სხვადასხვა დონის სამხედრო მეთაურებისთვის ასევე გაფართოვდა არაფორმალური გამდიდრების შესაძლებლობები - როგორც პროტექციონიზმის (მფარველობა სამსახურში დაწინაურებისას), ასევე წვრილი და მსხვილი „მოსაკრებლების“, „შესაწირების“ გამოძალვის გზით. როგორ არის მოწყობილი ჩრდილოვანი ეკონომიკა რუსი გენერლების გარემოში, ამის შესახებ შეიტყობთ რადიო თავისუფლების პროექტების „სხემისა“ და „სისტემის“ ჟურნალისტური გამოძიებიდან.
ნაწილი 1. რამდენს გამოიმუშავებენ ოფიციალურად რუსეთის არმიის მეთაურები
ნაწილი 3. რატომ უხდიან მეთაურები სხვა მეთაურებს - და რას იწვევს ეს
ნაწილი 4. სად ასაქმებენ ხელმძღვანელები ნათესავებს
ნაწილი 5. ვინ წყვეტს რუსი გენერლების საბინაო საკითხს
შესავალი
„ომი ომად, მაგრამ ფული არ დაგავიწყდეს. მოაგროვე შენთვის. მოაგროვე, დაზოგე, ოღონდ ნუ გამო**ევდები. მერე წაშალე ეს შეტყობინება.“
ასეთი „რეჩიტატივით“ ასწავლიდა 2023 წლის ნოემბერში რუსეთის შეიარაღებული ძალების 42-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი რომან დემურჩიევი ცხოვრებას თავის თანამებრძოლსა და შემცვლელს, ამავე დივიზიის შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ალექსანდრ საინკოს.
უცნობია, გაითვალისწინა თუ არა საინკომ შეტყობინების წაშლის რჩევა, მაგრამ თვითონ დემურჩიევმა საკუთარი გზავნილი შეინახა.
ეს რეკომენდაცია, ისევე როგორც რომან დემურჩიევის 2022–2024 წლებით დათარიღებული ათიათასობით სხვა შეტყობინება, ფოტო და ვიდეო, საგამოძიებო პროექტ „სხემას“ მიაწოდა წყარომ უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან.
ეს ტექსტი სპეციალური პროექტის ნაწილია, რომელიც რომან დემურჩიევის მიმოწერის მასივის შესწავლას ეფუძნება.
წინა ჯერზე „სისტემამ“ და "სხემამ" აღწერეს, როგორ ხდება სამხედრო ტყვეების წამების წახალისება რუსეთის არმიის ხელმძღვანელობაში.
ახალი ტექსტი ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ არის მოწყობილი რუსეთის ჯარში საშუალო სამეთაურო რგოლის ეკონომიკა და როგორ გამოიმუშავებენ გენერლები ფულს.
ნაწილი 1. რამდენს გამოიმუშავებენ რუსი სამხედრო მეთაურები
რუსეთის არმიაში საშუალო და უმაღლესი სამეთაურო რგოლის ხელფასების დონეზე საჯაროდ ცოტა რამ არის ცნობილი: 2022 წლიდან აღარ ქვეყნდება თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ფუნქციონერთა ისედაც მცირერიცხოვანი დეკლარაციები, ხოლო არმიის ხელფასების ტარიფის ბადეები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მეთაურები რიგით კონტრაქტორებზე ნაკლებს იღებენ. თუმცა, როგორც საგამოძიებო პროექტმა გაარკვია, რეალურად ომის პერიოდში რუსი სამხედრო მეთაურები საკმაოდ სოლიდურ თანხებს იღებენ.
49 წლის გენერალმა რომან დემურჩიევმა, თავისი ასაკისთვის საკმაოდ წარმატებული სამხედრო კარიერა გაიკეთა. ყაზანის მკვიდრმა დემურჩიევმა დაამთავრა რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი — ელიტური სასწავლო დაწესებულება მედესანტეებისა და დაზვერვის ოფიცრების მოსამზადებლად. მსახურობდა ჩეჩნეთში.
2022 წლისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისისთვის, დემურჩიევი უკვე პოლკოვნიკის წოდებას ატარებდა და 136-ე მოტომსროლელ ბრიგადას ხელმძღვანელობდა.
ასეთ თანამდებობაზე „შიშველი“ ხელფასი საკმაოდ მცირეა — დაახლოებით 35 ათასი რუბლი (2022 წლის საშუალო კურსით დაახლოებით 500 აშშ დოლარი). თუმცა რეალური შემოსავალი გაცილებით მეტია საბრძოლო, წოდების და სტაჟის სარგოების და სხვა დანამატების შეკრების ხარჯზე.
დემურჩიევის საშუალო შემოსავალზე შეიძლება ვიმსჯელოთ მისი მეუღლის, ალექსანდრას შეტყობინებებიდან: 2022 წლიდან ის საგულდაგულოდ იწერდა ყველა ჩარიცხვას, რომელიც ქმრის ბარათზე შედიოდა, და ამ ჩანაწერებს მას [ქმარს] უზიარებდა.
ბრიგადის მეთაურის რანგში, დემურჩიევმა ომში ერთ თვეზე ოდნავ მეტი გაატარა - 2022 წლის თებერვლის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე. მარტში ხელფასის სახით მან მიიღო 156 ათასი რუბლი, რაც, იმ თვის საშუალო კურსით, დაახლოებით 1 500 აშშ დოლარი.
სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდში დემურჩიევი დაწინაურდა - 2022 წლის გაზაფხულზე იგი 42-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაურად დაინიშნა. რამდენჯერმე გაიზარდა მისი შემოსავალიც: 2023 წლის მარტში პოლკოვნიკმა 662,3 ათასი რუბლი მიიღო (ცოლი მას საბანკო ანგარიშის ამონაწერებს უგზავნიდა).
რომან დემურჩიევის შემოსავლების ამონაწერი 2023 წლის ნოემბრისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთიანი საანგარიშო ცენტრიდან. ცნობაში დეტალურადაა გაწერილი ყველა დანამატი, რომელთა ჯამითაც ყალიბდება გენერლის ხელფასი.
რამდენს იღებს ომში მყოფი რუსი გენერალი - თვეში 500 000 რუბლზე მეტი - რუსეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა. შედარებისთვის: რუსეთის არმიასთან კონტრაქტის გამფორმებელი რიგითი სამხედროების საშუალო თვიური ანაზღაურება დაახლოებით 200 ათასი რუბლია (2023 წლის 10 მარტის კურსით დაახლოებით 2 600 აშშ დოლარი). 2023 წლის მარტში რუსეთში საშუალო ხელფასი 71,3 ათას რუბლს შეადგენდა (დაახლოებით 940 დოლარი). დემურჩიევის მიმოწერებში აღმოჩენილი სხვა საბანკო ამონაწერიდან ჩანს, რომ 2023 წლის ნოემბერში მან ჯამში 551 ათასი რუბლი (დაახლოებით 6 200 დოლარი) მიიღო.
დემურჩიევის კარიერა აღმავლობით ვითარდებოდა: 2023 წლის ივნისში ვლადიმირ პუტინის ბრძანებით მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მალე გენერალი გენშტაბის სამხედრო აკადემიაში (ВАГШ) ჩაირიცხა და ნოემბერში სასწავლებლად გაემგზავრა მოსკოვში (დროებით დატოვა დივიზიის მეთაურის თანამდებობა). სამხედრო მეთაურის მეუღლე და ორი შვილი ვოლგოგრადის ოლქის პატარა ქალაქ კამიშინში აგრძელებდნენ ცხოვრებას; ოჯახი მოსკოვში ახალი ბინის შესაძენად ფულს აგროვებდა.
მოსკოვი დემურჩიევისგან დიდ ხარჯებს მოითხოვდა, რასაც ის არაოფიციალური წყაროების ხარჯზე ფარავდა. მიმოწერიდან ჩანს, რომ გენერლის გარემოცვაში ეს უჩვეულოდ არ ითვლებოდა.
ნაწილი 2. საიდან აქვთ არაოფიციალური შემოსავლები რუს სამხედროებს და როგორ არჩენდა პრაპორშჩიკი გენერალს
რუსეთის არმიაში თითქმის ნებისმიერი სახის სამსახურის გაწევა შეიძლება იქცეს ვაჭრობისა და კორუფციის საგნად. არაფორმალური შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი გზა, განსაკუთრებით კავშირების მქონე პირისთვის, არის სხვების დანიშვნაში ხელშეწყობა.
„მოსკოვი მძაბავს. მტვერსასრუტი“, — ასე ჩიოდა 2024 წლის ზაფხულში რომან დემურჩიევი დედაქალაქში ცხოვრების სიძვირეზე თავის ყოფილ ადიუტანტთან, 136-ე ბრიგადის უფროს პრაპორშჩიკთან, მაგომედრასულ ბიისოლთანოვთან (მოსახმობი ნიშანი „რასული“).
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის გენშტაბის სამხედრო აკადემიის მსმენელი რომან დემურჩიევი ოფიციალურად აღარ ხელმძღვანელობდა არც 136-ე ბრიგადას და არც 42-ე დივიზიას, ის ყოფილ ხელქვეითთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა.
რასული დიდი ხნის განმავლობაში აგვარებდა მეთაურის ყველა საყოფაცხოვრებო საკითხსა და წვრილ დავალებას: მაგალითად, იღებდა დემურჩიევის ბინის მრიცხველების ჩვენებებს. ერთხელ კი აბანოში ეძებდა საცვალს, რომელიც პროკურატურის თანამშრომელს დაეკარგა.
ვიდეო: საცვლის გამოხსნის ოპერაცია
— აბა, მისმინე, — აუჩქარებლად უხსნიდა დემურჩიევი ხმოვან შეტყობინებაში. — პოლკოვნიკი პილიჯანიანი. პროკურორია. აბანოში რომ იორთქლებოდა, სადღაც იქვე დარჩა თავისი საცვლები. ტვინი გამომიჭამა უკვე. უნდა ვიპოვოთ ეს საცვლები და როგორმე დავუბრუნოთ. მხოლოდ შენ გენდობა, სხვას არავის <...>.
— ამხანაგო გენერალო, ჯანმრთელობას გისურვებთ, — უპასუხა რასულმა. — გავიგე. მითხრა იმ საცვლებზე. ვუპასუხე: „პაკეტში ჩავდე და საკიდზე დავკიდე“. მაგრამ მეორე დღეს, როცა გავდიოდი, პაკეტში, რომელიც საკიდზე დავტოვე, აღარაფერი იყო. ვიფიქრე, რომ მან წაიღო. არ ვიცი, როგორ ვკითხო. შეიძლება გოგონებმა გადააგდეს, არ ვიცი. მე სათუთად დავდე <...>.
— ჰოდა, ასეც უთხარი: ეკიდა და ახლა აღარ არის, ვიფიქრე, რომ თქვენ წაიღეთო. შეიძლება დამლაგებელმა გადააგდო, შეიძლება რომელიმე ჯარისკაცმა აიღო დასუფთავებისას. პირდაპირ ასე უპასუხე. რა მოხდა, საცვლებია, ძალიან დიდი დანაკარგიც არ არის. წავიდეს და იყიდოს. ოღონდ დაურეკე, რომ არ იფიქროს, თითქოს მე გადავაგდე.
რასული ყოფილ მეთაურს მხოლოდ წვრილმანებში არ ეხმარებოდა. მიმოწერიდან ჩანს, რომ ის პერიოდულად დემურჩიევს ფულსაც უგზავნიდა.
ამასთან ყოველ ჯერზე საუბარი იყო ერთსა და იმავე თანხაზე - 100 ათას რუბლზე (2024 წლის მარტის კურსით დაახლოებით 1 100 აშშ დოლარი). „100 გამოგიგზავნე?“, „სრულიად უფულოდ ვარ, 100 ჩამირიცხე“, „100 მჭირდება“ — ასეთი თხოვნებით დემურჩიევი არაერთხელ მიმართავდა ყოფილ ადიუტანტს.
60 წლის პრაპორშჩიკი გენერალ-მაიორს უსასყიდლოდ არ „ეხმარებოდა“. მიმოწერიდან ჩანს, რომ ეს ერთგვაროვანი გადარიცხვები შესაბამის მომსახურებას უზრუნველყოფდა: დემურჩიევს უნდა უზრუნველეყო რომელიმე სამხედრო მოსამსახურის ერთი პოზიციიდან მეორეზე გადაყვანა.
2024 წლის ივნისში დემურჩიევმა რასულს ასეთი ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა:
„რასულ, „ასიანი“ მჭირდება. რამე მოიფიქრე. კბილების ფული მაქვს გადასახდელი. საერთოდ ფული არ მაქვს, ამის დედაც... ბარათზე ორი ათასია. კატასტროფაა. ბენზინი მელევა. ტელეფონზე ფული არ მაქვს. დედა მაქვს ... ბარათზე ორი რუბლი დარჩა. ტრ..კენაა საქმე. სრული კრახია. ტიმოფეევიც დამიკავშირდა — ვორონეჟში მიფრინავს გამოკვლევებზე, დახმარება მთხოვა. მოკლედ, სრული დედის ტ...ნა მაქვს. მთელი იმედი შენზეა... შენ გადაარჩენ სამყაროს“.
პასუხად რასულმა გაუგზავნა შეტყობინება ეფრეიტორ ისლამ ადილხანოვის თხოვნით, რომელიც იმ დროს ასეულის უფროსი მსროლელი იყო: მას სურდა გადასვლა სარემონტო ასეულში ან კავშირგაბმულობის ბატალიონში.
გენერალს არც სამხედრო მოსამსახურის თვისებებზე უკითხავს და არც გადაყვანის მიზეზებზე. მან საპასუხოდ უკვე სხვა მეთაურის მიერ ხელმოწერილი განკარგულება და ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა:
„რასულ, კავშირგაბმულობის ბატალიონის მეთაურს დაველაპარაკე, მზად არის მიიღოს. აი ამონაწერი, ყველაფერი მზადაა. აბა, ძმაო, ველოდები. ჩემი ბარათი ცარიელია. სრული ტრა...ია. წარმოიდგინე, მოსკოვში ცარიელი ბარათით ვარ. “.
რასულმა უპასუხა, რომ საკითხს მალე „მოაგვარებდა“, მაგრამ პირობით: „მთავარია, სუნი არ დატრიალდეს“. მათ კიდევ ერთხელ დააზუსტეს, რომ საუბარი 100 ათას რუბლზე იყო.
იმავე დღეს რასულმა კიდევ ერთი განაცხადი გაუგზავნა: რიგითი აზამატ არისტანოვი ითხოვდა გადასვლას უზრუნველყოფის ასეულში და თანამდებობის დაქვეითებაზეც თანახმა იყო.
რასულმა დაამატა, რომ ეს „მეორე ასიანი“ იყო.
რა ღირს „საჭირო გადაწყვეტილება” რუსეთის არმიაში - კადრებთან დაკავშირებული ქრთამები რუსეთის არმიაში იშვიათობა არ არის. სასამართლო გადაწყვეტილებების ბაზებში ათასობით მსგავსი საქმე ფიქსირდება. ქრთამის მოცულობა 10 ათასი რუბლიდან ერთ მილიონ ლარამდე მერყეობს. მაგალითად, 2023 წლის თებერვალში კონტრაქტით დაქირავებულმა ჯარისკაცმა, დმიტრი უგოლნიკოვმა თავისი მეთაურისგან მიიღო შეთავაზება, რომ 10 ათასი რუბლის სანაცვლოდ, არ შეიყვანდა ფრონტზე გასაგზავნთა სიაში. მობილიზებულმა ალექსეი სიდეროპულომ 100 ათასი რუბლი გადაუხადა ბატალიონის მეთაურს, რათა უკრაინაში ომში არ გაეგზავნათ. ხოლო სამხედრო მოსამსახურე ივან სოტნიკმა 2024 წელს 1 მილიონი რუბლი გადაიხადა, სავარაუდოდ, ასევე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისგან თავის დაღწევის მიზნით.
როგორც გენერალ დემურჩიევის მიმოწერიდან გახდა ცნობილი, სამხედრო მეთაურები თანხებს მხოლოდ რიგითებისგან და მხოლოდ საკადრო საკითხებისთვის არ იღებენ.
ნაწილი 3. რატომ უხდიან ფულს მეთაურები სხვა მეთაურებს - და რას იწვევს ეს
სამხედრო მეთაურები ფულს იღებენ რიგითებისგან, თვითონ მეთაურები ფულს აძლევენ უფრო მაღალი რანგის მეთაურებს. ამგვარი ნებაყოფლობით-იძულებითი „დახმარებით“ მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა გენერალი ივან პოპოვი — ჯერ 58-ე არმიის სარდლის პოსტზე, შემდეგ კი სხვა თანამდებობაზეც (აგრძელებდა „საჩუქრების“ მიღებას). საბოლოოდ პოპოვი გაასამართლეს, თუმცა არა ამის გამო. მისი თანამოაზრეები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ და შიშობდნენ კიდეც, რომ მას შესაძლოა ნავალნის ბედი გაეზიარებინა.
გენერალ დემურჩიევის მიმოწერებიდან ჩანს, რომ სხვადასხვა დონის სამხედრო მეთაური ერთმანეთს რეგულარულად ურიცხავდნენ თანხებს - ერთ ჯერზე რამდენიმე ათეულ ათას რუბლს. ზოგჯერ ეს მეგობრული დახმარების ფორმას ატარებდა, ზოგჯერ კი — ნებაყოფლობით-იძულებით შეკრებას.
საბოლოოდ, ამ სამხედრო-ფინანსურმა ურთიერთობებმა დემურჩიევი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო სამმართველოში დაკითხვამდეც მიიყვანა. თუმცა იქ მას პასუხს სხვა გენერლის — 58-ე საერთო-საჯარისო არმიის ყოფილი სარდლის, ივან პოპოვის, ანუ მისი ყოფილი უფროსის — გამო სთხოვდნენ.
ივან პოპოვის (მოსახმობი ნიშანი „სპარტაკი“) სახელი ფართოდ გახდა ცნობილი 2023 წლის შუა პერიოდში. სწორედ პოპოვი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც პასუხს აგებდა 2023 წლის ზაფხულში, ზაპოროჟიეს ოლქში, უკრაინის კონტრშეტევის მოგერიებაზე.
48 წლის გენერალ-მაიორის წარმატებული კარიერა სწორედ მაშინ განადგურდა ბევრისთვის მოულოდნელად. 2023 წლის ივლისში პოპოვი 58-ე არმიის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი თანამოაზრეების თვალში პოპოვი „სიმართლისთვის“ დაისაჯა: ინტერნეტში გავრცელებულ აუდიო მიმართვაში ის ამტკიცებდა, რომ თანამდებობა გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვისთვის გაკეთებული არასასურველი მოხსენების გამო დაკარგა. მისი თქმით, მან ხელმძღვანელობას ჯარისკაცების მასობრივი დაღუპვისა და საბრძოლო მასალის დეფიციტის შესახებ მოახსენა, რის საპასუხოდაც გერასიმოვმა პანიკის დათესვაში დასდო ბრალი და თანამდებობიდან გადააყენა.
გენერალი პოპოვი სირიაში გაგზავნეს, თუმცა თავის ყოფილ ხელქვეითთან, რომან დემურჩიევთან, მჭიდრო კონტაქტი არ გაუწყვეტია: შეტყობინებებში, რომლებიც ხელში ჩაუვარდა უკრაინის მხარეს, რუსი გენერლები მკაცრად აკრიტიკებდნენ თავიანთი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას.
- 29 ივლისი, 2023 წელი:
რომან დემურჩიევი: ლიამინი ღრიალებს, ისტერიკაშია. მხოლოდ ხელს გვიშლის და ნევროზულ გარემოს ქმნის. შეგვიტ...ნა ხელში, ნაძირალამ.
ივან პოპოვი: ჩვარი.
რ.დ.: გუშინ 21:00-ზე დარეკა დემჩენკომ, გენშტაბის უფროსმა, და 02:30-ზე — იმანაც 👆
ი.პ.: იდიოტი. დემჩენკო უვარგისია.
- 6 აგვისტო, 2023 წელი:
რ.დ.: სერდიუკოვთან როგორ გაქვთ საქმე? ისიც ნაძირალაა.
ი.პ.: კაპლიი — რეგვენი პირუტყვია. საცობივით სულელია, მაგრამ მთელი დაჯგუფების შტაბის უფროსია. ეს უკვე კატასტროფაა.
რ.დ.: 😳😳😳 სრული კატასტროფა! კაპლიი — სიბლაგვისა და იდიოტიზმის ეტალონია!
ი.პ.: ვინ გვმართავს საერთოდ? დებილების, ლაქიების და მშიშარა მოღალატეების არმია.
რ.დ.: სერდიუკოვი და კაპლიი — ამპარტავანი დებილების სენდვიჩი.
დემურჩიევი მეგობარს ფრონტზე არსებულ სირთულეებზე უჩიოდა, პოპოვი კი — სირიაში მოწყენილობაზე. დემურჩიევი პოპოვს უკრაინის ფრონტიდან დასისხლიანებული სხეულებისა და მოწყვეტილი კიდურების ფოტოებს უგზავნიდა, პოპოვი კი გრილზე შემწვარი დორადოს ფოტოთი უპასუხებდა.
თუმცა რუსი გენერლის საქმე სირიაში გაგზავნით არ დასრულებულა. 2023 წლის დეკემბრიდან დემურჩიევი კოლეგებთან განიხილავდა, როგორ იბარებდნენ დაკითხვაზე ამა თუ იმ სამხედრო მეთაურს „რაღაც ლითონის“ საქმეზე. მალე დაკითხვაზე თავად დემურჩიევიც დაიბარეს.
„ძალიან მაწვებიან. <...> ცუდი სუნი ასდის, სერიოზული საფრთხეა“, — წერდა ჩვენების მისაცემად მოსკოვში დაბრუნებული პოპოვი დემურჩიევს 2024 წლის მარტის ბოლოს.
ინტუიციამ არ უღალატა. 2024 წლის 17 მაისს გენერალი პოპოვი განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობის ბრალდებით დააკავეს: გამოძიების ვერსიით, პოპოვი მონაწილეობდა ზაპოროჟიეს ოლქში 1700 ტონაზე მეტი ისეთი მეტალონაკეთობის მითვისებაში, რომლებიც თავდაცვითი ნაგებობების ასაშენებლად იყო საჭირო. თავად პოპოვი ბრალდებებს უარყოფდა.
კითხვები გაჩნდა მის ყოფილ დაქვემდებარებულთანაც. აი, როგორ აღწერდა დემურჩიევი 2024 წლის ივნისში საკუთარ საუბარს გამოძიებასთან:
„უფროსი გამომძიებელი მეკითხება: თქვენ პოპოვს ფულს ურიცხავდით? მე: არ მახსოვს, როდის იყო? — ერთი წლის წინ. — არ მახსოვს. — ის კი: აი სამარინის ჩვენება [პოლკის მეთაური], ამბობს, რომ თქვენ გაეცით ბრძანება. ვეუბნები: მისმინე, მე გენერალი ვარ, ასე როგორ მელაპარაკები? ტონი დაუწიე, სირო, კიდევ დაუწიე, ჩემთან ნაზად უნდა ილაპარაკო. კალამი დააგდო. <...> გამომძიებელი: ტვინს მოგიხნავთ. მე: ახლავე ჩამსვით, თქვენი დედაც, პირდაპირ ახლა დამიჭირეთ, თქვენი... “.
დემურჩიევის მიმოწერებიდან ჩანს, რომ გამომძიებლის კითხვა უსაფუძვლო არ ყოფილა: პოპოვის ბევრი ყოფილი და მოქმედი კოლეგა მას რეგულარულად ურიცხავდა თანხებს.
თვითონ დემურჩიევს გენერალი პოპოვი პერიოდულად სთხოვდა „ორასამდე“ ათას რუბლს, რაც ასევე მათი ჩატებიდან ირკვევა. სხვა კოლეგასთან (90-ე სატანკო დივიზიის მეთაურ ალექსანდრ ნილოვთან) დემურჩიევი ჰყვება, რომ პოპოვს ექვსი წლის განმავლობაში ფინანსურად ეხმარებოდა. გენერალ-მაიორი ნილოვი ამბობს, რომ თავადაც კვირაში ერთხელ „სესხულობდა კომბოსტოს“ პოპოვისთვის.
დემურჩიევის მიმოწერებიდან ჩანს, რომ გენერლის მატერიალური მხარდაჭერა ყოველთვის ნებაყოფლობითი არ იყო.
მაგალითად, 2023 წლის ნოემბერში პოპოვმა 130 ათასი რუბლი (იმ დროის კურსით დაახლოებით 1 450 აშშ დოლარი) სთხოვა 42-ე დივიზიის შტაბის უფროსს, ალექსანდრ საინკოს (სახმობი ნიშანი „ქერჩი“). საინკომ არ იცოდა, საიდან მოეტანა ეს თანხა და ამის შესახებ დემურჩიევს ესაუბრა. დივიზიის მეთაურმა მარტივად აუხსნა ხელქვეითს, როგორ უნდა მოეგვარებინა პრობლემა: საინკოს ფული მოეთხოვა დივიზიის შემადგენლობაში მყოფი პოლკების მეთაურებისგან.
„უკვე დიდი ბიჭი ხარ, ასეთ რაღაცებს ხმამაღლა არ ამბობენ <...>, — აფრთხილებდა დემურჩიევი. — რიგი მოაწყვე. და თითოეულ პოლკის მეთაურს, მაგათი დედაც, ასეთი საქმეებისთვის გადაახდევინე. ახლა სალადინის რიგია. თუ გინდა, ამოცანას დავუსახავ. სერგეი ნიკოლაევიჩ, 130 „გადაიხადე“. პოლკის მეთაურისთვის 130 ათასი რა ჩემი ყ... <...> ყველა პოლკის მეთაური ყველაფერს ხვდება და ყველა მორჩილია“.
დემურჩიევის თქმით, პოპოვისთვის ფულზე უარის თქმა არ შეიძლებოდა — გენერალს შეეძლო წყენა გულში ჩაედო:
„შეიძლება არ გაწყენინოს, მაგრამ გულში ჩაიდებს. სწორედ მან გაგქაჩა ამ თანამდებობაზე. ჩვენთან ასეთი ცხოვრებაა“.
2023 წლის შემოდგომაზე პოპოვი ყოფილ ხელქვეითთან ჩიოდა, რომ „ცარიელ ხელფასზე დასვეს“ — ანუ დატოვეს იმ მრავალრიცხოვანი დანამატების გარეშე, რომლებიც რუსეთში სამხედრო მოსამსახურის ანაზღაურების ძირითად ნაწილს შეადგენს.
დემურჩიევმა 291-ე პოლკის მეთაურს, ევგენი მალიგინს, ხმოვან შეტყობინებაში ურჩია, გამომძიებლებისთვის ეთქვა, რომ ეს ფული უბრალოდ მეგობრული დახმარების სახით გროვდებოდა:
„ძმაო, მოსკოვში სამხედრო-საგამოძიებო სამმართველოში დამიბარეს პოპოვის საქმეზე, მკითხეს, ფულს ვაძლევდი თუ არა. შენც შეიძლება გკითხონ. <...> დაადგინეს, რომ ვაძლევდი. თუ გკითხავენ, უთხარი, სესხად კი არა, უბრალოდ დახმარების სახით აძლევდი <...> რატომ ვაძლევდით? იმიტომ, რომ ჩვენი ახლობელია, რატომ არ უნდა დავეხმაროთ, ფული გვაქვს, კარგად გვიხდიან“.
პროკურატურის ვერსიით, გენერალ პოპოვს ფული აზარტული თამაშებისთვის სჭირდებოდა. მათი მტკიცებით, სწორედ ამ ვნებამ უბიძგა მეტალონაკეთობების მითვისებისკენ.
როგორიც არ უნდა ყოფილიყო პოპოვის მიერ თანხების ხარჯვის მიმართულება, დაპატიმრების დროის გენერლის ოჯახს ფინანსური სირთულეები შეექმნა. პოპოვის მეუღლე, ელენა, დემურჩიევს ეუბნებოდა, რომ ავტოფარეხისთვის აღებულ სესხს ვერ ფარავდა. დემურჩიევმა კვლავ დაიწყო ნაცნობებში თანხების შეგროვება ყოფილი მეთაურის ცოლისა და შვილების დასახმარებლად - საუბარია დაახლოებით ერთი მილიონი რუბლის ოდენობაზე. ამასთან, პოპოვს 130 მილიონ რუბლზე მეტი თანხის მითვისებას ედავებოდნენ.
გენერალ პოპოვის არცთუ მდიდრული ცხოვრების წესმა და ავტოფარეხის ვალმა მის თანამოაზრეებში გააჩინა რწმენა, რომ პოპოვი „სიმართლისთვის“ დაისაჯა და, რომ მილიონების მითვისება უბრალოდ საქმის შესაკერად უნდოდათ.
დემურჩიევიც და ელენა პოპოვაც მიმოწერაში საქმეს „პოლიტიკურს“ უწოდებდნენ. გენერლის მეუღლეს, როგორც ჩანს, უკვე 2024 წელს არ ეპარებოდა ეჭვი რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზებში და შიშობდა, რომ მის ქმარსაც იგივე ბედი ელოდა.
— ნავალნიზე რომ წერენ, სისხლი მცივდება, — წერდა ელენა პოპოვა დემურჩიევს. — ნუთუ შეიძლება აქამდე მივიდეს საქმე?!
— ვერ ვხვდები, რა კავშირი აქვს სპარტაკს ნავალნისთან. რა შუაშია ნავალნი?
— რომ [პოპოვსაც] მოწამლავენ.
პოპოვს დიდხანს არ სჯეროდა, რომ ყველაფერი მართლა ხდებოდა მის თავს: „მაინტერესებს, მართლა შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ასეთი განუკითხაობა არსებობდეს? <...> ნუთუ ასე შეიძლება?“ — კითხულობდა ის 2024 წლის იანვარში.
დაპატიმრებამდე მიმოწერებში დემურჩიევი პოპოვს უყვებოდა, როგორ აქებდა მას სხვადასხვა გავლენიან ნაცნობებთან. თითქოს მას პირადად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელმა დაჰპირდა, რომ საქმე მოგვარდებოდა:
„სუფრასთან პირისპირ ვიჯექი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელთან. თქვენზე ველაპარაკე. ერთად დავლიეთ, — ჰყვებოდა დემურჩიევი ერთ-ერთ წვეულებაზე. — პირადად დამპირდა, რომ თქვენს საქმეზე ყველაფერი კარგად იქნებოდა. ვუთხარი, რომ თქვენ 58-ე არმიის ღმერთი ხართ“.
„დამპირდა, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა. მაგრამ არ გამოვიდა. იმიტომ რომ თვითონაც ისეთი დედამ...ულია, როგორიც სხვები“, — ასე აღწერდა მოგვიანებით დემურჩიევი ამ საუბრის შედეგს.
თავდაპირველად თითქოს თავად პოპოვიც იმედოვნებდა, რომ ყველაფერი დალაგდებოდა.
წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოხვედრისა და ბრალდებების მოსმენის შემდეგაც კი, გენერალი საჯაროდ ხუმრობდა: სასამართლოში ამბობდა, რომ „საგამოძიებო კომიტეტში მივლინებაში იმყოფებოდა“ და ჟურნალისტებს ორი თითით V ნიშნს უჩვენებდა.
თუმცა მალე პოპოვმაც დაიწყო შუამდგომლობის თხოვნა. გენერლის მეუღლე დემურჩიევს ქმრის სასოწარკვეთილ მიმართვებს უგზავნიდა:
„ეცადოს, რამზან კადიროვზე გავიდეს და უთხრას, რომ მისგან დახმარებას ვითხოვ. ამომათრიოს ამ ჭაობიდან. რამზანს შეუძლია“.
რამზანმა ვერ შეძლო. დემურჩიევმა პოპოვის ცოლს უთხრა, რომ ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარეს, მაგომედ დაუდოვს დაუკავშირდა, რომელსაც რამზან კადიროვის მარჯვენა ხელად მიიჩნევენ. თითქოს მან უპასუხა, რომ „კირიენკოსთან“ ისაუბრა (იგულისხმებოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო). თითქოს მან სიტყვიერად მხარდაჭერაც გამოხატა, მაგრამ „პოლიტიკური მომენტი“ ისეთი იყო, რომ გენერლის შინაპატიმრობაში გადაყვანაც კი ვერ შეძლო.
2025 წლის აპრილში ივან პოპოვს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს და სამხედრო წოდება ჩამოართვეს. ყოფილმა გენერალმა კვლავ საბრძოლო მოქმედებებში დაბრუნება მოითხოვა, თუმცა მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. 2025 წლის სექტემბერში სპარტაკ პოპოვი მოსკოვის ოლქის კოლონიაში გადაიყვანეს.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდე რუსეთში ათეულობით კორუფციული საქმე აღიძრა მაღალი რანგის გენერლებისა და თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების წინააღმდეგ. ძირითადი ტალღა 2024 წელს დაემთხვა — თავდაცვის მინისტრის შეცვლის შემდეგ პერიოდს. თუმცა დაქვემდებარებულთა შორის წვრილმანი გამოძალვა, როგორც წესი, ოფიციალური ბრალდების საგნად არასოდეს ქცეულა — საქმე უფრო ხშირად მშენებლობის სფეროში კორუფციას ეხებოდა. ყველაზე ხმაურიანი გამოდგა თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ტიმურ ივანოვის დაპატიმრების საქმე, რომელიც ერთ მილიარდ რუბლზე (13 მლნ დოლარამდე) მეტი ოდენობის ქრთამს შეეხებოდა.
ნაწილი 4. სად აწყობენ მეთაურები თავიანთ ნათესავებს
რუსეთის არმიაში მეთაურს შეუძლია არა მხოლოდ საკუთარი კომფორტის მოწყობა, არამედ თავისი ნათესავებისაც. მას შეუძლია უზრუნველყოს სახელმწიფო ჯილდო და „არამტვრიანი“ სამუშაო თავისი არაოფიციალური დამატებითი შემოსავლით.
დემურჩიევი ეხმარებოდა არა მხოლოდ მეგობრებს და არა მხოლოდ ფულით.
2023 წელს მან სამსახურში მოაწყო (მის დაქვემდებარებაში მყოფ 42-ე მოტომსროლელ დივიზიაში) თავისი ბიძაშვილი, 39 წლის არტიომ პლოშკინი.
მაშინ 42-ე დივიზია იბრძოდა ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შედეგად რუსეთის არმია დიდ დანაკარგებს განიცდიდა. თუმცა, მიმოწერიდან გამომდინარე, გენერლის ბიძაშვილი ფრონტის საშიშ მონაკვეთებზე არ მოხვედრილა.
კონტრაქტის გაფორმებისთანავე მან საკმაოდ სპეციფიკური დანიშვნა მიიღო: კომენდანტის ასეულის საგუშაგო ძაღლების გამძღოლი. თუმცა შემდეგ თავის მძღოლად გადაიყვანა.
2024 წლის იანვარში დემურჩიევი არტიომის დედას, სვეტლანა პლოშკინას, მისი შვილის „წარმატებებზე“ უყვებოდა:
„დიახ, მე ვიყავი. <...> ჩემი ბრძანებით ესროდა ხალხს. მაგრამ დამპალ მაიმუნებს, მტრებს. <...> მათ მარხავდა. ნიჩბით მუშაობა ძნელია. ყველანი გავოფლიანდით, მაგის დედაც <...> ეს რამდენჯერმე მოხდა. <...> ყოჩაღი ბიჭია. სიკვდილის არ ეშინია. <...> და მედგრად ხოცავს, თვალსაც კი არ ახამხამებს.“
სულ რაღაც ორი თვის სამსახურის შემდეგ, 2023 წლის მაისში, რიგითმა პლოშკინმა სახელმწიფო ჯილდო მიიღო - IV ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი. ეს „გიორგის ჯვრის“ უმცროსი ხარისხია, რომელიც კონკრეტული საბრძოლო დამსახურებისთვის ან გმირობისთვის გაიცემა.
დემურჩიევმა ჯილდო თავად გადასცა ბიძაშვილს და ფოტოც გაგზავნა შინ: პლოშკინი ტყის ფონზე დგას, მკერდზე ჯვრით.
პლოშკინთან ერთად იმავე დღეს, იმავე ბრძანებით, ჯილდო მიიღო დემურჩიევის კიდევ ერთმა ახლო ნათესავმა — სავარაუდო სიძემ, ალექსეი სლიუსარევმა, რომელიც ასევე 42-ე დივიზიაში მსახურობდა. პრეზიდენტის ოფიციალური ბრძანება დაჯილდოების შესახებ მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ გამოქვეყნდა; მაშინვე ორივემ მიიღო ჯილდოს თანხაც — თითოეულმა დაახლოებით 100 ათასი რუბლი.
მალე, 2023 წლის ივლისში, დემურჩიევმა ნათესავები კიდევ უფრო „თბილი ადგილზე“, სირიაში განაწესა ერთწლიანი სამსახურით.
„უფასო საგზურს გაძლევთ საზღვარგარეთ. იქ მეტს გამოიმუშავებთ... კურორტი, ხმელთაშუა ზღვა. კიდევ მაყუთსაც მოგცემენ. დღეში 62 დოლარი.“
არტიომ პლოშკინმა „საგზურზე“ უარი თქვა. თუმცა, გენერლის თქმით, უკრაინის ომშიც საკმაოდ კარგად იშოვებოდა ფული.
სამსახურის დაწყებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში დემურჩიევი არტიომ პლოშკინის დეიდას უყვებოდა, რომ მისი შვილი უკვე აღარ იყო ძაღლების უფროსი და, რომ რადიო-ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულში მსახურობდა.
„არტიომა ყოჩაღია. თითქოს <...> ფულთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად აქვს, ვერც კი წარმოიდგენ. მერე შეიტყობ. ყველაფერში დავეხმარე, ყველაფერი მოვუწყვე. ჩემი ძმაა. მანქანაც „დაითრია“. არ ვიცი, იყიდა თუ წაართვა — „ტოიოტა კოროლა”. ჩამოვა, გაყიდის, რაღაცებს ჩალიჩობს.“
2024 წლის მარტში, ცოტა ნასვამ მდგომარეობაში, დემურჩიევმა ქალს ისიც უთხრა, რომ არტიომს სამსახურის პერიოდში „რამდენიმე მილიონი“ დაუგროვდა — დაახლოებით იმდენივე, რამდენიც თავად გენერალს ჰქონდა მიღებული სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი წლის ანაზღაურებებით.
სამხედრო ნეპოტიზმი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ერთეული შემთხვევა არ არის. ყველაზე ცნობილი „ნათესაური“ დაჯილდოება 2022 წელს გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ლაპინი განახორციელა, როდესაც მედალი საკუთარ შვილს, დენისს, ჩამოკიდა.
ნაწილი 5. ვინ უგვარებს გენერლებს საბინაო საკითხს
გენერლის სამუშაო - მხოლოდ არმიის შიგნით მაღალ ავტორიტეტს არ ნიშნავს. ეს ასევე არის კარგი კავშირები მოსკოვში, რაც „ბლატით“ მრავალმილიონიანი საქველმოქმედო პრემიების მიღების წინაპირობასაც იძლევა.
2023 წლის აგვისტოსთვის დემურჩიევი უკვე დაღლილად გრძნობდა თავს და შვებულებაზე ოცნებობდა. 2023 წლის ბოლოდან ის მოსკოვში ცხოვრობდა და გენშტაბის აკადემიაში სწავლობდა. თუმცა აკადემიამაც მალე გაუცრუა იმედები. 2024 წლის აპრილში, თანაკურსელებთან საუბრისას, ასე აღწერდა სასწავლებელს:
„ეს გენშტაბის კი არა, რაღაც პიდარშტაბის აკადემიაა, მაგის დედაც... სრული ნეხვობაა. <...> ზედ უნდა მოისაქმო, პირდაპირ პირში უნდა მიუშვა, რომ მედესანტეთა შარდით დაიხრჩონ, ბო..ები.“
ვიდეო: გენერალ დემურჩიევი აკრიტიკებს არმიას და თანამებრძოლებს
მიმოწერების ემოციური ფონი სულ უფრო ნერვული ხდებოდა — დემურჩიევი სულ უფრო ხშირად მიანიშნებდა, რომ უცხო ქვეყანაში შეჭრილი დანაყოფების სარდლობისას იგი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებით არ იზღუდავდა თავს. უკრაინელების მკვლელობების გარდა, ორი წლის განმავლობაში იგი საკუთარ ქვედანაყოფებში ახალისებდა სამხედრო ტყვეების წამებას, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯას, თანამებრძოლთა მიმართ ანგარიშსწორებას და, მისიავე თქმით, თავადაც ხოცავდა ადამიანებს.
ხმოვან შეტყობინებებში თავის ყოფილ უფროსსა და ამხანაგთან, ივან პოპოვთან, დემურჩიევი ჰყვებოდა, როგორ კლავდნენ მისი ქვეშევრდომები თავისსავე თანამებრძოლებს:
„სამარინი ბრაზობს, მაგის დედაც, ამბობს — ოთხი ჯგუფი ჰყავს, თითო 14 კაცი, მოიერიშე ზეკები [პატიმრები]. <...> ბლოკპოსტი დააყენა და თქვა: ყ..ზე მკიდია, იქიდან ცოცხალი ვერავინ გამოვაო. მე ვუთხარი: მომბეზრდა ეს ყველაფერი, ტვინი მომე...ნა. მოკლედ, ან გამარჯვება, ან იქიდან ჩემ ყ...ს გამოვა ვინმე ცოცხალი. <...> ამოვიდა ყელში ეს დამცირება, შეურაცხყოფა. შევედით — და როგორც კი შევიდნენ, ეგრევე ნაპირზე გაჩერდნენ, ფეხს ვეღარ დგამენ. იქ მოიერიშე რაზმის მეთაურმა ორი თავისიანი მიახვრიტა, მაგრამ ჩემი ყ..ე, მაინც ჩასვრილებივით დგანან, ეშინიათ.“
საბოლოოდ დემურჩიევმა ათეულობით ჯარისკაცი დაკარგა — როგორც მისთვის უცნობი რიგითები, ისე ახლო ამხანაგები, მეთაურები.
ზოგჯერ ეს მასში მკვლელობის კიდევ უფრო მეტ წყურვილს ბადებდა.
„სოფელს ზეგ გავანადგურებ, უკვე დაგეგმილია. <...> ყველასთვის შურს ვიძიებ. <...> ყველა ადგილობრივი მოკვდება. დაე, წამიყვანონ ლუბიანკაზე. გენოციდისთვის“, — ასე ემუქრებოდა გენერალი დემურჩიევი უკრაინული სოფლის მოსახლეობას მას შემდეგ, რაც მისი ამხანაგი, პოლკოვნიკი მიხაილ ნიკილინი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჭურვს ემსხვერპლა.
ზოგჯერ გენერალს სამსახურიდან წასვლის სურვილიც უჩნდებოდა.
“ნამდვილი პიდორები” არიან, მაგრამ ყველა იღებს ორდენს. მინდა რაც შეიძლება მალე გავა..ვა ამ არმიიდან, ამ დამპალი ომიდან. მატყუარები და მშიშარები, მაგათი დედაც….“
„უბრალოდ გამოვ..ევდი, მაგის დედაც. დროზე უნდა გავიქცე ამ არმიიდან. ვგრძნობ, რომ რაღაც მოწყობილია. ეს გარდაუვალია და ძალიან მალე მოხდება, მაგის დედაც. ნეტავ მე არ აღმოვჩნდე დამნაშავე ამ საერთო მარცხში. პირდაპირ ვგრძნობ, რომ ყველაფერი იქით მიდის, მაგის დედაც.“
თუმცა ამ ეჭვებსა და ყოყმანს სძლევდა ხოლმე სურვილი კიდევ უფრო მეტის შოვნისა.
2024 წლის დადგომისას დემურჩიევების ოჯახი ძალიან მიუახლოვდა თავისი ოცნების - მოსკოვში დიდი ბინის შეძენის ასრულებას. გენერალს უკვე ჰქონდა რამდენიმე ბინა: ერთი სახელმწიფოსგან მიღებული, მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთში; კიდევ ერთი - კამიშინში, ვოლგოგრადის ოლქში; და კიდევ ერთი - რიაზანში. მაგრამ მას კიდევ ერთი სურდა - დიდი ბინა გენშტაბის აკადემიასთან ახლოს. ფულს რამდენიმე წელი აგროვებდა, თუმცა მოსკოვის უძრავი ქონების ფასები მის შესაძლებლობებს აღემატებოდა:
„საერთოდ მაქსიმუმ 15 [მილიონზე] ვანგარიშობდი, აქ უკვე 25 არის. ეს რა ხდება? გამოდის, ომიდან საერთოდ არ უნდა გამოვიდე. აქ ცხოვრებისთვის კიდევ... ათი წელი უნდა ვიომო“, — უყვებოდა დემურჩიევი თავის მეუღლეს უძრავი ქონების ფასებზე.
თუმცა ოცნების ახდენაში გენერალს მოულოდნელად ძველი მეგობარი და ჩეჩნეთის ომში თანამებრძოლი, ალექსანდრ სლადკოვი დაეხმარა.
2023 წლის დეკემბრის დასაწყისში სლადკოვმა მეგობარს შეატყობინა, რომ მოსკოვის ოლქში ბინა „გაუხერხა“: მოსკოვის გუბერნატორს აუხსნა, რომ მისი გენერალი მეგობარი ახალ საცხოვრებელზე ოცნებობდა, და მანაც დახმარების ხელი გაუწოდა.
ამ საუბრიდან მალე დემურჩიევს მოსკოვის ოლქის მთავრობამ პრემიის მიღება შესთავაზა.
პრემია ოფიციალურად მოსკოვის ოლქის მცხოვრებლებზე იყო განკუთვნილი. ამიტომ ვოლგოგრადის ოლქში რეგისტრირებულ დემურჩიევს ნაჩქარევად მოუწია მოსკოვის ოლქის დროებითი რეგისტრაციის გაკეთება. უფრო მეტი ფართობის მიღების მიზნით კი გენერალმა იცრუა - ვითომ მეუღლესთან ერთად მესამე შვილის გაჩენას გეგმავდა. როგორც მიმოწერიდან ჩანს, გენერლის ცოლმა ამ გეგმების შესახებ არაფერი იცოდა.
დეკემბრის შუა რიცხვებში მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა საზეიმოდ გადასცა ფულადი ჯილდო.
„რომანს ერთი სურვილი აქვს - მოსკოვის ოლქში ცხოვრება. ვფიქრობ, ამ ოცნებას ავუხდენთ“, — ითქვა სცენიდან.
მალე დემურჩიევების ოჯახმა, თავად გენერლის თქმით, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთში, სოლნცევოს რაიონში, გენშტაბის აკადემიიდან 15 წუთის სავალზე, 132 კვადრატული მეტრის ბინა შეიძინა.
„ვიცხოვრებთ, როგორც ელიტა!!!! ამდენი ხანი მივდიოდით ამისკენ!!!!“ — ხარობდა დემურჩიევი მეუღლესთან მიმოწერაში, საიდანაც ისიც ირკვევა, რომ ახალ მოსკოვურ ბინაში 30 მლნ რუბლი გადაიხადეს.
გენერალმა ახალმოსახლეობა მეგობრებთან ერთად აღნიშნა. წვეულება მოკრძალებული იყო: პიცა, კონიაკის ყუთი და ცნობილი შოუმენის, დმიტრი ნაგიევის ორეული.
გენერალმა მომავალზეც იზრუნა. დიდი ბინის პარალელურად, ოჯახისთვის, კიდევ ერთოთახიანი ბინა იყიდა — გასაქირავებლად.
სიბერისთვის გენერალმა საკუთარი მიწის ნაკვეთიც შეიძინა. 2023 წლის აპრილში მან თითქმის უფასოდ მიიღო ნაკვეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში — ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, ქერჩის მახლობლად.
* * *
2024 წლის ოქტომბერში დემურჩიევი მორიგ ჯერზე დააწინაურეს — დანიშნეს რუსეთის ფედერაციის მე-20 საერთო-საჯარისო არმიის მეთაურის სარდლის მოადგილედ. ეს საკმაოდ მაღალი თანამდებობაა: ერთი საერთო-საჯარისო არმია რამდენიმე დივიზიასა და ბრიგადას მოიცავს და მისი პირადი შემადგენლობის საერთო რაოდენობა ათეულობით ათას ადამიანს აღწევდეს. 2024–2025 წლებში მე-20 არმია იბრძოდა უკრაინის აღმოსავლეთში, მათ შორის დონეცკის ოლქში.
2023 წლის შემდეგ რომან დემურჩიევის ახალი ჯილდოებისა და დანიშვნების შესახებ საჯაროდ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რედაქციის შეკითხვას — ჩატარდა თუ არა დემურჩიევის მიმართ სამსახურებრივი შემოწმება — პასუხი არ გასცა.