პროკურატურა ამბობს, რომ 25 წლის ქალმა 22 წლის ქმარი გულში დანის დარტყმით მოკლა. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა (სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტი).
თუკი ნაფიცი მსაჯულები ბრალდებულს გაამტყუნებენ, ახალგაზრდა ქალის სასჯელი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.
თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. ის ამბობს, რომ ლუკამ თავი მოიკლა.
27 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ, ყველაზე დიდ დარბაზში, 22 წლის ლუკა დარასელიას მკვლელობის საქმის განხილვა მთელ დღეს გაგრძელდა. გამოიკითხა ექსპერტი-ფსიქოლოგი; ექიმი, რომელმაც დაჭრილ კაცს ოპერაცია გაუკეთა; თეკლა გერსამიას დედა.
თეკლა გერსამიას შავი ჟაკეტი აცვია და გრძელი თმა უკან აქვს შეკრული, სხდომის მსვლელობისას ხმას არ იღებს. ის მხოლოდ ერთ მომენტში იტყვის: "ნუ მიყურებ" და ტირილს იწყებს, როდესაც დარბაზში დედამისი შედის.
დღის ბოლოს, როდესაც მოწმეების გამოკითხვა დასასრულს უახლოვდებოდა, მოსამართლემ დამსწრეებს დარბაზის დატოვება მოსთხოვა.
სასამართლოს დერეფანში გამოსულმა პროკურორმა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა: „ბრალდების მხარის დამსწრეები ფოტოებს იღებდნენ. ამიტომ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი დაიხურა. ყველა მომდევნო სხდომა იქნება დახურული“.
სხდომათა დარბაზში მხოლოდ ლუკა დარასელიას დედა შეუშვეს, ის „დაზარალებულის უფლებამონაცვლეა“. მას გულზე შვილის ფოტო ეკიდა და მოწმეთა გამოკითხვისას, ემოციების შესაკავებლად, ხან სკამს ეჭიდებოდა, ხან ფეხზე ირტყამდა მუჭს.
რა მოხდა 2025 წლის 22 აგვისტოს?
პროკურატურის მტკიცებით, ამ დღეს ვაჟა-ფშაველაზე, ერთ-ერთი რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, კიბის უჯრედში, შუადღის პირველი საათისთვის, თეკლა გერსამიამ ქმარი სამზარეულოს დანით დაჭრა.
ახალგაზრდა კაცი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. 27 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, გიორგი წიკლაურმა, ქირურგმა, რომელმაც დაჭრილ კაცს ოპერაცია გაუკეთა, თქვა:
„ჭრილობა იყო მკერდის ძვლის მარცხენა მხარეს. იყო გულის, ფილტვის, პლევრის დაზიანება. ყველა შრე იყო გავლილი ამ ჭრილობით. იყო გულის უმძიმესი დაზიანება. დარღვეული იყო ძგიდის მთლიანობა. ამ ტიპის ჭრილობის შემთხვევაში, გადარჩენის მიზერული შანსიც კი შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იყოს... 5-6 ლიტრი სისხლიდან დაახლოებით 4,5 ლიტრი დაკარგული იყო. ჩატარდა ოპერაცია, მაგრამ მისი სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ბიოლოგიური სიკვდილი საოპერაციოში დაფიქსირდა“.
რა გაიხსენა სასწრაფოს ექიმმა სხდომათა დარბაზში
გასული წლის 25 აგვისტოს, სასამართლო სხდომაზე თეკლა გერსამიამ, რომელიც ბრალს არ აღიარებს, თქვა: „თუ მე ადამიანი განზრახ მოვკალი და ამაში მედება ბრალი, მაშინ ეს ადამიანი ჩემივე ხელით რატომ ვატარე მთელი სადარბაზო, რატომ მიმყავდა სასწრაფოში ჩემი ხელით?“
რვატომიან საქმეში დევს გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებშიც მართლაც ჩანს, რომ თეკლა გერსამია მირბის სასწრაფო დახმარების ცენტრში, რომელიც იმავე კორპუსის პირველ სართულზეა და შესასვლელი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან აქვს.
ეს სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა სასწრაფო დახმარების იმ ექიმმაც, რომელმაც 22 აგვისტოს ლუკა დარასელიას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია და კლინიკაში გადაიყვანა:
„შიგნით ვიყავი, ქალის ტირილის, კივილის ხმა გავიგე, შველას ითხოვდა. სწრაფად გამოვედი გარეთ, ახალგაზრდა ქალბატონი დამხვდა, რომელიც შველას ითხოვდა, ტიროდა, წამოდით, ჩქარა დამეხმარეთო, იძახდა. ჩავსხედით სასწრაფოს მანქანაში, იქვე კორპუსთან რომ შემოვატრიალეთ, დავინახეთ, ბოლო სადარბაზოსთან იდგა [ის] ქალბატონი, რომელიც [მანამდე] შველას ითხოვდა.
არ ვიცოდი რაზე მივდიოდით, ჩვენ ყოველთვის კითხვას ვსვამთ - რა მოხდა და პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ სასწრაფოს მანქანიდან ყველაფერი ავიღეთ. ქალბატონი შევიდა, ცარიელი სადარბაზო იყო, კიბე ავიარეთ, მეორე კიბის პარალელურად, კიბის უჯრედზე, სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იწვა..."
გარეცხილი დანა?
გამოძიება ირწმუნება, რომ სანამ დაჭრილ კაცს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში ათავსებდნენ, თეკლა გერსამია დაბრუნდა სადარბაზოში, აიღო დანა, რომლითაც ქმარი დაჭრა, ავიდა სახლში, მეექვსე სართულზე და გარეცხა, ანუ „კვალი წაშალა“. შემდეგ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაბრუნდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით გაჰყვა ქმარს კლინიკაში.
თეკლა გერსამია ამ ამბავს ასე ხსნის:
„დანა არ არის გარეცხილი, უბრალოდ ჩაგდებულია [ნიჟარაში], [საჭმელს ვაკეთებდი და] ონკანი იყო მოშვებული. როდესაც ლუკა ჩაიყვანეს და მე უკან ამოვბრუნდი, რომ ბავშვი ჩამეყვანა, დანა, რომელიც ისევ იქ ეგდო, ავიღე, პირდაპირ ონკანში ჩავაგდე, ავიყვანე ბავშვი და გავყევი ლუკას სასწრაფოსთან ერთად“, - თქვა ბრალდებულმა ქალმა ჯერ კიდევ 2025 წლის 25 აგვისტოს, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი წინასწარი პატიმრობის საკითხს განიხილავდნენ.
ფარული ჩანაწერი
27 მარტს, სანამ თეკლა გერსამიას სასამართლო პროცესი დაიხურებოდა, დარბაზში მოვისმინეთ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც 22 აგვისტოს პოლიციის განყოფილებაშია გაკეთებული.
ამ ჩანაწერის თანახმად, თეკლა გერსამია ესაუბრება სამართალდამცავს. ჩანაწერში ის აღიარებს, რომ ქმარს დანა ნამდვილად მან ჩაარტყა, თუმცა „არ უნდოდა“.
ჩანაწერის იმ მონაკვეთში, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს დარბაზში წარმოადგინა, მშვიდი დიალოგი ისმის - პოლიციელი ცდილობს ქალი დაარწმუნოს, რომ მისი დახმარება სურს. ქალმა არ იცის, რომ ეს საუბარი იწერება.
თეკლა გერსამია იხსენებს, რომ იმ დღეს ქმართან ერთად მაღაზიაში იყო, იქიდან დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ ლუკამ სახლში „მოპარული ნივთები“ მიიტანა, ამის გამო დაიწყო კონფლიქტიც.
სამართალდამცავი: ძალიან კარგი გოგო ხარ, თბილი, მოსიყვარულე დედა. მოდი, მოყევი თანმიმდევრულად...
თეკლა გერსამია: ჩხუბი დავიწყეთ. ვენტილატორი აიღო, მერე სკამს ურტყამდა წიხლს, სხვის სახლს ლეწავდა (თეკლა, მისი 4 წლის შვილი და ლუკა დარასელია ამ ბინაში დროებით ცხოვრობდნენ - რ.თ.)... მწვანე დანა მაგიდაზე იდო... სადარბაზოში კიბეზე ჩავდიოდით, იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, გავუქანე, ოღონდ განზრახ არა და "ვსიო", ერთხელ ჩავარტყი, წინა მხარეს. ერთი წამი და დავარდა. გავიქეცი სასწრაფოში, ამოვიყვანე სასწრაფო და გავიქეცი ბავშვთან, დანა „რაკოვინაში“ ჩავაგდე... გავყევი კლინიკაში და მერე წავედი დედასთან. დედასთვის არ მითქვამს, რომ დავარტყი“.
სამართალდამცავი: ხო გულახდილი ხარ?
თეკლა გერსამია: კი, კი.
სამართალდამცავი: შენსკენ ვართ სამართლებრივად, რომ გარემოებამ მიგიყვანა აქამდე. ეს უნდა შეფასდეს სამართლებრივად. რა იქნება, როგორ იქნება, ამას ვერ გეტყვი. შეფასდება. შენი უფლებები დაცული იქნება ყველანაირად. ვითანამშრომლოთ.
თეკლა გერსამია: ძალით არ გამიკეთებია, იმდენად ხშირად მაყენებდა შეურაცხყოფას, მლანძღავდა...
თეკლა გერსამიას ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს „იძულებითი აღიარება“ გამოძიებამ ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოიპოვა.
ამბობს, რომ გამოძიებას არ აქვს არცერთი მყარი მტკიცებულება, რომელიც განზრახ მკვლელობას დაადასტურებდა:
„შუადღის 4 საათიდან 8 საათამდე მიმდინარეობდა ამ გოგოს დამუშავება. მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. არ განუმარტეს არც დუმილის უფლება, არც ის, რომ უფლება აქვს ადამიანს, არ მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება. ყოველგვარი განმარტების გარეშე, პოლიციის მაღალჩინოსანმა, ვინმე ზვიად ნოზაძემ, ის ფარულად ჩაწერა. როდესაც გოგონა ამბობს, რომ მან ჩაარტყა დანა, ეს თითქოსდა აღიარებითი ჩვენება, მოპოვებულია სწორედ ზეწოლის შედეგად“.
პოლიციელების ზეწოლაზე საუბრობდა თეკლა გერსამია 2025 წლის 25 აგვისტოს, აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე. მაშინ მან თქვა:
„ჩემს გარშემო იყო ათი ადამიანი, მათ შორის ეს ადამიანი, პროკურორი, მიმეორებდა, შენ ჩაიდინე, შენ დაჭერი, მოაწერე ოქმს ხელი და წახვალ შენს შვილთან. მე მყავს 4 წლის გოგო და იმწუთას რასაც მეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებდი. ბოლოშიც ვიმეორებ, ხომ გამიშვებთ სახლში. იმის გამო ვთქვი რაც ვთქვი, რომ დავბრუნებულიყავი ჩემს შვილთან. ნახევარი არ მახსოვს, რაც მოვყევი“.
პაატა მეხრიშვილი ამბობს, რომ ამ აუდიო-ვიდეო ჩანაწერითაც კი არ იკვეთება, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა:
„ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერანაირ ობიექტურ კრიტიკას ვერ უძლებს, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა და შესაბამისად, ეს უნდა გამოირიცხოს ერთმნიშვნელოვნად. მაგრამ თუკი ვინმემ ჩათვალა, რომ ეს არის თეკლა გერსამიას მიერ ჩადენილი ქმედება, ანუ მისი ხელით მოხდა ჭრილობის მიყენება, ეს არის ნებისმიერ შემთხვევაში, გაუფრთხილებლობა.
მაგრამ ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ჩვენ მაინც ვამბობთ, რომ ეს არ იყო თეკლას მიერ ჩადენილი ქმედება და ვამბობთ, რომ ეს, რა თქმა უნდა, იყო თვითმკვლელობა“, - ამბობს თეკლა გერსამიას ადვოკატი, რომელიც ირწმუნება, რომ ლუკა დარასელიას მანამდეც არაერთხელ ჰქონია თვითდაზიანების მცდელობა, რაც, მისი თქმით, ერთ-ერთმა მოწმემ, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა, სასამართლოს სხდომაზეც დაადასტურა:
„სამწუხაროდ, ბიჭს ჰქონდა არაერთგზის თვითდაზიანების მცდელობა, ხელების დასერვის მცდელობა. 30 მარტს გამოვკითხეთ ბიჭის მამიდა, რომელმაც თქვა, რომ ერთხელ, როდესაც ბიჭი თეკლაზე გაბრაზდა, კედელს ისე მიარტყა მუშტი, რომ ხელი მოიტეხა და თაბაშირი დასჭირდა და ეს მტკიცებულებაც გამოკვლეულია.
მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ბიჭს თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული, ალბათ უფრო თვითდაზიანება. მას ვერც წარმოედგინა, რომ გულში მოხვდებოდა დანა, რადგან ჭრილობა მარცხენა ზედა მხარეს არის მიყენებული [სხდომაზე ეს ქირურგმაც დაადასტურა - რ.თ.] და არა იქ, სადაც გულია. ეს იყო თვითდაზიანების მცდელობა, რადგან თეკლამ ის გააგდო, როდესაც ლუკა მოპარული ნივთებით დაბრუნდა სახლში“, - ამბობს პაატა მეხრიშვილი.
“გავაფრთხილე, რომ თეკლასთან ურთიერთობა გაეწყვიტა“
27 მარტს სასამართლოში გამოიკითხა ბრალდებული თეკლა გერსამიას დედა, ილონა ლეჟავა.
გამოკითხვის დაწყებამდე მან ბოდიში მოუხადა და მიუსამძიმრა დარბაზში მსხდომ ლუკა დარასელიას ოჯახის წევრებს.
ქალი იხსენებს, რომ ის თეკლასა და ლუკას ურთიერთობის წინააღმდეგი იყო და ამის შესახებ, გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, პირდაპირ უთხრა ლუკას.
„თავიდან თეკლა მეუბნებოდა, რომ მეგობრობდნენ, მეუბნებოდა, რომ პრობლემები ჰქონდა და ეხმარებოდა. მითხრა, რომ ჰქონდა პირობითი მსჯავრი, ადრე იჯდა ციხეში. ისეთ რაღაცებს მიყვებოდა, რომ რაღაც არ მომწონდა. თეკლაც თითქოს გაუცხოვდა.
10 ივნისს დედაჩემმა დამირეკა, რომ თეკლასთან იყო მისული ლუკა და კარი მოუნგრევიაო. თეკლასთან რომ მივედი, ანერვიულებული დამხვდა, მგონი, ამ ბიჭს ვუყვარვარ და ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი მოგვივიდაო“.
ქალი ჰყვება, რომ იმავე საღამოს შეხვდა ლუკა დარასელიას:
„გავაფრთხილე, რომ თეკლასთან ურთიერთობა გაეწყვიტა. ვუთხარი, რომ თუ თეკლასთან ურთიერთობას გააგრძელებდა, პოლიციაში განცხადებას დავწერდი და მოვითხოვდით შემაკავებელ ორდერს“, - იხსენებს თეკლა გერსამიას დედა.
ის ამბობს, რომ ამ დღის შემდეგ, დარწმუნებული იყო, რომ ლუკა დარასელიას და მის შვილს ურთიერთობა აღარ ჰქონდათ.
მათი ურთიერთობის შესახებ კი მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც 22 აგვისტოს ატირებულმა შვილმა დაურეკა:
„კლინიკიდან დამირეკა, გამართულად ვერ საუბრობდა. ტიროდა, ახსენებდა ლუკას. გავბრაზდი, კიდევ ლუკას როგორ ახსენებს-მეთქი. დამელაპარაკა კლინიკის წარმომადგენელიც, რომ თეკლა იქ იყო ბავშვთან ერთად და იყვნენ ძალიან ანერვიულებულები, ტიროდნენ. სალონში ვიყავი, პროცედურაზე, ვუთხარი, ჩაჯექი ტაქსიში და აქ მოდი-მეთქი. შუადღის 2 საათი არ იყო, თეკლა რომ მოვიდა..."
ილონა ლეჟავას გამოკითხვის დასრულებას სასამართლოს დარბაზში ვეღარ დავესწარით, რადგან მოსამართლემ სხდომა სწორედ მისი გამოკითხვის მსვლელობისას დახურა.
რა უთხრა ფსიქოლოგს თეკლა გერსამიამ და რა თქვა ფსიქოლოგმა სხდომაზე?
თეკლა გერსამიას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მის შერაცხადობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექიმი-ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ორი კვირის განმავლობაში სწავლობდნენ. ეს პერიოდი 25 წლის ქალმა ბიუროს სტაციონარში გაატარა.
მარინა მათიაშვილს, ექსპერტ-ფსიქოლოგს უნდა შეესწავლა, როგორი იყო ქალის ზოგადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ასევე დაედგინა, დანაშაული, რომელსაც ქალს ედავებიან, ჩადენილი იყო თუ არა აფექტის მდგომარეობაში.
თეკლა გერსამიას მის მიმართ წაყენებული ბრალი მარინა მათიაშვილთან არ უღიარებია.
27 მარტს სასამართლოს სხდომაზე ფსიქოლოგმა ბრალდებულთან საუბრის შინაარსის ნაწყვეტი წაიკითხა:
„ფრესკოდან“ რომ დავბრუნდით, აღმოჩნდა, რომ ლუკას რაღაც მოუპარავს, ვიკამათეთ. მერე გავარდა, შემომესმა სადარბაზოდან ხმა, მიშველეო და გავედი. კისერზე თითქოს საყელოს იწევდა, წამიერად ამოვაცალე დანა, იმ კორპუსშივეა სასწრაფო და იქ ჩამყავდა. კიბეზე გონება დაკარგა, დამძიმდა და ვეღარ ჩავიყვანე..."
იყო თუ არა ქმედება ჩადენილი ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში - გამოძიების მიერ დასმულ ამ კითხვაზე პასუხი მარინა მათიაშვილმა მხოლოდ საქმის მასალებზე და ფარულ ჩანაწერში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადა.
„აბსოლუტურად შორს არის ფიზიოლოგიური აფექტისგან“, - თქვა სასამართლოს სხდომაზე ექსპერტ-ფსიქოლოგმა და შეეცადა აეხსნა, რა ახასიათებს აფექტურ მდგომარეობას და რატომ ვერ დაინახა ეს მდგომარეობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
„ინფორმაციის მოწოდებისას მან [თეკლამ - რ.თ.] ბრალად შერაცხული ქმედება [დანის განზრახ ჩარტყმა - რ.თ.] არ დაადასტურა. თუმცა რა მასალებიც გადმომცა გამოძიებამ, იმაზე დაყრდნობით დავადგინე, რომ აფექტი არ არსებობდა.
ფიზიოლოგიური აფექტი არის განსაკუთრებული ემოციურ-ფიზიოლოგიური მდგომარეობა. თუკი პირის ქმედებაში ჩანს თუნდაც მცირე სტრატეგია, ეს ნიშნავს, რომ აფექტი აღარ არის.
საქმის მასალებში ჩანს, რომ წარმოიშვა კონფლიქტი, მსხვერპლი გარბის, თეკლა მისდევს, იქ ხდება რაც ხდება, აყენებს დარტყმას და შემდეგ, როგორც მახსოვს, ჩაჰყავს რამდენიმე სართული ქვევით, სასწრაფოში, მერე ახსენდება, რომ შვილი ჰყავს დატოვებული, ადის სახლში შვილთან, ჩამოჰყავს შვილი და მიჰყვება სასწრაფოს. აქ ვხედავთ რამდენიმე ტიპის სხვადასხვა, გააზრებულ ქმედებას, რაც გამორიცხავს აფექტს. ასე არ ხდება აფექტის დროს. აბსოლუტურად ადეკვატურია მისი ქმედებები, რაც აფექტს არ ახასიათებს. აბსოლუტურად შორს არის ფიზიოლოგიური აფექტისგან. დანის გარეცხვაც გამორიცხავს აფექტის მდგომარეობაში ჩადენილ ქმედებას“, - თქვა სასამართლო სხდომაზე ფსიქოლოგმა.
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის მოლოდინში
თეკლა გერსამიას საქმეზე ვერდიქტი 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა უნდა გამოიტანოს. მათგან რვა ქალია, ოთხი - კაცი.
27 მარტს გამართული, უკანასკნელი, ღია სასამართლო სხდომის მსვლელობისას, #1 ნაფიცი მსაჯული სათადარიგო მსაჯულით ჩაანაცვლეს, რის გამოც ძირითად შემადგენლობაში მყოფ შვიდ ქალ მსაჯულს, მერვე ქალი მსაჯული შეემატა.
ნაფიც მსაჯულთა ძირითადი შემადგენლობა სასამართლოს ექიმის რეკომენდაციითა და მოსამართლის გადაწყვეტილებით შეიცვალა - მძიმე ემოციური ფონის გამო #1 მსაჯული შეუძლოდ გახდა და პროცესის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების საქმეებს განიხილავენ. ბრალდებულს აქვს უფლება მოითხოვოს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განიხილოს სასამართლომ.
თეკლა გერსამია თავის საქმეში ნაფიც მსაჯულთა ჩართვას დასთანხმდა.
„ჩვენ არ გვაქვს სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობა... ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუცია სწორედ იმას ემსახურება, რომ ხალხმა თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით შეაფასოს ყველა ფაქტობრივი გარემოება. მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც არ გაიზიარებს და არ იტყვის, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა“, - ამბობს ქალის ადვოკატი, რომელსაც გამამართლებელი ვერდიქტის მოლოდინი აქვს:
„ორი მიზეზის გამო. ერთი, რომ განზრახ მკვლელობას ვერ ადასტურებს ბრალდების მხარე და მეორე, როგორ იქცევა თეკლა ამ ფაქტის შემდეგ. ეს მეტყველებს განზრახვის არარსებობაზე. შესაბამისად, გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი მაქვს, რომც არ გაიზიარონ მსაჯულებმა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა.
თუკი ნაფიცი მსაჯულები დარწმუნდნენ იმაში, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და დარწმუნდნენ იმაშიც, რომ, მაგალითად, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა იყო, ვალდებულები არიან, რომ გამოიტანონ გამამართლებელი ვერდიქტი, რადგან მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი“.
ნაფიცი მსაჯულები და მათ მიერ გამოტანილი ვერდიქტები - რას ამბობს სტატისტიკა
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებიდან - 2011-2023 წლებში, ნაფიცმა მსაჯულებმა სულ განიხილეს 88 სისხლის სამართლის საქმე 105 ადამიანის მიმართ. 34 ბრალდებული გაამართლეს, 71 - გაამტყუნეს.
ნაფიცი მსაჯულების განხილული საქმეების რაოდენობით თბილისის საქალაქო სასამართლო ლიდერობს.
2011-2021 წლების სტატისტიკა ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებსაიტზე არსებულ მონაცემებს, ხოლო 2022-2023 წლების მონაცემები „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიიღო.
რაც შეეხება 2024-2026 წლების მონაცემებს, ეს სტატისტიკა უზენაესი სასამართლოს საიტზე ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.
როგორ იღებენ ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები?
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუკი სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 4 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას, მაშინ გადაწყვეტილება მომდევნო 8 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა უმრავლესობით.
- თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისგან შედგება, როგორც თეკლა გერსამიას საქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება რვა ხმით.
- თუ ნაფიც მსაჯულებს არ შესწევთ უნარი, მიაღწიონ შეთანხმებას, სხდომის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ განუმარტავს მათ ვერდიქტის მნიშვნელობას და ნაფიცი მსაჯულები კვლავ სათათბირო ოთახში ბრუნდებიან.
- თუკი ნაფიცი მსაჯულები მომდევნო 3 საათის განმავლობაშიც ვერ მიიღებენ ვერდიქტს, მოსამართლე მისცემს მათ დამატებით გონივრულ ვადას ან დაითხოვს მათ სრულ შემადგენლობას და დანიშნავს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღს.
- თუ არც ახალ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ შესწევს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება, ბრალდებული გამართლებულად ითვლება.
2015 წელს დაფიქსირდა პრეცედენტი, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიც მსაჯულთა ახალმა შემადგენლობამ ექვსი თვის თავზე მიიღო. ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს გიორგი ოქროპირიძე ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის.
რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა გამამართლებელ ვერდიქტებს, ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა 12 ხმით ნულის წინააღმდეგ მიიღეს მერაბ კობიაშვილის მიმართ. მას ბრალად ედებოდა 2020 წელს გუდაურში ახალგაზრდა კაცის მკვლელობა. ბრალდებულის ოჯახი ამბობდა, რომ ის აუცილებელი მოგერიების მიზნით მოქმედებდა.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელზეც ნაფიცმა მსაჯულებმა ასევე 12 ხმით მიიღეს გამამართლებელი ვერდიქტი, არის ტაქსის მძღოლის, ამირან ბოკუჩავას საქმე. მას რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეების თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებოდა ბრალად. მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი 2022 წლის სექტემბერში გამოიტანეს.
2023 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი. 48 წლის კაცი შვილმა იმ დროს მოკლა, როდესაც ის მეუღლესა და შვილებზე ძალადობდა და მათ დანით მოკვლით ემუქრებოდა.
2024 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს მკვლელობაში ბრალდებული შოთა სიხარულიძე. მას გამოძიება თანასოფლელის განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებოდა. ბრალდებულის ადვოკატების მტკიცებით, შოთა სიხარულიძე უდანაშაულო იყო, რადგან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
საქართველოს კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
ფორუმი