„სოვლაბის“ მკვლევარმა ქეთი ჩართოლანმა ქართული საბჭოთა სამეცნიერო მწერლობა შეისწავლა და წიგნიც გამოსცა: „ქართული უტოპია“.
- სამეცნიერო ფანტასტიკა - საიდან ჩნდება ეს ჟანრი საქართველოში, როდიდან იწყება?
- ამ ეტაპზე პირველი ქართული ტექსტი, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტს შეიცავს, არის მიხეილ ჯავახიშვილის 1929 წელს გამოქვეყნებული მოთხრობა „ფინჯანი“. ეს არ არის კლასიკური ფანტასტიკა, უცხო პლანეტებზე ვოიაჟები ან თუნდაც რობოტები. „ფინჯანში“ მოთხრობილია ნივთიერებაზე, რომელიც ერთდროულად მსუბუქიცაა, ძალიან გამძლეც და იაფიც. გამომგონებელი ქართველია და 1921 წლის მოვლენების შემდეგ საფრანგეთში ცხოვრობს. სჯერა, თუ საქართველოში ჩავა და საჭირო ადამიანებს დაელაპარაკება, ამ ნივთიერების მეშვეობით ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს, თუნდაც ეს უფრო დიდი ოჯახის (საბჭოთა კავშირი - რ.თ.) სახელით მოხდეს.
„ყოველი მხრიდან მილიარდები წამოვა. ათიოდე წელიწადში ჩვენს თავს ჩვენც ვეღარ ვიცნობთ. ქვეყანას ბადესავით დავსერავთ ქარხნებით, გზებით, არხებით, სკოლებით, სამკურნალოებით; ხალხი ჭუჭყს მოიცლის, უმეცრებას ჩამოირეცხავს, გასუქდება და… და ამერიკას გაუსწრობს“, - ასე წარმოუდგენია ჯავახიშვილის გმირს საქართველოს მომავალი.
- ცოტა უკან რომ დავიხიოთ, ნამდვილად მე-20 საუკუნის პირმშოა ეს ჟანრი?
- მეტწილად მიიჩნევენ, რომ პირველი მსგავსი ტექსტი მერი შელის „ფრანკენშტეინია“, მაგრამ როგორც მიმართულება, თავისი ფორმებითა და ესთეტიკით უფრო მე-20 საუკუნის ათიან ან ოციან წლებში წარმოიქმნა. ამერიკაში ამ დროს გამოვიდა pulp-ჟურნალები. მთელი თაობა გამოჩნდა სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლების. მრავალი კვლევა არსებობს, თუ რატომ იწყებს ადამიანი ფიქრს ამ თემებზე.
- რატომ იწყებს?
- ინდუსტრიალიზაცია, განვითარების ძალიან სწრაფი ტემპი ადამიანს აიძულებს დაფიქრდეს, რა მოუვა ხვალ. ელექტროენერგიის გამოგონებამდე, ის მზის ჩასვლისას იძინებდა, ამოსვლისას კი იღვიძებდა. მერე დღე გაფართოვდა, რკინიგზა გამოიგონეს და სადაც უნდა იქ ჩავა. რას უზამს ეს ჩემს ცხოვრებას, ჩემს ცნობიერებას?
- იქნებ ისიც, რომ ადამიანი ვერ იგებს, როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგალითად, თვითმფრინავი როგორ დაფრინავს. ცხენს მიჩვეული იყო და იცოდა, როგორ დადიოდა. როდესაც ადამიანი ისეთ რაღაცას ხედავს, რასაც ვერ იგებს, შესაძლოა ის ფუნქციაც მიანიჭოს, რომელიც რეალურად არ აქვს.
- რა თქმა უნდა, რაც არ მესმის, საშიშიც არის. ამიტომ სამეცნიერო ფანტაზიამ არა მხოლოდ იმედები ასახა, არამედ - შიშებიც, მით უფრო ატომური ბომბის შემდეგ. წარსულში მოგზაური ვერაფრით დაამტკიცებს, რომ მომავლიდანაა, რადგან ვერ ააწყობს, ვერ ანახებს იმ ტექნოლოგიას. თუ ტელეფონი თან არ წაიღო, ვერ გააგებინებს, ეს ტექნოლოგია როგორ მუშაობს.
- კიდევ ერთი, მეოცე საუკუნეში ფეხი მოიკიდა ათეიზმმა. მანამდე სამყარო მეტ-ნაკლებად გასაგები იყო. კოსმოსიდან არავის ელოდნენ, მაგრამ ათეიზმის პირობებში ყველაფერი დასაშვებია.
- დიახ, ინდუსტრიალიზაცია და ათეიზმი. სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლები მითებსა და რელიგიაშიც გადადიან. მაგალითად, შოთა გაგოშიძის მოთხრობებში ამირანისა და დალის ლეგენდაა გადათამაშებული. დალი არის უცხოპლანეტელი, რომლის ხომალდი კავკასიონზე გაფუჭდება და იძულებულია, შვილი იქვე გააჩინოს.
ჯემალ ქარჩხაძეს გადათამაშებული აქვს მოსეს გამოცხადება. ამ ვერსიაში უფალი მომავლიდან მოსული ადამიანია.
„— პარაშუტი გაიხსნა. ეშვება. როგორც ჩანს, ხომალდი წესრიგშია! — ცოცხალია? სიგნალებს აგზავნის? ცოცხალია? ცოცხალია?..
1961 წლის 12 აპრილს მოსკოვისა და ბიჭვინთის დამაკავშირებელი სატელეფონო ზარით შემდგარი ეს დიალოგი საკაცობრიო მნიშვნელობის ისტორიულ მოვლენას ეხებოდა. ზარის ერთ მხარეს ყურმილი საბჭოთა კოსმოსური პროგრამის მთავარ ინჟინერს, სერგეი კოროლიოვს ეჭირა, მეორე მხარეს – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, აგარაკზე მყოფ ნიკიტა ხრუშჩოვს. პირი, რომლის ბედითაც საბჭოთა კავშირის ლიდერი დაუფარავი აღელვებით ინტერესდებოდა, იური გაგარინი იყო, პირველი ადამიანი კოსმოსში“ (ნაწყვეტი კვლევიდან „ქართული უტოპია“).
- თქვენს კვლევაში ნახსენებია, როგორ ელოდნენ კოსმოსში პირველი ადამიანის - იური გაგარინის - დაფრენას ბიჭვინთაში. რა შუაში იყო გაგარინი ბიჭვინთასთან?
- საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ არაფერში. როდესაც გაგარინი კოსმოსში გაფრინდა, ხრუშჩოვი ბიჭვინთის აგარაკზე იმყოფებოდა. ერთ-ერთი შეთავაზება იყო, იქნებ აქ დავხვდეთ გაგარინსო. მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, თუ რამხელა პოლიტიკური მნიშვნელობა ექნებოდა ამას და მოსკოვში მოუწყვეს დახვედრა.
- ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკას აქვს რამე სპეციფიკური?
- ძალიან მნიშვნელოვანია ის ისტორიული კონტექსტი, რომელშიც ის შეიქმნა. როგორ ქმნის სამეცნიერო ფანტასტიკას პატარა, დაპყრობილი ერი, რომელსაც ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის ბელადი, სტალინი, მისიანია. დაჟინებით ამტკიცებენ, რომ კომუნისტური მომავლის ცენტრი, მსოფლიოს ცენტრი საქართველოა - კულტურული ცენტრი, პოლიტიკურზე ქართველი მწერლები არასდროს ამახვილებდნენ ყურადღებას. ვფიქრობ, როდესაც პოლიტიკური სუვერენიტეტი არ გაქვს, ამით ცდილობ კომპენსირებას.
როდესაც საბჭოთა ქართველი მწერალი მომავალში იხედება, იქ საქართველო, როგორც პოლიტიკური ერთეული, აღარ არსებობს, მხოლოდ როგორც კულტურული. კომუნისტურ ეპოქაში მომავალი განსაზღვრული იყო და იქ საქართველო დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა.
- ეს იოანე ზოსიმედან მოყოლებული ასეა: „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა“.
- ზუსტად, ქართული ენის განსაკუთრებულობა, ქართული გენის განსაკუთრებულობა...ამ ტექსტებში ქართველი არა მხოლოდ შინაგანად, გარეგნულადაც ყველაზე გამორჩეული და მიმზიდველია. შორეულ მომავალშიც კი, როდესაც გენეტიკური ჩარევით იდეალური ადამიანები გამოჰყავთ, ქართველი ინარჩუნებს თავის კეხიან ცხვირს, მუქ წარბებს ანუ ქართველი უძლებს დროს.
- თუმცა სწორედ კეხიანმა ცხვირმა ვერ გაუძლო დროს. როგორც კი ოპერაციის გაკეთების საშუალება მიეცათ, მაშინვე მოიშორეს. საერთოდ, მე-20 საუკუნის მწერლობას ახასიათებდა ის, რომ პერსონაჟები ძალიან ლამაზები უნდა ყოფილიყვნენ, უარყოფითი გმირები კი - პირიქით, მახინჯები. სამეცნიერო ფანტასტიკაშიც ასეა?
-კი, რა თქმა უნდა, ამ ტექსტებში ქართველი და რუსიც კი ყოველთვის ლამაზია, დასავლეთიდან ანუ კაპიტალისტური ქვეყნიდან თუ არის ვინმე, ის პირიქით - უშნო და უსიამოვნო: სიგარის კვამლში გახვეული, ხელში ალკოჰოლიანი ჭიქით, თან დოლარების აღებ-მიცემობაში ჩართული.
- ანუ როგორც მგელი მულტფილმიდან „აბა, დამაცადე“... საერთოდ ვარგა ეს მოთხრობები?
- ვერ ვიტყვი, რომ ყველა ცუდია ან რომელიმე შედევრია. გამოვყოფ ჯემალ ქარჩხაძის „დროს“, ენობრივადაც და შინაარსობრივადაც პოსტმოდერნული ტექსტია. მე რასაც მივაკვლიე, ერთადერთი ნაწარმოებია, რომელიც სოცრეალიზმის ჩარჩოს გასცდა. ასევე მიხეილ ჯავახიშვილის „ფინჯანი“, ივანე ყიფიანის „ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ“, ალექსანდრე აბაშელის „ქალი სარკეში“.
- რა ხდება ნაწარმოებში „ქალი სარკეში“?
- აქაც საქართველოა ტექნოლოგიური გამოგონებების ცენტრში. თბილისელი მეცნიერი გრიგოლ კამარელი უკაბელო ელექტროენერგიას გამოიგონებს და დედამიწას მოახლოებული ციური სხეულისგან გადაარჩენს.
- თუნდაც ეს სახელი და გვარი - გრიგოლ კამარელი. ქართველ მწერლებს არ უყვართ ძეზე და შვილზე დამთავრებული გვარები.
-ჰო, სამეცნიერო ფანტასტიკაში განსაკუთრებით, გივი ოძელი გვყავს, უტა ფაზია... შესაძლებელია ძე და შვილი ძალიან ქართულია და არ ჯდება სამეცნიერო ფანტასტიკის ესთეტიკაში.
- განსაკუთრებით რა დაგამახსოვრდათ ამ მოთხრობებიდან?
- მაგალითად, 1936 წელს გამოცემულ ივანე ყიფიანის წიგნში „ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ“, პერსონაჟი შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ჰოლოგრამებს გამოიხმობს. ალექსანდრე აბაშელთან არის „სკაიპის“ ან „ვოტსაპის“ მსგავსი მოწყობილობა და შორ მანძილზე ციფრული გამოსახულებით ლაპარაკობ. უკაბელო ელექტროენერგიაც ძალიან ჰგავს ინტერნეტს. ზოგი რამ არ ახდა. იგივე ყიფიანთან, ადამიანები აღარ ჭამენ, მხოლოდ კაფსულებს სვამენ. ქუჩაში მოძრავი პლატფორმებია, შედგები და სადაც გინდა წახვალ.
- კლონირებაზე თუ წერენ?
- გენეტიკურ ჩარევაზე, ასევე ჰიბრიდებზე, რომლებიც ნახევრად ადამიანები, ნახევრად კი რობოტები არიან. გენეტიკური ჩარევა, როგორც წესი, ქართველს არ ეხება, რადგან ქართველი ისედაც იდეალურია. ეს უფრო უცხოსთვისაა. უცხოც ყოველთვის არ არის ბოროტი. მაგალითად, 1985 წელს გამოცემულ თამაზ ჭეიშვილის წიგნში „სირიუსი, იდუმალი სტუმარი“, დედამიწაზე კიბორგი ჩამოდის, ხვდება სკოლის მოსწავლე გიას და საშუალებას აძლევს, დიდგორის ეპოქაში იმოგზაუროს. იქაც ის ნარატივია, რომ საქართველო როგორც წარსულში გადარჩა, მომავალშიც ყოველთვის გადარჩება.
- არის რამე ისეთი, რაც აჩვენებს, როგორი იქნება მომავალში არა ტექნოლოგიები, არამედ ადამიანის შინაგანი ბუნება?
- ელგუჯა მერაბიშვილის „აიას მძივში“ ახალი, სასიკვდილო დაავადებაა აღწერილი - კოსმოსური ნოსტალგია. იმდენად გენატრება დედამიწა, რომ უძლურდები და თუ სადმე მიწაზე ფეხი არ დადგი, ეს დაავადება შეგიწირავს.
„დღიურის მიხედვით, ვითომ გზაში გამიგია, რომ „ციცარი“ 55 ათასი კილომეტრით სწრაფად მიჰყავდა კაპიტანს, ვიდრე გათვალისწინებული იყო და ერთი ამბავი ამიტეხია, რომ დედამიწაზე თორმეტი წელი გავიდოდა ჩვენს დაბრუნებამდე და თავზარი დამცემია, რადგან ძვირფასი, საყვარელი თინათინი ჩემზე უფროსი დამხვდებოდა.“ (ედიშერ ყიფიანი: „დროთა კავშირი“)
- ამ ტექსტებში ჩანს შავი ხვრელები ან კვანტური ფიზიკა - ის, რაც თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის თემებია?
- შავი ხვრელები კი, კვანტური ფიზიკა - არა.
- უკვდავება?
- „ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ“ მთლიანად უკვდავებაზეა. 300-ზე მეტხანს ცოცხლობენ. მთავარ პერსონაჟს აღადგენენ, ათასი წლის მერე გააღვიძებენ. ბალზამირების ისეთ მეთოდს შეიმუშავებენ, სხეული აღარ იხრწნება. შეგიძლია ეს სხეული იმ პერიოდამდე შემოინახო, როდესაც მედიცინა უფრო წინ იქნება წასული.
- ეს ნაწილობრივ ახდა. თუნდაც ის, რომ 2024 წელს მეცნიერებმა პირველად ისტორიაში გენური ინჟინერიით აღადგინეს გადაშენებული ცხოველი - მრისხანე მგელი… ზომბები თუ არიან ქართულ ფანტასტიკაში, მოსიარულე მკვდრები?
- არა, ჩვენთან მკვდარი მკვდარია.
ფორუმი