აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის კომენტარს სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
სოხუმში ამბობენ, რომ „საწვავის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში კვლავ ხორციელდება“.
„თუმცა, საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ვითარების გამო, საავტომობილო საწვავი აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის საკმარისი არ არის. ამასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ალტერნატიული წყაროებიდან საწვავის შესაძლო მიწოდების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
დე ფაქტო მთავრობის ცნობით, „საწვავის ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან ბენზინის მიწოდების შესაძლებლობის მოძიება“.
„როგორც ცნობილია, ომის შემდგომ 90-იან წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდანაც ხორციელდებოდა მიწოდება საქართველოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განახლება: „აფსნიპრესის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ასევე მითითებული იყო: „(საწვავის ბაზარზე) ვითარების განმუხტვის მიზნით გადაწყდა, რომ საქართველოდან საავტომობილო საწვავის შემოტანისთვის ხელის შეშლა არ მომხდარიყო, ასე ხდებოდა სხვა კრიზისული სიტუაციების დროსაც“; „აფხაზეთის ხელისუფლება ხელს არ შეუშლის რესპუბლიკაში სხვა ქვეყნებიდან საწვავ-საპოხი მასალების შემოტანას და მზად არის, ამაში დახმარება გაუწიოს საწვავის ბაზრის მონაწილეებს“. მალევე ეს მონაკვეთი კომენტარიდან წაიშალა.
„ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“
„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მან აფხაზეთში საწვავის დეფიციტთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ კითხვას უპასუხა.
„ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი.
კობახიძის განცხადებითვე, თუ საქართველოს მთავრობას შეუძლია აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეუმსუბუქოს მდგომარეობა, ეს გაკეთდება „ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
ოპოზიციის მოთხოვნა
ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები იმ კომპანიის დასახელებას ითხოვენ, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი მიაწოდა.
ოპოზიციური გაერთიანების, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ „საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული ინტერესების გათვალისწინებით, ასევე, რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გათვალისწინებით, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა ვერ ჩაითვლება კანონით დაშვებული ჰუმანიტარული ან სოციალ-ეკონომიკური მიზნებით გამართლებულად“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ არგუმენტი, თითქოს ეს ბენზინი, მათ შორის, გალში მცხოვრები ქართველების საჭიროებებს ხმარდება, „აბსოლუტურად არასანდოა“.
„ჩვენი ინფორმაციით, მიწოდებულ საწვავს სრულად განკარგავს საოკუპაციო რეჟიმი და საქართველოს თავისუფლების დაუძინებელი მტერი“, - აცხადებს ფავლენიშვილი.
- ტურისტული სეზონის პიკზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტია. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება.
ფორუმი