Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი პატრიარქ კირილეს ცხოვრებაში - ცოლი თუ გარე ბიძაშვილი?


რუსეთის პატრიარქი კირილე და ლიდია ლეონოვა. ილუსტრირებული ფოტო
რუსეთის პატრიარქი კირილე და ლიდია ლეონოვა. ილუსტრირებული ფოტო

რუსეთის პატრიარქ კირილეს პირად ცხოვრებაზე ათწლეულებია კითხვები ჩნდება. ქალი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და მის ქონებას განკარგავს, ოფიციალურად კირილეს „გარე ბიძაშვილად“ არის გამოცხადებული, თუმცა “პროექტის” ჟურნალისტური გამოძიება ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, კირილეს, (ვლადიმირ გუნდიაევს) 50 წელია ჰყავს ცხოვრების თანამგზავრი, რომელიც მის ბინაში ცხოვრობს და, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ჩანაწერების თანახმად, საზღვარგარეთ მოგზაურობისას პატრიარქთან ერთად დაფრინავს. პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი მას პატრიარქის გარე ბიძაშვილს უწოდებს, მაგრამ, როგორც ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფმა „პროექტმა“ გამოარკვია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ქალი ასევე ფლობს გუნდიაევის ქონებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რასაც ჩვეულებრივ ასრულებენ სამოქალაქო მეუღლეები. ეს ურთიერთობა, რომელიც მართლმადიდებლური კანონიკით აკრძალულია, რამდენიმე ათწლეულია გრძელდება.

2019 წლის 5 თებერვალს, ღრუბლიან, მაგრამ თბილ დღეს, ბაქოში დაეშვა Airbus A318-112 Elite - დიდი სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც გადაკეთებულია VIP მგზავრების გადასაყვანად. ამ კლასის თვითმფრინავებს იყენებენ მაღალი თანამდებობის პირები ან ძალიან მდიდარი ადამიანები, მაგრამ ამჯერად ხომალდში სულ სხვა ვინმე იყო. მგზავრს გრძელი შავი ტანსაცმელი - ამქვეყნიური სიკეთეების უარყოფის სიმბოლო - ემოსა. აზერბაიჯანშიც კი, სადაც ისლამი დომინანტური რელიგიაა, ყველა, ვინც ამ უჩვეულო მგზავრს ნახავდა, მასში უთუოდ ამოიცნობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (РПЦ) პატრიარქ კირილეს, საერო ცხოვრებაში ვლადიმირ გუნდიაევს. კირილესთან ერთად ბიზნესჯეტიდან ჩამოვიდა ქალი.

რუსული მართლმადიდებლობის წინამძღვარი აზერბაიჯანში თავისი აღსაყდრების მეათე წლისთავს აღნიშნავდა, თანამგზავრი ქალისა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების, გოდ ნისანოვისა და გერმან ზაქარიაევის საზოგადოებაში.

სწორედ ნისანოვმა და ზაქარიაევმა გადააფრინეს პატრიარქი ბაქოში თავიანთი ბიზნესთვითმფრინავით (უცნობია, მათ ეკუთვნით თუ არა ის, მაგრამ გოდ ნისანოვი და მისი ოჯახი ყველაზე ხშირი მგზავრები არიან M-HHHH ბორტისა) და ცხრა დღის შემდეგ უკან, მოსკოვში გააცილეს. თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამავე ბიზნესმენებმა მოაწყვეს რუსეთის პატრიარქისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა. ალიევი კმაყოფილი იყო (შეხვედრის დეტალები აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა, ხოლო მისი პროტოკოლური ნაწილი ალიევის ვებსაიტზეა მოხსენიებული), რომ გუნდიაევმა თავისი აღსაყდრების წლისთავის აღსანიშნავად აზერბაიჯანი აირჩია.

უცნობია, რას აკეთებდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ოლიგარქებთან და ალიევის ოჯახთან ერთად. თუმცა ექვსი თვის შემდეგ, როდესაც კირილე ბაქოში დაბრუნდა და კვლავ შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, განაცხადა, რომ „უბრალოდ კი არ გაიცნო“ ალიევების ოჯახი, არამედ „სულიერად ძალიან დაუახლოვდა მათ“.

რუსეთის პატრიარქის თანამგზავრი ქალის სახელია ლიდია ლეონოვა; სწორედ მან გაატარა თებერვლის ის დღეები ბაქოში ბერ კირილესთან ერთად.

ლეონოვას სახელი პირველად მედიაში 2012 წელს გამოჩნდა, როცა აგორდა სკანდალი პატრიარქის ელიტარულ ბინასთან დაკავშირებით მოსკოვის სანაპიროზე მდებარე სახლში (სერაფიმოვიჩის ქუჩა N2). მედიაში სკანდალს „მტვრიანი საქმე“ ეწოდა, რადგან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გუნდიაევის ბინა გარკვეულ მომენტში სამშენებლო მტვრით აივსო ქვედა სართულის მეზობლის მიერ ჩატარებული რემონტის შედეგად. დამნაშავე აღმოჩნდა ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი იური შევჩენკო, რომელიც სიბერეში მღვდლად ეკურთხა და რომელმაც თავის დროზე მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია მომავალ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს (მაშინ შევჩენკომ სამედიცინო ალიბი მისცა პუტინის უფროსს, ანატოლი სობჩაკს). როგორც ჩანს, ორმა მღვდელმა ვერ შეძლო მტვერთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება და საბოლოოდ, შევჩენკოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში პატრიარქის ქონების დაზიანებისთვის. ჟურნალისტებმა ასე შეიტყვეს თავად პატრიარქის ბინის ამბავი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ: რატომღაც, „მტვრიან საქმეში“ მოსარჩელე იყო არა პატრიარქი, არამედ მის ბინაში რეგისტრირებული ქალი, ლიდია ლეონოვა.

კანონიკური სამართალი კრძალავს პატრიარქის ქორწინებას, ამიტომ ვითარებიდან გამოსაძრომად, ეკლესიას მოუწია გვარიანი გარჯა. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული პირებისგან გავრცელდა სხვადასხვა ვერსია, რომ თითქოს ლეონოვა იყო ხან „სულიერი და“, ხან - „ბიძაშვილი“, საბოლოოდ კი ისინი „გარე ბიძაშვილზე“ შეთანხმდნენ. პატრიარქის რეპუტაციის გადარჩენის სულიერი მისიის შესრულება სთხოვეს პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვს. სწორედ მან წამოაყენა „გარე ბიძაშვილის“ თეორია თითქოსდა კირილთან ჩაწერილი ინტერვიუს საფუძველზე (თავად ინტერვიუ არასოდეს გავრცელებულა ეთერში). სოლოვიოვის თქმით, პატრიარქმა თითქოს უთხრა მას, რომ თავად ამ ავბედით ბინაში, რომელიც ხელისუფლებამ აჩუქა, ერთი კვირაც კი არ უცხოვრია და რომ იქ მუდმივად ცხოვრობდა „მისი ორი გარე ბიძაშვილი“, ლეონოვა და კიდევ ერთი ქალი.

სწორედ ამ დეტალებმა, რომლებიც სოლოვიოვმა თუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის „პიარშიკებმა“ გამოიგონეს, საშუალება მისცა გამომძიებელ ჟურნალისტებს, დაამტკიცონ, რომ ლეონოვა პატრიარქის არანაირი და არ არის.

რუსეთის პატრიარქი კირილე
რუსეთის პატრიარქი კირილე

„ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ გუნდიაევსა და ლეონოვას ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. როგორც წესი, კირილეს ბიოგრაფები არაფერს ამბობენ ბერი პატრიარქის ცხოვრების ამ ასპექტზე. პატრიარქის ერთ-ერთმა ნაცნობმა შვეიცარიული პერიოდიდან გაიხსენა, რომ როდესაც ხორციელ ცდუნებებზე ეკითხებოდნენ, ახალგაზრდა კირილე ღიმილით უპასუხებდა, რომ ამ საქმეს ანაცვლებდა „კონტრასტული შხაპით“. თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია და სახელმწიფო პროპაგანდა რატომღაც წლების განმავლობაში იტყუებოდა პატრიარქთან ყველაზე ახლოს მყოფი ქალის შესახებ“, - ამბობენ „პროექტის“ გამომძიებელი ჟურნალისტები.

პირველ რიგში, სერაფიმოვიჩის ქუჩაზე მდებარე შენობაში მდებარე ბინა კვლავ პირადად პატრიარქის სახელზეა რეგისტრირებული (დაცვის ფედერალური სამსახურის მოთხოვნით დაფარულია „როსრეესტრში“), თუმცა სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული მრავალრიცხოვან გაჟონილ სამთავრობო მონაცემთა ბაზაში. ანალოგიურად, გაჟონილ მონაცემთა ბაზებში გვხვდება ლიდია ლეონოვას კვალიც ამ ბინაში. მაგალითად, 2022 წელს გაჟონილ მოსკოვის მცხოვრებლების მონაცემთა ბაზაში გუნდიაევი მითითებულია სერაფიმოვიჩის ქუჩა 2-ში, ხოლო ლეონოვას ნომერი - მის საკონტაქტო ტელეფონის ნომრად. არსად ჩანს, რომ ამ ბინაში ვინმე სხვას, თუნდაც ლეონოვას დას, უცხოვრია როდისმე.

მეორეც, ლეონოვას მართლაც ჰყავს და - ელენა ხოლოდოვა, რომელიც 2000-იან წლებში კერძო ბანკებში მუშაობდა, მაგრამ „მტვრიან საქმემდე“ ცოტა ხნით ადრე, მოულოდნელად გახდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული „პერესვეტ ბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. უფრო მეტიც, ხოლოდოვა გახდა ამ ბანკის მინორიტარი აქციონერი.

„სავარაუდოდ, ხოლოდოვა იყო ნომინალური ფიგურა, რომელიც ფლობდა თავისი დისა და თავად პატრიარქის აქციებს“, - ვარაუდობენ „პროექტის“ მკვლევრები: „2016 წელს ხოლოდოვამ დატოვა „პერესვეტი“, რომელიც მენეჯმენტის მიერ არასწორი ფინანსური მართვის შედეგად გაკოტრდა, თუმცა დასთან დღემდე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს, მაგრამ მიუხედავად გამოვლენილი ნდობისა, ხოლოდოვას, გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, არასდროს უცხოვრია პატრიარქის ბინაში (რაც ნიშნავს, რომ სოლოვიოვი და პატრიარქატი ცრუობდნენ) და არასდროს უმოგზაურია პატრიარქთან ერთად საზღვარგარეთ“.

მესამე, 2025 წელს ბევრად მეტია ცნობილი ვლადიმირ გუნდიაევის წინაპრების შესახებ, ვიდრე 2012 წელს იყო.

„ეს ასევე საშუალებას გვაძლევს, ეჭვი შევიტანოთ პროპაგანდის მტკიცებაში, რომ ლეონოვა პატრიარქის სისხლით ნათესავია, - განამარტავენ „პროექტში, - რამდენიმე წლის წინ, არქიმანდრიტმა ტიხონმა (ზატიოკინი) გამოაქვეყნა წიგნი „ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებელი, არქიელი ვასილი გუნდიაევი“, რომელშიც სახელმწიფო არქივების თანამშრომელთა დახმარებით ავტორმა შეაგროვა დეტალური ინფორმაცია პატრიარქის ოჯახის შესახებ, მისი დიდი ბაბუის ჩათვლით. რა თქმა უნდა, პატრიარქის ბიოგრაფი არ ახსენებს არავის, ვისაც გვარი ხოლოდოვი აქვს“.

სამაგიეროდ, 2004 წელს, როდესაც გუნდიაევი ჯერ კიდევ არ იყო პატრიარქი, მაგრამ უკვე ჰქონდა მიტროპოლიტის ჩინი, ჟურნალ „ოგონიოკში“ გამოქვეყნდა რელიგიათმცოდნის, ალექსანდრ სოლდატოვის სვეტი შემდეგი ჩანახატით:

„მის [კირილეს] არცერთ ოფიციალურ ბიოგრაფიაში არასდროს შესულა ლიდია მიხაილოვნა ლეონოვას, სკკპ ლენინგრადის საოლქო კომიტეტის მზარეულის ახალგაზრდა და მიმზიდველი ქალიშვილის გაცნობის ამბავი“.

1990-იან წლებში დები ხოლოდოვები რეგისტრირებული იყვნენ სანქტ-პეტერბურგში, ოდესის ქუჩაზე. აქვე იყო ჩაწერილი მათი მამა მიხეილ ხოლოდოვი (1914-2001). გუნდიაევის ოჯახისგან განსხვავებით, რომელთა წინაპრებიც განუყოფლად იყვნენ დაკავშირებული საეკლესიო მსახურებასთან, ხოლოდოვების მამა იყო გლეხი, რომელმაც ლენინგრადში გადასვლის შემდეგ თავისი კარიერის პიკზე კომუნისტური ნომენკლატურის სასადილოს დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

„ოგონიოკის“ მტკიცებით, კირილე გუნდიაევსა და ლეონოვას ოცდაათი წლის (ახლა უკვე ორმოცდაათზე მეტის) „ყველაზე თბილი ურთიერთობა აკავშირებდათ“, რაც „პროექტის“ თქმით, სიმართლეს შეესაბამება. 1971 წელს ლიდია ხოლოდოვა უკრაინელ მიხაილ ლეონოვზე დაქორწინდა. წყვილი, სავარაუდოდ, პირველივე წლებში დაშორდა ერთმანეთს, თუმცა საქმე ოფიციალურ გაყრამდე არ მისულა. მიხაილ ლეონოვის შემდგომი ბედი უცნობია. ცნობილია, რომ როდესაც 1984 წელს ვლადიმირ გუნდიაევი სმოლენსკში მიავლინეს მღვდელმსახურებისთვის, ლიდიაც ამ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. მოგვიანებით ქალი მასთან ერთად ცხოვრობდა პატრიარქის სახლში, მოსკოვში, სერებრიანი ბორში. ქსენია ლუჩენკო, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე ისტორიის შესახებ წიგნის ავტორი, „კეთილი ზრახვებით“ ციტირებს ადამიანს, რომელიც ხშირად სტუმრობდა გუნდიაევს, როდესაც ის ჯერ კიდევ მიტროპოლიტი იყო:

„ლიდია მიხაილოვნა ძალიან არის ჩართული მის [კირილეს] საქმეებში. მან იცის, როგორ მართოს სახლში ყველაფერი, ის მონაწილეობს მიტროპოლიტის ურთიერთობებში სხვადასხვა ადამიანთან, აკონტროლებს, ვის სჭირდება დახმარება, ვის სჭირდება საჩუქრები“.

შედარებისთვის, რესპონდენტი იხსენებს კირილეს ნამდვილ დას, რომელთანაც კირილეს განსხვავებული, უფრო დისტანციური ურთიერთობა აქვს და ვისაც ის დროგამოშვებით ხვდება. ლიდია ლეონოვასთან დაკავშირებით ლუჩენკოს თანამოსაუბრე ასკვნის, რომ „გარკვეულწილად გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ის გარე ბიძაშვილია“.

„პროექტი“ იხსენებს ჟურნალისტურ გამოძიებას „მამები და ბაბუები“, რომლის ფარგლებში „სამოქალაქო ცოლებად“ იქნენ სახელდებული ქალები, რომლებიც ცხოვრობდნენ მაღალი რანგის ჩინოვნიკების სახლებში, მოგზაურობდნენ მათთან ერთად, მაგრამ არ იმყოფებოდნენ ოფიციალურ ქორწინებაში.

„ლეონოვა სავსებით შეესაბამება ამ განმარტებას, - ამბობენ „პროექტის“ ავტორები, - ის ცხოვრობს იქ, სადაც პატრიარქი ცხოვრობს, ის დაფრინავს პატრიარქთან ერთად ნებისმიერ სხვა ვინმეზე ხშირად (ერთადერთი გამონაკლისი პატრიარქის პირადი ექიმია) და განკარგავს მის მეურნეობას. სახელმწიფო თანამდებობის პირები, როგორც წესი, თავიანთ ქონებასა და ბიზნესს ასევე არეგისტრირებენ „სამოქალაქო ცოლებზე“. ლეონოვა ყოველთვის ასეთ როლს ასრულებდა“.

„ოგონიოკმა“ ასევე აღნიშნა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისშიც კი, ლეონოვას საცხოვრებელ მისამართზე, სმოლენსკში, რეგისტრირებული იყო არაერთი კომერციული საწარმო, რომლებიც, ყველა, რაღაცნაირად დაკავშირებულია მიტროპოლიტ კირილესთან. ამჟამად, მაგალითად, ლეონოვაზეა გაფორმებული ოჯახური კომპანია მრავლისმეტყველი სახელით „ვლადოლიდი“. (სავარაუდოდ, ვლადიმირისა (კირილეს საერო სახელი) და ლიდიას პორტმანტო).

ლიდია ლეონოვას ძირითადი საქმიანობაა მის საკუთრებაში არსებული და იჯარით აღებული უძრავი ქონების მართვა. როგორც „პროექტმა“ აღმოაჩინა, ეს კომპანია ამჟამად ფლობს 200 კვადრატული მეტრის კომერციულ ფართს სანქტ-პეტერბურგის საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც 1874 წელს აშენდა კრიუკოვის არხის სანაპიროზე, „ტორგოვი მოსტის“ კუთხეში. ლეონოვას ასევე პირადად ეკუთვნის ამავე ბინაში 120 კვადრატული მეტრის ფართობი, რომელიც მას იუგოსლავიური წარმოშობის შვეიცარიელმა, ალექსანდრ დმიტრიევიჩმა აჩუქა.

ასევე ლეონოვაზეა გაფორმებული მიწის ნაკვეთები (NN1493, 1497) და სახლი სოფელ სივკოვოში, მოსკოვის ოლქში, პარკ „პატრიორტის“ მოპირდაპირე მხარეს, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი საკათედრო ტაძარი მდებარეობს. რუსეთის საპატრიარქოს ეს ტაძარი დიდი ხანია მილიტარიზმისა და ეკლესიისა და სახელმწიფოს შერწყმის სიმბოლოდ მიიჩნევა. მის კედლებზე იოსებ სტალინია გამოსახული. ასევე აპირებდნენ ვლადიმირ პუტინის, სერგეი შოიგუს და ვალენტინა მატვიენკოს გამოსახულებების დახატვას, თუმცა ბოლო მომენტში (ესკიზები გაკეთებული იყო), როგორც ჩანს, გადაიფიქრეს.

ლეონოვაზეა გაფორმებული დაახლოებით 60 მილიონი რუბლის ღირებულების ბინა, რომელიც მდებარეობს წმინდა მოწამე ვლასიუსის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, მოსკოვში. 2025 წლის ზაფხულში კირილემ პირადად აკურთხა ამ ეკლესიის ცენტრალური საკურთხეველი. თუმცა, სავარაუდოდ, ლეონოვას ბინიდან ის დადის არა ამ ნაკლებად ცნობილ ეკლესიაში, არამედ ქრისტეს მაცხოვრის ტაძარში, რომელიც ზუსტად ერთ კილომეტრში, ხუთი წუთის სავალზე მდებარეობს. სხვათა შორის, ოჯახის ყველა მანქანაც ლეონოვას სახელზეა რეგისტრირებული. 15 წლის წინ ეს იყო Lexus RX450H, 2013 წელს - BMW X3, ხოლო 2021 წელს ავტოპარკს BMW X5 დაემატა. პატრიარქი კირილე, როგორც ცნობილია, დიდი ხანია ამ მარკის ავტომობილების თაყვანისმცემელია (მაგალითად, შვეიცარიაში მსახურების დროს, ის პირადად მართავდა თეთრ BMW-ს, რომლითაც 1974 წელს სერიოზულ ავარიაში მოყვა).

„პროექტის“ თანახმად, მითური „გარე ბიძაშვილების“ გარდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს მართლა ჰყავს ნამდვილი და - ელენა გუნდიაევა, რომლის კარიერა ნებისმიერი სხვა მაღალი რანგის რუსი ჩინოვნიკის ნათესავის კარიერის მსგავსია: უცხო ენების კურსების დასრულების შემდეგ, მუშაობა დაიწყო საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილებაში, რომელსაც სხვადასხვა დროს მისი ძმები ხელმძღვანელობდნენ: ჯერ ნიკოლაი გუნდიაევი იყო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 1989 წლიდან მომავალი პატრიარქი დაახლოებით ორი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობა მას. შემდეგ ელენა გაუნდიაევა მუშაობას იწყებს ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში.

თუმცა მისი სწრაფი კარიერული ზრდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მხოლოდ ორი ათწლეულის შემდეგ იწყება. კირილეს პატრიარქად კურთხევის შემდეგ მას აწინაურებენ სასულიერო აკადემიის რექტორის თანაშემწედ (კულტურული და საგანმანათლებლო სამუშაოების ორგანიზების საკითხებში), შემდეგ კი ნიშნავენ პრორექტორად და საეკლესიო ხელოვნების ფაკულტეტის დეკანად.

„თუ ვიმსჯელებთ როგორც თანამშრომლების, ასევე სტუდენტების კომენტარებით, პატრიარქის დისგან საშუალო დონის დეკანი დადგა, რომელსაც ხშირად უჩიოდნენ ავტორიტარული მართვის გამო. უკმაყოფილო სტუდენტებმა ის ამორალურ ცხოვრების წესში დაადანაშაულეს, მათი მტკიცებით, დეკანმა შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა“, - ნათქვამია „პროექტის“ გამოძიებაში.

„პროექტის“ მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, ელენა გუნდიაევა ოფიციალურად არასდროს ყოფილა გათხოვილი. თუმცა 36 წლის ასაკში გააჩინა ქალიშვილი რაისა, რომლის დაბადების მოწმობაში მამად მითითებულია გამოგონილი სახელი „გუნდიაევი გენადი მიხაილოვიჩი“. „პროექტის“ მიერ განხილული სამთავრობო მონაცემთა ბაზების თანახმად, ამ სახელის მქონე პირს არასდროს უარსებია.

რუსეთის მართლმადიდებლურ საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ პატრიარქის დას ბავშვი აწ გარდაცვლილ ეპისკოპოს მარკელისგან (ნამდვილი სახელი გერმან ვეტროვი), სანქტ-პეტერბურგის ეპარქიის ვიკარიუსისგან, შეეძინა.

რა თქმა უნდა, პატრიარქის მსგავსად, ეპისკოპოსსაც ეკრძალებოდა ქორწინება, მით უმეტეს ქორწინების გარეშე კავშირში ჩართვა, ამიტომ, სავარაუდოდ, გოგონას ფიქციური მამის სახელი მიენიჭა (გენადის ასული და არა გერმანეს ასული). საინტერესოა, რომ პატრიარქის დის ამ საჩოთირო ისტორიების დასაფარად ეკლესიამ რუსეთის ხელისუფლების ცენზურის მთელი სიმძლავრე გამოიყენა: "როსკომნადზორი" ბლოკავს ელენა გუნდიაევას შვილის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას.

რუსეთის პატრიარქის დის ქალიშვილი ამჟამად 40 წლისაა. ის დედის კვალს გაჰყვა და მასთან ერთად მუშაობს სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დირიჟორობის კათედრაზე. რაისა გუნდიაევა ახლა პირველი ქმრის, დიაკვან კლიკოვის გვარს ატარებს. მეორედ გათხოვდა, თუმცა ქორწინება არ დაურეგისტრირებიათ, რადგან მეორე ქორწინება ეკლესიაში, როგორც წესი, სიძვად მიიჩნევა და იგმობა.

„პროექტის“ ჟურნალისტების თქმით, კირილესა და ლიდიას ბაქოში ვიზიტს (2019 წ) გარკვეული პოლიტიკური შედეგები მოჰყვა: როდესაც აზერბაიჯანმა მოგვიანებით გადაწყვიტა მთიანი ყარაბაღის სამხედრო გზით დაბრუნება, რუსეთის პატრიარქის შუამავლობით მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა მეომარი ქვეყნების სულიერ ლიდერებს - სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-სა და კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ალაჰშუკურ ფაშაზადეს შორის.

„ეს შეხვედრები მრავალმა მედიასაშუალებამ გააშუქა, თუმცა რუსულმა პრესამ გამოტოვა ის, რომ პატრიარქი მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე შეხვდა ოლიგარქ გოდ ნისანოვს. უცნობია, რა განიხილეს მათ, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანელი ოლიგარქი კირილესა და მისი ოჯახის საიდუმლო მოგზაურობის სპონსორია“, - წერს „პროექტი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG