Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „იმედსა“ და „პოსტივის“

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „იმედსა“ და „პოსტივის“.
ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „იმედსა“ და „პოსტივის“.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).

  • „იმედი“ წინა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ 2026 წლის თებერვალში გაყიდა - დოკუმენტების თანახმად, „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად. ახალი მფლობელია ილია მიქელაიშვილი, - „იმედის“ 5 თანამშრომელთან ერთად.
  • "პოსტვის" 52%-იანი წილი „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერ ვიქტორ ჯაფარიძეს აქვს, ხოლო 24% - შალვა რამიშვილს. დანარჩენ 24%-ს თემურ ჭარელაშვილი ფლობს.

სამშაბათს, 24 თებერვალს, - უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია.

სიას 300-მდე სუბიექტი დაამატა - მათ შორისაა ეს ორი ქართული ტელევიზია.

საფუძველი: „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“

ორივე ტელევიზიის სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობა ასახელებს „დეზინფორმაციას“ უკრაინასთან დაკავშირებით. კერძოდ:

„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.

ბრიტანეთის მთავრობა ასევე მიუთითებს, რომ ორივე ტელევიზია „რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.

„არ შეგვიქმნის დისკომფორტს“ - „იმედის“ მფლობელი

„ამ ეტაპზე არ გავაკეთებ კომენტარს. თუ საჭირო იქნა, კომენტარს ჩემივე ტელევიზიიდან გავაკეთებ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „იმედის“ 50%-ის ახალმა მფლობელმა, ილია მიქელაიშვილმა, სხვადასხვა კითხვაზე.

მან არც იმ კითხვას არ უპასუხა, ჰქონდა თუ არა ამ ნაბიჯის მოლოდინი ან რაიმე ფორმით იყო თუ არა ინფორმირებული შესაძლო სანქცირების შესახებ.

ილია მიქელაიშვილი
ილია მიქელაიშვილი

კითხვაზე, არის თუ არა ინფორმირებული, რა შეფერხებებს უქმნის ტელევიზიას ეს გადაწყვეტილება, - ხელფასების გაცემაზე, ბანკთან ურთიერთობაზე, - განაცხადა:

„არ შეგვიქმნის არანაირ დისკომფორტს და ხელისშემშლელი არაფერი არ იქნება“.

მოგვიანებით „იმედის“ ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიმართა კითხვებით, სანქცირების გადაწყვეტილებაზე არგუმენტების მისაღებად.

14:20 საათისთვის „იმედმა“ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ შექმნილ ვითარებაში „ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს“.

  • მიქელაიშვილის წინამორბედმა, ირაკლი რუხაძემ, - რომლის კომპანია „ჰანიველ პარტნერსი“ დიდ ბრიტანეთში ოპერირებს - „იმედი“ ტელევიზიის სანქცირებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე გაყიდა.
  • რადიო თავისუფლებასთან 2025 წლის იანვარში აცხადებდა, რომ ის „შეიძლება სხვა ქვეყანამ“ დაასანქციროს, თუმცა ვერ დაუწესებს სანქციებს აშშ, რომლის მოქალაქეც არის.

„გაფარჩაკდა დასავლეთი“ - „პოსტივის“ მეწილე რამიშვილი

„პოსტივის“ მეწილე შალვა რამიშვილი ტელევიზიის სანქცირების შემდეგ ფეისბუკზე წერს, რომ „დასავლეთი გაფარჩაკდა“:

„ბრიტანეთი გვასანქცირებს, რადგან არ ვამბობთ რომ უკრაინა რუსეთს უგებს“.

„ანუ დაასანქცირეს რუსი პოლიტიკოსები, გენერლები, სამხედრო წარმოება, უდიდესი ბანკები და... იმედი და პოსტვ“, - დაწერა მან.

რა ხდება სანქცირებისას?

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბრიტანეთის, აშშ-ის ან ევროკავშირის მიერ პირისთვის/კომპანიისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ ასე ვითარდება:

  • ბანკები ყინავენ ანგარიშებს იმ დრომდე, სანამ დააზუსტებენ სანქციების ტიპს და სანქციების კონკრეტულ მოთხოვნებს;
  • ბრიტანეთის შემთხვევაში ფინანსური სანქციების დაწესება შეიძლება ნიშნავდეს „აქტივების გაყინვას“, გირვანქა სტერლინგში ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვას და ბრიტანულ საწარმოებთან/პირებთან ტელევიზიის ურთიერთობის შეზღუდვას - მათი დაცვის მიზნით;
  • დღეს გასაჯაროებულ დოკუმენტში ბრიტანეთის მთავრობა დაწესებულ სანქციებს ასე აზუსტებს: „აქტივების გაყინვა, სანქციები ტრასტის სერვისებისთვის, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია“.
  • კონკრეტული სანქციის პირდაპირი მოთხოვნის შესრულების შემდეგ ბანკები, - თავიანთი რისკის ანალიზის პოლიტიკაზე დაყრდნობით, - აგრძელებენ ან წყვეტენ სანქცირებულ პირთან ურთიერთობას სხვა ვალუტებში, მათ შორის ევროში, დოლარსა თუ ლარში.
  • კომერციული ბანკები, ასევე საკუთარი რისკის ანალიზის პოლიტიკის ფარგლებში, წყვეტენ ურთიერთობების გაგრძელების საკითხს სანქცირებულ პირთან/საწარმოსთან დაკავშირებულ პირებთან, - საბანკო და სხვა პირად ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რა უთხრეს ბანკებმა „იმედს“?

რადიო თავისუფლების კითხვაზე, სტერლინგის გარდა, სხვა ვალუტებში არსებულ ანგარიშებთან დაკავშირებით თუ ჰქონდა კომუნიკაცია იმ ბანკებთან, სადაც „იმედს“ ანგარიშები აქვს, ილია მიქელაიშვილმა გვითხრა:

„არა. მაგაზე არ გავაკეთებ კომენტარს“.

  • ყველა ბანკი დამოუკიდებლად განსაზღვრავს სანქცირებულ პირთან ურთიერთობის რაიმე ტიპის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას;
  • ზოგადად, ქართული კომერციული ბანკები აცხადებენ, რომ სანქციებს ემორჩილებიან;
  • თუმცა, - ასევე ზოგადად, - არცერთი ბანკი სანქციების და სანქციების აღსრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.

სანქციების განმარტება

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ორივე ტელეარხს შემდეგნაირი შეზღუდვები დაუწესდა: „აქტივების გაყინვა, სანქციები ტრასტის სერვისებისთვის, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია“.

სამივე ტიპის სანქცია სხვადასხვა შეზღუდვას ითვალისწინებს:

  1. „აქტივების გაყინვა“ - სანქცირებული პირის საკუთრებაში არსებული ყველა ფონდი და ეკონომიკური რესურსი - რაც დიდ ბრიტანეთში არსებობს - „იყინება“; დიდ ბრიტანეთში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეუძლიათ სანქცირებულებთან ტრანზაქციები ან აქტივების შესყიდვა; დიდ ბრიტანეთში არავის შეუძლია სანქცირებული პირისთვის სახსრების პირდაპირ თუ ირიბად გადაცემა.
  2. „სანქციები ტრასტის სერვისებისთვის“ - ეს ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს თუ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს, რომლებიც ბრიტანეთში ოპერირებენ (იურისტებს, მრჩევლებს, ა.შ.), ეკრძალებათ სანქცირებულ პირთან/კომპანიასთან ან მისთვის „ტრასტის“ შექმნა და „ტრასტთან“ დაკავშირებული რაიმე სერვისების შეთავაზება;
  3. „დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია“ - ეს ნიშნავს, რომ სანქცირებულ პირს არ შეუძლია ბრიტანული კომპანიის დირექტორობა, მართვა ან რაიმე ფორმით მართვაში მონაწილეობა.

ეხება ოფშორებსაც

ბრიტანეთის დაწესებული სანქციები ვრცელდება იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც მიიჩნევა „ოფშორულ ზონებად“ და რომლებიც ამავდროულად ბრიტანეთის იურისდიქციაში ექცევიან.

შესაბამისად, სანქციები ვრცელდება ბერმუდაზე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.

რეკლამის მსხვილი დამკვეთები

„კომუნიკაციების კომისიის“ ცნობით, 2025 წლის მხოლოდ III კვარტალში - ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში - „იმედმა“ 14,4 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ხოლო „პოსტივიმ“ - 1,9 მილიონი ლარისა.

ამ პერიოდში „იმედს“ რეკლამაში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს „მეამამ“, ჩხარტიშვილების ოჯახის „სმარტ კაპიტალ ქონსალთენსიმ“ და „ორბი ჯგუფ მილენიუმმა“.

"პოსტივის" რეკლამის ყველაზე მსხვილი კლიენტი კი აღნიშნულ სამ თვეში „მეამა“ იყო - ნახევარ მილიონ ლარზე მეტის რეკლამა მხოლოდ ამ კომპანიამ მიიტანა ტელეარხზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG