Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაობაბი, ვერხვი, ცაცხვი… საკრალური და ტაბუირებული ხეები აფრიკასა და საქართველოში

ყველა ერსა და კულტურას თავისი საკრალური ხე აქვს, აფრიკაში ასეთი ბაობაბია.
ყველა ერსა და კულტურას თავისი საკრალური ხე აქვს, აფრიკაში ასეთი ბაობაბია.

ბაობაბი - დიდი, უცნაური და ლამაზი აფრიკული ხე, რომელიც ბევრს მხოლოდ ტელევიზორში თუ უნახავს. საქართველოში ეს ხე არ არის, თუმცა ის მაინც აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, როდესაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ხეების შეგროვება დაიწყო და აფრიკიდან ბაობაბების ჩამოტანა სცადა.

ყველა ერსა და კულტურას თავისი საკრალური ხე აქვს, აფრიკაში ასეთი ბაობაბია და მას ბევრნაირი მითი და წარმოდგენა უკავშირდება. აფრიკელები მას სიცოცხლის ხეს ეძახიან და არა მხოლოდ მაგიური მნიშვნელობით, ბაობაბი მათთვის წყალიც არის და პურიც.

ბაობაბის ნამცხვარი

ბაობაბი ბალბისებრთაა - ქოთნის ვარდისფერყვავილიანი მცენარე და გიგანტური ხე ერთი და იგივე ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში ბალბისებრებიდან ყველაზე მეტად ცაცხვია გავრცელებული და მასაც ბევრ საკრალურ თვისებას მიაწერენ.

ბაობაბის 9 სახეობა არსებობს, აქედან 6 მადაგასკარში იზრდება, 2 - აფრიკაში და 1- ავსტრალიაში. ცოცხლობს დაახლოებით 1500 წელი. მისი ვარჯის გარშემოწერილობა 25 მეტრს აღწევს, სიმაღლე 15-25 მეტრს. ბაობაბს უცნაური გარეგნობა აქვს, მასზე ამბობენ, რომ ღმერთები განურისხდნენ და თავდაყირა ჩარგეს მიწაში, ფესვებით ზევით.

ბაობაბი კარგად იკავებს წყალს, ამის გამო ბოთლის ხესაც ეძახიან. მისი ბოჭკოსაგან და მერქნისგან ტანსაცმელს და სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის ნავებსაც კი ამზადებენ. ნაყოფს ადამიანები ჭამენ, ტოტებსა და ფოთლებს - ცხოველები. მისგან ამზადებენ ფქვილს, რომლისგანაც ადგილობრივები ნამცხვარსაც კი აკეთებენ. ბაობაბი ფართოდ გამოიყენება არატრადიციულ მედიცინაში. მის ნაყოფში განსაკუთრებით ბევრია ც ვიტამინი.

ყველაფერ ამის გამო ბაობაბი ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხეა, ასევე ეძახიან კიდეც.

ბაობაბი, როგორც ტაძარი

აფრიკელებისთვის ბაობაბი საკრალური ხეც არის. ამერიკელი ანთროპოლოგი ჯონ რაშფორდი თავის წიგნში „ბაობაბი - ტანზანიის ჰაძას ტომი და ბაობაბი, როგორც კაცობრიობის სიცოცხლის ხე“ წერს, რომ აფრიკელები ბაობაბს თაყვანს კი არ სცემენ, არამედ ის ერთგვარი შუამავალია ადამიანებსა და კოსმოსს, ადამიანებსა და სულებს შორის. სულებში იგულისხმება, როგორც ღმერთი, ღვთაებები, ასევე ცოცხლებისა და გარდაცვლილების სულები, მათ შორის ცნობილი ლიდერებისა და მეომრების; მავნე სულებიც, რომლებსაც ბევრი რამის გაფუჭება შეუძლიათ. სულებს მიმართავენ სურვილების შესასრულებლად, ნაყოფიერებისთვის, ავი სულების მოსაგერიებლად...

ბაობაბი საკურთხევლის ან საკურთხის გასამზადებელი ადგილის ფუნქციასაც ითავსებს. მასთან ხშირად აკეთებენ სალოცავებს. ხის ძირას მიაქვთ საკვები, ღვრიან სასმელს.

ამასთან დაკავშირებით ჯონ რაშფორდი წერს:

„აფრიკის მრავალფეროვან რელიგიურ ტრადიციებში საკურთხევლები და მათთან დაკავშირებული სალოცავები ზოგჯერ უზენაესი არსებისთვის იქმნება, როგორც ეს აშანტის ხალხში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სალოცავები და საკურთხევლები განსაკუთრებით დაკავშირებულია წინაპართა და პატივსაცემი სულების კულტთან, ისინი ასევე იქმნება მავნე სულების დასამშვიდებლად.

ხეების ძირში განთავსებული რიტუალური საგნები და შესაწირავებით შეღებილი ან დაფარული ხის ტანები ფართოდ არის აღწერილი სამეცნიერო ლიტერატურაში. მაგალითად, ბოლანდიემ და მაკემ აღნიშნეს, რომ „ლიბაციებით - შესაწირავი სასმელით - დასვრილი ბაობაბი დასავლეთ აფრიკაში ჩვეულებრივი სანახაობაა“.

ვაისის თანახმად, აღმოსავლეთ აფრიკის „ბევრი ტომი“ ხის ძირში ათავსებდა ჯოხებზე მიბმულ ქსოვილის ნაჭრებსა და საკვების შესაწირავებს.

პარინდერმა აღწერა დასავლეთ აფრიკაში, ქალაქ დასა-ზუმეს მახლობლად მდებარე მედიუმებისა და ქურუმების ის ადგილი, რომელსაც იგი „კომპლექსს“ ან „მონასტერს“ უწოდებდა. იქ მან დაინახა დიდი ბაობაბი, რომლის ტანიც ზოგიერთ ადგილას „სისხლითა და ზეთით იყო გაშავებული“.

თუმცა ის, რომ ბაობაბს საკურთხევლად ან საკურთხევლის ადგილად იყენებენ, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ხე თავისთავად სულიერი ყურადღების ობიექტია.

მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ აფრიკელები ხეს რელიგიურ ობიექტად მიიჩნევენ, როდესაც თავად ხე აღიქმება სულიერ ან პერსონიფიცირებულ არსებად“.

საკრალური ხეები საქართველოში

ხეების თაყვანისცემის ფენომენი არც ქართული რეალობისთვის არის უცხო. რელიგიის მკვლევარი ანა კვიჭიძე, რომელიც ამ თემაზე მუშაობს, ამბობს, ხეს ანიჭებენ კოსმოგონიურ მნიშვნელობას, რადგანაც ის ფესვებით მიწაშია, ტოტებით კი ზეცაში. ის არის სიძლიერის, სიცოცხლის სიმბოლო, ამიერისა და იმიერის დამაკავშირებელი.

„სოფელ ქულბაქში, ლეჩხუმის რაიონში, ერთ ვერხვთან დაკავშირებით, იყო მითი, რომ მან სოფელი წყალდიდობისას გადაარჩინა. რაჭა-ლეჩხუმში ძალიან ბევრ ხეს ვიკვლევდი. ძირითადად ასეთი ხეები დიდია, გამორჩეული. ლასურიაშში ერთ ხეს დიდი ფუღურო ჰქონდა და ამ ფუღუროში ლოცულობდნენ, - ამბობს ანა კვიჭიძე, - ხეებს ხშირად უკავშირებენ ნაყოფიერებას. განსაკუთრებით ქალები ადიან და შვილიერებას სთხოვენ. ლასურიაშში ერთი ხე ღვთისმშობელთან იყო გაიგივებული - დედა ღვთისას ეძახდნენ. ადგილობრივებისთვის ეს ადგილები წმინდაა. წინა საუკუნეებში მხოლოდ ქალებს შეეძლოთ მისვლა, ახლა უკვე კაცებიც მიდიან. ამ ხეებს ტაბუები ადევს. ჰყვებიან, რომ აი, ამ ხის მოჭრის შემდეგ ვიღაც მოკვდა, ან ფეხი მოტყდაო. სჯერათ, რომ თუ ეს ხე წაიქცა, რამე უბედურება მოხდება“.

ხე, როგორც საკრალური სიმბოლო არც ქრისტიანობისთვის არის უცხო: სიცოცხლის ხე ძველ აღთქმაში, ლეღვის ხე, ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს... ანა კვიჭიძე იხსენებს კვიპაროსისგან დამზადებულ იმ სვეტსაც, რომელიც გადმოცემის თანახმად, სვეტიცხოვლის მშენებლობას დაედო საფუძვლად.

„ხშირად წმინდა ხეების ადგილას შენდებოდა ეკლესიები და ბევრი ტაძრის ეზოში დღემდე არის წმინდა ხე. ჩემი დაკვირვებით, ეს ხეები ჯვრებით არის მონიშნული და ამ ხეებიდან მერე ეკლესიაში მიდიან ან პირიქით, ეკლესიიდან ხესთან“, - ამბობს ანა კვიჭიძე.

თუმცა ქრისტიანული პერსპექტივით, ხეები არ არის და არც შეიძლება იყოს საკრალური, მით უფრო თაყვანისცემის ობიექტი. მას არ უკავშირდება არც სასწაულმოქმედი ძალა, არც ღმერთი და მიღმიერი სამყარო. თუმცა სხვადასხვა კულტურაში ფუნდამენტურ რელიგიებთან ერთად დღემდე შემორჩენილია "ფოლკლორული რელიგიები", რომლებიც სხვა ბევრ რამესთან ერთად, ხეებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებასაც ითვალისწინებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG