რადიო თავისუფლების მიერ ნანახი ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, „ტელეიმედის“ მფლობელი კომპანია გაიყიდა „სიმბოლურ ფასად“ - 1000 ლარად.
„ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“, - წერს რუხაძე იმედზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
TI-ის კვლევის თანახმად, „იმედს“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.
ვინ არის ახალი მფლობელი
ირაკლი რუხაძე ამავე განცხადებაში წერს, რომ „არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა“.
მისი თქმით, არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“ (PMG), - კომპანიაზე, რომელიც, მისი თქმითვე, „მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე“.
„პრაიმ მედია გლობალის“ 100%-იანი წილის მფლობელია ილია მიქელაიშვილი.
რუხაძე ამბობს, რომ PMG შეიძენს „იმედის“ 50%-ს, ხოლო დარჩენილი 50% გადავა არხის გენერალური დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში.
მაკა ლომიძე 2021 წლიდან არის არხის გენერალური დირექტორი.
ირაკლი რუხაძის თქმით, ახალი მფლობელი, ითავებს „იმედის“ „დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში“ და ასევე თანახმაა, რომ შეინარჩუნოს არსებული მენეჯმენტის „აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში“.
უფრო ზუსტად მფლობელობის სტრუქტურაზე:
6 თებერლამდე მფლობელობის მხრივ სურათი ასეთი იყო:
- „ტელეიმედს“ ფლობდა კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ (GMPG);
- GMPG-ის მფლობელი იყო ჰოლანდიაში რეგისტრირებული „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“;
- მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები კი იყვნენ ირაკლი რუხაძე, ბენჯამინ ალბერტ მარსონი, იგორ ალექსეევი და Stichting Media Finance-ი.
6 თებერვალს სამეწარმეო რეესტრში ასახული ცვლილებების თანახმად:
- „ტელეიმედის“ უშუალო მფლობელად კვლავ GMPG რჩება;
- GMPG-ის 100%-იანი წილი „1000 ლარად“ იყიდა ილია მიქელაიშვილის „პრაიმ მედია გლობალმა“ (PMG-მ).
- შესაბამისად, ამჟამად „ტელეიმედის“ 100%-ის ბენეფიციარი მესაკუთრეც ილია მიქელაიშვილმა.
თუმცა, ნასყიდობის ხელშეკრულებით, მიქელაიშვილმა მომდევნო სამი თვის ვადაში კომპანიის 50%-ი უნდა გადაუფორმოს „იმედის“ გენერალურ დირექტორ მაკა ლომიძეს და მის მოადგილეებს.
მათ წილიდან 10-10 პროცენტი ერგებათ.
შესაბამისად, „იმედის“ თანამფლობელები, ათ-ათი პროცენტის მფლობელები გახდებიან მაკა ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე, ვასილ კალანდარიშვილი, ნათია სონღულაშვილი და მაია ჩიგოშვილი.
გაიყიდა კიდევ რვა კომპანია
„ტელეიმედის“ აწ-უკვე გაყიდული „მშობელი კომპანიის“, GMPG-ის საკუთრებაშია კიდევ რვა კომპანია, - რომლებიც ასევე შეისყიდა მიქელაიშვილმა.
ეს კომპანიებია:
- რადიო იმედი
- GDS TV
- ტვ აისი
- საქველმოქმედო ფონდი იმედი
- Imedi Films
- ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა
- ტაჩ მედია
- უნიმედია (საუბარია კომპანიის 50%-იან წილზე).
ახალი მფლობელის „დიდი გეგმები“
„იმედზე“ გამოქვეყნებული კიდევ ერთი განცხადების თანახმად, ილია მიქელაიშვილი აცხადებს, რომ „დიდი გეგმები“ აქვს როგორც „იმედთან“, ასევე მთლიანად ჰოლდინგთან დაკავშირებით:
„ვაპირებ სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას და არხის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აცხადებს ის.
ის „სრული პასუხისმგებლობით“ აცხადებს, რომ „დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა“.
„იმედი“ „ქართული ოცნების“ ძლიერი საინფორმაციო საყრდენია.
მიქელაიშვილი თავის კომპანიას, „პრაიმ მედია გლობალს“ უწოდებს „ერთ-ერთ მზარდ კომპანიას“, რომელიც „წლებია ოპერირებს ქართულ მედიაბაზარზე და ქვეყანაში“.
ვინ არის ილია მიქელაიშვილი
41 წლის ილია მიქელაიშვილი, რამდენიმე კომპანიის „დამფუძნებელი“/მეწილეა, მათ შორის:
- „პირველი“
- „აგროგეო“
- „დიასპორული მედიის ასოციაცია“
- „აი ტი თრეიდი“.
- მედიაჰაბი „სეილსჰაუსი“.
CV-ის თანახმად, მას მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს, - საბანკო სექტორში მუშაობის, კონსულტანტობისა და მენეჯმენტის, ასევე საჯარო სამსახურის მხრივ. კერძოდ:
- 2019-21 წლებში იყო GWP-ის ოპერაციების აღრიცხვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
- 2015-21 წლებში - საბურთალოს გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების გაწყოფილების უფროსი; იყო საბურთალოს გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელიც - იწფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და გაწვითარების მიმართულებით;
- 2014 წელს იყო ვაკის გამგეობის კონსულტანტი;
- 2010-11 წლებში ის იყო „ვისოლის“ დებიტორების მართვის მენეჯერი.
- 2007-10 წლებში იყო „ბანკი რესპუბლიკის“ საცალო მომსახურების ოფიცერი.
2025 წლის ბოლოს მიქელაიშვილს სურდა კომუნიკაციის კომისიის (ComCom-ის) წევრობა - თუმცა კომისიაში დასაქმდა მისი კონკურენტი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა, - რომელიც 2026 წელს კომისიის თავმჯდომარე გახდა.
თუკი მას კომისიაში აირჩევდნენ, „იმედის“ მფლობელი ვერ გახდებოდა - მაუწყებლობის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუკი ფლობს მაუწყებლის წილს.
- 2025 წლის 14 ნოემბერს იგი მთავრობას სწერდა, რომ გაეცნო ინტერესთა კონფლიქტის პირობებს.
- დღეს გავრცელებულ განცხადებაში მიქელაიშვილი წერს, რომ რუხაძესთან „იმედის“ შესყიდვაზე მოლაპარაკებები მრავალი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
ილია მიქელაიშვილის პირობა
ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მხარეებს შორის 2026 წლის 30 იანვარს გაფორმდა თბილისში.
მყიდველი - ესე იგი, ილია მიქელაიშვილის კომპანია - იღებს ვალდებულებას, რომ შვილობილი კომპანიების ეთერი არ იქნება გამოყენებული გამყიდველის - ესე იგი, ირაკლი რუხაძის კომპანიის - და მასთან დაკავშირებული პირების საწინააღმდეგოდ.
დაკონკრეტულია, ვინ იგულისმხება „დაკავშირებულ პირებში“:
- ნებისმიერ ფიზიკური პირი, კომპანია, კორპორაცია ან სხვა იურიდიული პირი, რომელიც არის „გამყიდველის“ [მედია ფაინენს გრუპ ბი.ვის] დამფუძნებელი, პარტნიორი ან/და აქციონერი, წილთა/აქციათა მმართველი ან გამყიდველის მართვის ორგანოს წევრი;
- ნებისმიერი კომპანია, კორპორაცია ან სხვა იურიდიული პირი, რომლის წილთა/აქციათა 50% ან მეტი გამყიდველს ეკუთვნის;
- ნებისმიერი კომპანია, კორპორაცია ან სხვა იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს იმავე ბიზნეს-ჯგუფის წევრს, რომელსაც მიეკუთვნება გამყიდველი.
რუხაძის მოტივაცია
რუხაძე „იმედთან“ დამშვიდოდებას უწოდებს „რთულ და ემოციურ“ გადაწყვეტილებას.
იგი იმეორებს, რომ „იმედს“ მხოლოდ იმიტომ ფლობდა, რომ ეს გარდაცვილი ბიზნესმენის, მისი მენტორის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა სთხოვა 2018 წელს.
„შეიძლება ითქვას, რომ გასული 7-8 წლის განმავლობაში, ჩვენი მიზნები მეტ-ნაკლებად შევასრულეთ“, - აცხადებს რუხაძე და შესრულებულ მიზნებს შორის ჩამოთვლის:
- „დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ფაქტობრივად ჩამოიშალნენ - ამ პროცესში „იმედმაც“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“;
- „საქართველოს ომში ჩართვის საშიშროებაც საკმაოდაა შემცირებული“.
„სხვა მხრივ ტელევიზია ჩვენთვის, როგორც ბიზნესჯგუფისთვის, ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს“, - იმეორებს რუხაძე.
სახელმწიფო ანგარიშგების პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 2024 წელს „ტელეიმედის“ ზარალის მოცულობამ 454 108 745 ლარი შეადგინა.
ირაკლი რუხაძე
ირაკლი რუხაძე, - რომელიც პერსონა ნონ-გრატად ჰყავთ გამოცხადებული უკრაინასა და ლიეტუვას, - „ჰანიველ პარტნერსის“ მეშვეობით, პარტნიორებთან ერთად, სხვა ბიზნესებსაც ფლობს საქართველოში.
მათგან გამორჩეულია „ლიბერთი ბანკი“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
ამასთან, ბიზნესმედიის ცნობით, რუხაძესა და ბიძინა ივანიშვილს საერთო ბიზნესინტერესები აქვთ „ქართულ ცემენტში“, ყოფილ „ჰაიდელბერგ ჯორჯიაში“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2025 წლის ოქტომბრის კვლევის თანახმად, „იმედს“, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. კვლევის მიხედვით:
- „ბიძინა ივანიშვილი „იმედს“ მინიმუმ 2018 წლიდან აფინანსებს“;
- 2022 წლის ბოლოს „იმედს“ ივანიშვილის კომპანიებთან 61 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება ჰქონდა;
- ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების დავალიანების მოცულობა 165 მლნ ლარს აღწევს, რაც „იმედის“ დაფინანსების თითქმის ნახევარია;
- „იმედის“ დაფინანსების გზაა „შეღავათიანი სესხის“ მიცემა, „2023 წელს ტელეკომპანიას 331 მლნ ლარის სესხი ჰქონდა აღებული. სესხის 2 მთავარი გამცემი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე არიან (დაკავშირებული კომპანიების საშუალებით)“.
2025 წლის ოქტომბერში რადიო თავისუფლება იუწყებოდა, რომ
- ევროკავშირი განიხილავს „იმედისა“ და „პოსტივის“ კრემლის პროპაგანდასთან კავშირის მტკიცებულებებს, რათა სანქციები დაუწესოს.
- სანქციების დაწესებას სკეპტიკურად უყურებენ ცენტრალური ევროპის ქვეყნები, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ორმაგი სტანდარტების გამო.
- ეს საკითხი წინ არ წაწეულა.
რადიო თავისუფლებასთან 2025 წლის იანვარში აცხადებდა, რომ შეერთებული შტატები მას სანქციებს ვერ დაუწესებს - რადგან იგი აშშ-ის მოქალაქეა.
„შეიძლება სხვა ქვეყანამ დამასანქციროს, ამერიკა - ვერ“, - თქვა მან.
2025 წლის მარტში რუხაძე, - მრავალწლიანი დავის ფარგლებში, - ინგლისისა და უელსის უზენაეს სასამართლოში დამარცხდა ყოფილ პარტნიორებთან დავაში.
შედეგად მას 170 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
საქმე ეხება პროცესებს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ.
ფორუმი