Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო

eKalata.gov.ge
eKalata.gov.ge

ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ekalata.gov.ge ჩაირთო. ვებსაიტი აერთიანებს 12 სუპერმარკეტში ფასდაკლებული პროდუქტების ნუსხას.

ვებსაიტის დამზადება 53 ათასი ლარი დაჯდა. თანხა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

იმის მიუხედავად, რომ ვებსაიტზე რამდენიმე სუპერმარკეტი ერთსა და იმავე პროდუქტზე აკეთებს ფასდაკლებას, ფასები მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება.

მაგალითად:

  • 800-გრამიანი შეფუთვით წიწიბურა „ნიკორაში“ 2,59 ლარი ღირს, იმავე მწარმოებლის იგივე პროდუქტი კი „აგროჰაბში“ - 1,99 ლარი;
  • უკრაინული გაყინული ქათამი 900-გრამიანი შეფუთვით „ლიბრეში“ 7,99 ლარი ღირს. იმავე მწარმოებლის პროდუქტი 1 კგ-იანი შეფუთვით „დეილიში“ - 4,49 ლარი;
  • „სანტეს“ რძე 1-ლიტრიანი შეფუთვით „გუდვილში“ 4,75 ლარი ღირს, „ზღაპარში“ - 3,5 ლარი;
  • მაწონი „სვანური“ 350-გრამიანი შეფუთვით: „ზღაპარში“ 2,2 ლარი ღირს; „მაგნიტში“, „ლიბრეში“, „დეილისა“ და „კალათაში“ - 1,49 ლარი.

ამჟამად უკვე არსებობს კერძო ინიციატივებით შექმნილი აპლიკაციები/პლატფორმები (მაგალითად, Dazoge, tetrisales), სადაც მითითებულია მიმდინარე ფასები და დღიური ფასდაკლებები პროდუქტებზე ქსელურ მარკეტებსა და აფთიაქებში. შესაძლებელია ფასების შედარებაც.

ფასების კომისიის დასკვნა

მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც პარლამენტში „ფასების კომისიამ“ 2026 წლის 1 მაისს გამოქვეყნებული დასკვნით დაადგინა, რომ პროდუქტების სიძვირის მიზეზი არა „გადაჭარბებული მოგება“, არამედ პროცესების არაეფექტურობაა.

გასული წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, - ევროპულთან შედარებით, - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა.

მიმდინარე წლის თებერვალში კი შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია, რომლის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი იყო. კომისიამ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა, შეხვდა ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს.

პირველ მაისს კომისიის თავმჯდომარემ, მილიონერმა დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ მიზეზი არა „გადაჭარბებული მოგება“, არამედ პროცესების არაეფექტურობაა.

3 ივნისს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ პროდუქტზე ფასების გაიაფება „ერთ თვეში ვერ მოხდება“.

"[პროდუქტების] გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი. ამ საკითხზე მუშაობდა კომისია და გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული. თუმცა ერთ თვეში ეს ნამდვილად ვერ მოხდებოდა“, - თქვა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG