ასოციაციის ცნობით, ტუროპერატორების ნაწილს საქართველოში ტურების გაყიდვები წლიურად 20-25%-ით გაეზარდა, ცალკეული კომპანიების შემთხვევაში კი ჯავშნების რაოდენობაm 4-ჯერაც კი მოიმატა.
კომპანიების შეფასებით, გაყიდვების მთავარი მიმართულება ბათუმი და შავი ზღვის სხვა კურორტები იყო. ამასთან, ტურისტები უფრო ხშირად ირჩევდნენ „კომბინირებულ მარშრუტებს“, მათ შორის, თბილისი-ბათუმის ტურებს, ასევე მოგზაურობას ქუთაისში, ბორჯომსა და ყაზბეგში.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში ყველაზე მეტი, 610 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა. ამ მონაცემებზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ხშირად ამახვილებს ყურადღებას.
„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ რუს ტურისტებს საქართველოში მიესალმებიან, ოპონენტებს კი რუსი ვიზიტორების წინააღმდეგ „რუსოფობიური კამპანიის“ წარმოებაში ადანაშაულებენ.
საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდის მთავარ მიზეზებად რუსული ტუროპერატორები სავიზო მოთხოვნების არარსებობასა და პირდაპირი ავიარეისების ფართო ქსელს ასახელებენ. Coral Travel-ის მონაცემებით, საქართველოში გაფრენა ამჟამად რუსეთის 30 ქალაქიდან არის შესაძლებელი.
ტუროპერატორები დამატებით ფაქტორებად რუბლის ლართან მიმართებით სტაბილურ კურსს, ზღვის კურორტებსა და ექსკურსიებზე ხელმისაწვდომ ფასებს, ასევე გასტრონომიული ტურიზმის შესაძლებლობას ასახელებენ.
„საქართველოს თავისი ლოიალური აუდიტორია ჰყავს, რომელიც ქვეყანაში ხშირად ბრუნდება“, - აცხადებენ ტურისტულ კომპანია Space Travel-ში.
რუსული ტუროპერატორები საქართველოში ტურებზე მაღალი მოთხოვნის შენარჩუნებას 2026 წლის შემოდგომაზეც ელოდებიან. ზოგიერთი კომპანია ჯავშნების წლიურად დაახლოებით 60%-იან ან ორმაგ ზრდაზე საუბრობს. ტუროპერატორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ბათუმში თბილი ამინდები სექტემბერსა და ოქტომბერშიც არის მოსალოდნელი.
შემოდგომის სეზონზე რუს ტურისტებს კახეთში რთვლის პერიოდში მოგზაურობას, თბილისში კი თბილისობის დღეებში ჩასვლას სთავაზობენ.
ფორუმი