Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს „ოქროს საწმისის ორდენი“ გადასცა

მიხეილ ყაველაშვილი ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად და ჩინეთის ყოფილი ელჩი ჭოუ ციენი (მარჯვნივ)
მიხეილ ყაველაშვილი ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად და ჩინეთის ყოფილი ელჩი ჭოუ ციენი (მარჯვნივ)

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში „ოქროს საწმისის ორდენი“ გადასცა.

ჭოუ ციენს სახელმწიფო ჯილდო „საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის“ გადაეცა.

დიპლომატის საქართველოში არყოფნის გამო, ორდენი პრეზიდენტის სასახლეში ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ტაი ჩუნიუნგმა მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაველაშვილმა „ყურადღება გაამახვილა ჭოუ ციენის დიპლომატიური მისიის პერიოდში საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან განვითარებაზე“.

მან ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ „ბოლო წლებში შექმნილი მყარი საფუძველი მომავალშიც შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერებას“.

ჭოუ ციენის ელჩობის პერიოდში საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, ასევე შესაძლებელი გახდა ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა.

მიმდინარე წლის 2 ივლისს ყაველაშვილმა „ოქროს საწმისის ორდენი“ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს გადასცა.

2026 წლის ივლისში, ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე დაესწრო.

„საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებას თქვენი პროფესიონალიზმის, თავდადების, მეგობრობის და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისადმი თქვენი ურყევი ერთგულებისთვის“, - თქვა კობახიძემ, რომელიც ჩინეთის ელჩთან ხშირ შეხვედრებს მართავდა.

  • ჩინეთთან გაღრმავებული ურთიერთობების ფონზე, „ქართული ოცნების“ თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გამხდარან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები. მათ ძირითადად რადიკალიზმის ხელშეწყობაში, ოპოზიციის მფარველობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG