთრებდნენ მას. გაზეთ „კომერსანტის“ წყაროების თანახმად, საქმე ეხება რუსეთის არმიის მომარაგებას ფასების ხელოვნური გაზრდით, რაშიც ჩართული იყო კომპანია „ვოენტორგი“. გამოძიების ვერსიით, გენერალ ცალიკოვის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფი მიღებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ახდენდა უძრავ ქონებაში ინვესტირებით. სახელმწიფოსთვის მიყენებული საერთო ზარალი დაახლოებით 6,6 მილიარდ რუბლად ფასდება. გამოძიება მიიჩნევს, რომ ცალიკოვმა ასევე აიღო ქრთამი 2019 და 2020 წლებში იმ კომპანიების წარმომადგენლებისგან, რომლებიც აწარმოებდნენ კვლევით სამუშაოებს თავდაცვის სამინისტროსთვის.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური ინფორმაცია: რუსლან ცალიკოვი, რომელიც 2026 წლის 5 მარტს ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვის საქმეზე დააკავეს, ეჭვმიტანილია დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნაში, რომლის წევრები 2017–2024 წლებში (მისი თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში) ბიუჯეტის სახსრების მითვისებით იყვნენ დაკავებული. მას ასევე ბრალი ედება ფულადი სახსრების ლეგალიზაციაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 174.1 მუხლის მე-4 ნაწილი), გაფლანგვის 12 ეპიზოდში (160-ე მუხლის მე-4 ნაწილი) და ქრთამის აღების ორ ეპიზოდში (290-ე მუხლის მე-6 ნაწილი).
გამოცემა „კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ცალიკოვმა დანაშაული არ აღიარა, თუმცა მზადყოფნა გამოთქვა, სიმართლის დასადგენად ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან.
შოიგუსაც მიაკითხავენ?
გამომძიებელი ჟურნალისტი და ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის (ФБК) წარმომადგენელი სერგეი ეჟოვი ჯერ კიდევ 2024 წელს ამბობდა „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომ სერგეი შოიგუს შესაძლო დაპატიმრებას (თანამდებობიდან ახალი გადაყენებული იყო) მას შემდეგ დაიჯერებდა, რაც მის მარჯვენა ხელს, რუსლან ცალიკოვს, მიაკითხავდნენ.
„ცალიკოვს მიაკითხეს“, - დაწერა Facebook-ში სერგეი ეჟოვმა, - ცალიკოვზე გამოძიება გვქონდა ჩატარებული. აღმოვაჩინეთ, რომ მან მოპარული ქონება - ბიზნესცენტრებში მდებარე ფართები და მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ღირებულება ერთ მილიარდ რუბლს აღემატება - საკუთარ შვილებზე გადააფორმა. ცალიკოვი შოიგუს მთავარი თანამებრძოლი და მისი კორუფციული სქემების ერთ-ერთი მთავარი კოორდინატორია”.
არმიის გენერალი რუსლან ცალიკოვი ეჭვმიტანილია როგორც დანაშაულებრივი საზოგადოების შექმნაში, აგრეთვე კიდევ 12 დანაშაულში — გაფლანგვაში, ფულის ლეგალიზაციაში (გათეთრება), ქრთამის აღებაში და ა.შ. გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეები 2017 წლიდან 2024 წლამდე რეგულარულად იპარავდნენ ბიუჯეტის თანხებს და შემდეგ მათ ლეგალიზაციას ახდენდნენ.
“ეს იმას ნიშნავს, რომ ძარცვავდნენ ბიუჯეტს უკვე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროსაც, ხოლო არასაკმარისი დაფინანსების გამო ფაქტობრივად ხოცავდნენ ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს. არსებითად, ეს სახელმწიფო ღალატია”, - განაცხადა ლონდონში მცხოვრებმა იურისტმა, პოლიტემიგრანტმა და კომპანია “იუკოსის” ერთ-ერთმა ყოფილმა ხელმძღვანელმა დმიტრი გოლოლობოვმა:
“საინტერესოა, რომ ცალიკოვი რუსეთში ერთადერთი „არმიის გენერალია“ (უფრო მაღალი სამხედრო წოდება მხოლოდ „მარშალია“), რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ამ თვალსაზრისით, ის ასევე პირველია „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენის ყველა ხარისხის კავალერთა შორისაც. საერთო ჯამში, სრული კავალრების რაოდენობა ასზე ოდნავ მეტია (ბევრად ნაკლები, ვიდრე რუსეთის გმირებისა). ასეთი ჯილდოები ფაქტობრივად უზრუნველყოფდა იმუნიტეტს სისხლისსამართლებრივი დევნისგან. ამიტომ ცალიკოვის დაკავება დიდი პრეცედენტია და ეს, რასაკვირველია, ვერ მოხდებოდა „ბოლო ინსტანციის“ პირდაპირი მითითების გარეშე. საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე ცალიკოვის ყოფილი უშუალო უფროსი — სერგეი შოიგუ? ხომ არ უჭერს მას ორდენები და ეპოლეტები?“
ყველგან შოიგუს მოადგილე
რუსლან ცალიკოვი — ტუვის რესპუბლიკის უმაღლესი ხურალის დეპუტატი 2024 წლიდან; სერგეი შოიგუს ყოფილი მოადგილე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში (2012–2024), მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ადმინისტრაციაში (2012) და საგანგებო სიტუაციების სამინისტროში (2000–2012). 2026 წლის მარტში ცალიკოვი დააკავეს ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვის საქმეზე;
დაიბადა 1956 წლის 31 ივლისს ქალაქ ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი). 1978 წელს მიიღო ეკონომისტის დიპლომი ჩრდილოეთ ოსეთის კ. ხეთაგუროვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1983 წელს დაამთავრა მოსკოვის გ. პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1983–1987 წლებში აკადემიურ საქმიანობას აგრძელებდა ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გაიარა გზა შრომის ეკონომიკის კათედრის ასისტენტიდან ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილემდე. 1987 წელს ცალიკოვი გადავიდა სამუშაოდ ავეჯის საწარმოო გაერთიანება „კაზბეგში“. 1989 წლიდან მუშაობა დაიწყო ჩრდილოეთ ოსეთის ფინანსთა სამინისტროში, ხოლო 1990 წელს უკვე ამ უწყების ხელმძღვანელია.
1994 წელს რუსლან ცალიკოვი დაინიშნა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსად. ეს ის დროა, როცა სამინისტროს სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობს. 2000 წელს ცალიკოვი უკვე შოიგუს - სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის მინისტრის - მოადგილეა, ხოლო 2007 წლიდან - პირველი მოადგილე.
2012 წლის მაისში სერგეი შოიგუ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის წარდგენით მოსკოვის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. სულ მალე მოსკოვის ოლქის ადმინისტრაციაში გადავიდა ცალიკოვიც, რომელმაც ვიცე-გუბერნატორის სავარძელი დაიკავა.
თუმცა პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნებულმა ვლადიმირ პუტინმა სერგეი შოიგუ კვლავ მთავრობაში გადაიყვანა და თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩააბარა. თავდაცვის სამინისტროში გადავიდა ცალიკოვიც, რომელიც 2015 წლამდე იყო შოიგუს მოადგილე, 2015 წლის შემდეგ კი - პირველი მოადგილე. ამ თანამდებობაზე კურირებდა ჯარების განთავსების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ქონების მართვის, სასამართლო-სამართლებრივი საქმიანობის, ფინანსური კონტროლის, შეიარაღებული ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის, საინფორმაციო პოლიტიკისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებს.
საბედისწერო საკადრო ცვლილება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში რადიკალური ცვლილება მოხდა 2024 წელს, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ. 2024 წლის მაისში ვლადიმირ პუტინმა, პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩევის შემდეგ, სერგეი შოიგუ მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ შეიყვანა, იმავე წლის ივნისში კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ანდრეი ბელოუსოვი, ხოლო თავდაცვის ყოფილი მინისტრი შოიგუ გადაიყვანეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე.
2024 წლის 17 ივნისშივე პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შოიგუს ოთხი ყოფილი მოადგილე, მათ შორის ცალიკოვიც. ბელოუსოვმა გათავისუფლებულ მოადგილეებს (ტიმურ ივანოვი, დმიტრი ბულგაკოვი, პაველ პოპოვი, რუსლან ცალიკოვი) მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში, თუმცა მალე ოთხიდან სამი მოადგილე განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდა:
ტიმურ ივანოვი – თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2016–2024 წლებში. ზედამხედველობდა სამხედრო ობიექტების მშენებლობასა და რეკონსტრუქციას, ასევე არმიისთვის შესყიდვებს. ივანოვი პირდაპირ სამუშაო კაბინეტში დააკავეს 2024 წლის აპრილში. გამოძიებამ მას ერთდროულად რამდენიმე ბრალდება წაუყენა: 200 მილიონი რუბლის გაფლანგვა ქერჩის გადასასვლელისთვის ბორნების შეძენისას; ბანკ „ინტერკომერცის“ სახსრების 3 მილიარდ რუბლზე მეტის მითვისება; 1 მილიარდ 185 მილიონი რუბლის ქრთამის მიღება. ჩხრეკების დროს დაყადაღებულია კატარღა, ათობით ავტომობილი, მოტოციკლები და სხვა ქონება. 2025 წლის 1 ივლისს სასამართლომ ტიმურ ივანოვს 13 წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გაფლანგვისა და დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალიზაციის ორ ეპიზოდზე [ქრთამის საქმეზე მის მიმართ გადაწყვეტილება ჯერ არ არის გამოტანილი].
დმიტრი ბულგაკოვი – თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2008–2022 წლებში, არმიის გენერალი. პასუხისმგებელი იყო არმიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. დაკავებულია 2024 წლის ზაფხულში განსაკუთრებით დიდი ოდენობის თაღლითობის ბრალდებით. სასამართლომ 180 მილიონი რუბლის ღირებულების ქონებაზე დაადო ყადაღა.
პაველ პოპოვი – თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2013–2024 წლებში. კურირებდა თავდაცვის მართვის ეროვნულ ცენტრს, IT-სისტემებსა და ინოვაციურ პროექტებს. გამოძიება მიიჩნევს, რომ 2021–2024 წლებში მან და მისმა თანამზრახველებმა პარკი „პატრიოტი“ პირადი გამდიდრებისთვის გამოიყენეს. პოპოვსა და მის ოჯახს აღმოუჩინეს 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კრასნოგორსკში და უძრავი ქონება მოსკოვში, მოსკოვის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში — საერთო ღირებულებით 500 მილიონ რუბლზე მეტი.
რაც შეეხება რუსლან ცალიკოვს. 2024 წლის სექტემბერში ცალიკოვი აირჩიეს ტუვის - შოიგუს მშობლიური რეგიონის - პარლამენტის (დიდი ხურალის) წევრად. ცალიკოვს ასევე განიხილავდნენ რესპუბლიკისგან სენატორობის კანდიდატად, თუმცა ამ თანამდებობაზე საბოლოოდ არ წარადგინეს, სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო.
“შოიგუ ყველანაირად ცდილობდა ცალიკოვის გადარჩენას, - დაწერა BBC-ს რუსული სამსახურის თანამშრომელმა ილია ბარაბანოვმა, - ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი ცალიკოვი შოიგუმ თავის მშობლიურ ტუვაში გაგზავნა, სადაც იგი ადგილობრივი პარლამენტის („უმაღლესი ხურალის”) დეპუტატად აირჩიეს, საიდანაც ფედერაციის საბჭოს წევრი უნდა გამხდარიყო, თუმცა მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა: ცალიკოვის პოზიციები რომ მყარი არ იყო და რომ შესაძლებელი იყო შოიგუს მფარველობაც ვერ დახმარებოდა, უკვე 2024 წლის სექტემბერში გახდა ნათელი. მაშინ ტუველმა დეპუტატებმა საერთოდ არ განიხილეს ცალიკოვის მოსკოვში გადაყვანის საკითხი და საბოლოოდ ის სენატში არც აურჩევიათ”.
2025 წლის იანვარში სააგენტო ТАСС-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცალიკოვმა „დეტალური“ და „მამხილებელი“ ჩვენებები მისცა გაფლანგვის საქმეზე, რომელშიც მისი ყოფილი კოლეგა, გენერალი ტიმურ ივანოვი, ფიგურირებდა.
ილია ბარაბანოვის თქმით, ცალიკოვის დაპატიმრება შოიგუსთვის სერიოზული დარტყმაა.
“რუსლან ცალიკოვი სერგეი შოიგუს მეოთხე ყოფილი მოადგილეა, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა. ამასთან, ცალიკოვი შოიგუს ყველაზე ერთგული და ახლო თანამებრძოლია. მისი დაპატიმრება იმას ნიშნავს, რომ თავად სერგეი შოიგუს პოზიციებიც, - მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც იკავებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს, - ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეირყეს”, - ამბობ ილია ბარაბანოვი.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანდრეი პივოვაროვიც ამბობს, რომ ცალიკოვი ბოლო საფეხურია შოიგუსკენ მიმავალ გზაზე:
“ყველა, ვინც შოიგუს ქვემოთ იყო, ან უკვე ციხეშია, ან ქონება ჩამოართვეს. ახლა მთავარი კითხვა ისაა, შეეხებიან თუ არა თავად შოიგუს. არჩევნების წინ მისი მსხვერპლად გაღება საკმაოდ პოპულარული ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა შესაძლოა ტაიგაში პუტინთან ერთად თევზაობამ მაინც შეუნარჩუნოს იმუნიტეტი“.
რუსმა ჟურნალისტებმა კრემლის წარმომადგენელს, დმიტრი პესკოვს, ჰკითხეს, მიეცა თუ არა „მწვანე შუქი“ სამართალდამცავ სტრუქტურებს მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ მოქმედებისთვის?
„არასდროს ყოფილა წითელი შუქი. სამართალდამცავები მუშაობენ, აკეთებენ თავიანთ საქმეს“, - განაცხადა პესკოვმა.
ფორუმი