Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვები წიწამურიდან და ილიას წითელი ბაირაღი


რა განძი იპოვა ილია ჭავჭავაძემ წიწამურში, სადაც წლების შემდეგ მკვლელები ჩაუსაფრდნენ?

ილიას უყვარდა სტუმრების მიღება საგურამოს მამულში, კაკლების ძირში, სადაც მისი დანატოვარი ქვის მასიური მაგიდები დღემდე დგას. სწორედ ამ ქვებს უკავშირდება წიწამურში ოქროს განძის უშედეგო ძებნის ისტორია. ილია ჭავჭავაძის ყოფილი მეეტლე ილო ჩალაური იხსენებს ამ ამბავს. თურმე, ილიამ დაიჯერა თქმულება, რომ წიწამურში ერთ ადგილას ხაზინა არის დამარხული:

ილია ჭავჭავაძე. მხატვარი გიგო გაბაშვილი
ილია ჭავჭავაძე. მხატვარი გიგო გაბაშვილი

„ილიას ინტერესი ჰქონდა იმ ადგილის გათხრისა. ერთხელ მოახერხა, წაგვიყვანა აქაური რამდენიმე კაცი და დაგვაწყებინა იმ ადგილის გათხრა. ჩვენ კარგა ხანი მოგვიხდა მუშაობა იმ მიწის მოთხრაზე. ილია იჯდა და გვიყურებდა. მე შევატყვე, რომ ცოტა ეძინებოდა ილიას. მე ვუთხარი: ბატონო! ჩვენა ვმუშაობთ და თქვენ რაღათ სწუხდებით, მიბრძანდით ემანდ ახლო, კარგი მწვანეა და იქ დაისვენეთ-მეთქი! არ მინდა, რომ დავიძინო, ბიჭო, იქნებ რამე გამოჩნდება მიწაშიო, სთქვა ილიამ. მერე ვუთხარი, თუ კი რამე გამოჩნდება, ღმერთი იყვეს თავდები, რომ ჩვენ არას დავმალავთ-მეთქი. ახლა ილიამ მითხრა, არა, ბიჭო, მე იმას კი არ ვამბობ, რომ თქვენ დამალავთ, მე ის მინდა, რაც გამოჩნდება გამოჩენისთანავე ჩემი თვალით დავინახოვო. მოვთხარეთ, მაგრამ დიდი ფიქალის ქვის მეტი არაფერი გამოჩნდა, ამოვიტანეთ ის ფიქლები და და ილიამ თავის კაკლების ქვეშ მაგიდებად გაგვამართინა“.

თავდაპირველად ოთხი მაგიდა იყო, თუმცა დღეისათვის მხოლოდ სამია შემორჩენილი. ერთი, დროთა განმავლობაში, გაიბზარა და გატყდა. ამ მაგიდის ნაშთებიც იქვე, შორიახლოა დაწყობილი.

ილიას არა თუ უყვარდა სტუმრების მიღება საგურამოს მამულში, არამედ სოფელში მოსვლისას, საგანგებოდ, წითელ ბაირაღსაც კი გადმოჰკიდებდნენ ხოლმე ნიშნად იმისა, რომ ვისაც ილიასთან საქმე ჰქონდა, იმას გაეგო და მისულიყო საქმის გასაკეთებლად.

ეს წითელი ბაირაღი თბილისელი ხელოსნის გ. ქუმარიტაშვილის მიერ იყო დამზადებული საგანგებოდ ილიასთვის 1896 წელს.

ბაირაღის წინა მხარეს ვერცხლისფრად ამოქარგულია ფრაგმენტი ილიას პოემიდან „მეფე დიმიტრი თავდადებული“: „კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვა კი გზას უნათვიდეს“. ასევე ამოქარგულია: სამელნე, კალამი (ბატის ფრთა) და ილიას ავტოგრაფი.

ბაირაღის უკანა მხარეს ვერცხლისფრადვე ამოქარგულია ილიას ინიციალები „ი.ჭ.“ რომელსაც თავზე ადგას გვირგვინი.

ილიასთან ნამსახურები საგურამოელი ქალის, პელო ლაბაურის მოგონებებში ვკითხულობთ: „როცა ილია ჩამოვიდოდა საგურამოში, ბაირაღს აუშვებდნენ და ამით ანიშნებდნენ გლეხებს, თუ ვის რა დარდები ჰქონდათ, მისულიყვნენ და შეეჩივლათ“.

111 წელი გავიდა ილიას მკვლელობიდან. 111 წელია, ილიას სახლის თავზე ბაირაღი არ აფრიალებულა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG