Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯადოქრები და მკითხავები ჩრდილოეთ კავკასიაში - სიბნელე თუ ბოლო იმედი?

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ჩრდილოეთ კავკასიაში გათვალვისა და ჯადოსი დღემდე სჯერათ. ხალხი შიშებისა და სნეულებების მიზეზების ძიებაში ბლოგერ მკითხავებთან მიდის.

ამ ტენდენციას ზოგი განათლების დაბალი დონით ხსნის. საიტ „კავკაზ.რეალიისთან“ კი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა, სადაც თავის როლს ჯანდაცვის სისტემისადმი უნდობლობა, კულტურული გარემო და კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა თამაშობენ.

ჩეჩნურ და დაღესტნურ სოციალურ ქსელებში რელიგიურ საკითხებში გათვითცნობიერებული ადამიანები გათვალვის, ჯადოსა თუ მონუსხვის შესახებ ყოველდღე ასობით პოსტს აქვეყნებენ. მათ რელიგიურ საკითხებში განათლებული ადამიანები აქვეყნებენ. ისინი ხსნიან, როგორ უნდა „დაინახო“ სიზმარში ჯადო; მიუთითებენ ადგილებზე, სადაც ის არის დამალული; კიბოსა და სხვა დაავადებებს კი სუსტი რწმენის გამო მოვლენილ სასჯელად განიხილავენ.

ამ ვიდეოებს ათასობით ნახვა აქვს, მათი ავტორები კი თავს „ექსპერტებად“ წარმოაჩენენ. ისისნი იძლევიან რჩევებს „ქმრის განჯადოების“ , „მანქანის გათვალვისგან დასაცავად“. ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული ტკივილები აწუხებთ ონლაინ ყურანის წაკითხვას სთავაზობენ, ამტკიცებენ, რომ ეს მათ მდგომარეობას შეუმსუბუქებს.

ინტერნეტში ერთი ასეთი „ექსპერტის“ ისტორია იძებნება. ის მაჰაჩყალის საავადმყოფოში მივიდა და ცდილობდა ყურანის კითხვით დაესვა დიაგნოზი, პაციენტს კიბო ჰქონდა თუ არა. ამბობს, ბევრი პაციენტი იმიტომ იტანჯება, რომ გათვალული ან დაწყევლილიაო:

„ერთ კვირაში 15 ასეთი სეანსი ჩავატარე. ონკოლოგიური დაავადების ექვსი შემთხვევა სულიერი ავადმყოფობით იყო გამოწვეული“, - ამბობდა ის.

ერთი ახალგაზრდა მქადაგებელი ჰყვება, რომ კითხვის დროს პაციენტები ტიროდნენ, ყვიროდნენ - მწვავე რეაქცია ჰქონდათ. პირადად შეხვედრისას ეფექტი ძლიერდება, თუმცა მათთვის, ვისაც ჩამოსვლა არ შეუძლია, ონლაინ-სეანსებსაც ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთში „ჯადოქრებსა“ და შარლატანებს ოფიციალურად ებრძვიან, სოციალურ ქსელებში კვლავ ჩანან ადამიანები, რომლებიც თავს „მკურნალებად“ ან „ჯადოსგან განმათავისუფლებლებად“ წარმოაჩენენ.

მაგალითად, ხალიდ ამაევი ჩეჩნეთის სოფელ გეხიდან, თავის ბლოგში ჰყვება, როგორ უნდა „გაწმინდო სახლი ჯადოსგან“. ის „ადგილზეც“ კი მიდის, რომ „შელოცვილ და დამარხული ნივთებს“ მიაგნოს. ასწავლის, „სწორად როგორ დასვა დიაგნოზი“. ჰყვება, სად ბინადრობენ ჯინები. წყევლით გამოწვეული უშვილობის განკურნებასაც ჰპირდება.

ამ განცხადებებს ათასობით ადამიანი ენდობა. კომენტარებში ისინი სვამენ კითხვებს, ითხოვენ რჩევებს, ჰყვებიან პირად პრობლემებზე და ასრულებენ რიტუალებს - აქვეყნებენ ვიდეოებს, თუ როგორ „იპოვეს ჯადო“. ეს აჩვენებს, რამდენად ღრმად არის გამჯდარი მისტიკა ადამიანების ყოველდღიურობაში.

„მიდიხარ ექიმებთან, მათ კი არაფერი იციან“

ჩეჩნეთში მცხოვრები რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (მისივე თხოვნით, სახელს არ ვასახელებთ) აღიარებს, რომ მიუხედავად განათლებისა, სჯერა შელოცვებისა და სხვა მისტიკური პრაქტიკების. ჰყვება, რომ ქორწინების შემდეგ სახლში უცნაური მოვლენები დაიწყო: ღამით სხვენიდან ყვირილი და ქვითინი ესმოდა, ზოგჯერ კი ეჩვენებოდა, თითქოს ქუჩიდან ვიღაც ეძახდა.

„არასოდეს ვყოფილვარ ცრუმორწმუნე, არც მოჩვენებების მჯეროდა, არც - მისტიკის. ქორწინებამდე მსგავსს არაფერს გადავყრილვარ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ღამით მე და ჩემს ქმარს მკაფიოდ გვესმოდა, როგორ დადიოდა ვიღაც სხვენში. დადიოდა და არადამიანური ხმით ყვიროდა“, - ჰყვება იგი.

ქალი ცდილობდა ამ ყველაფრისთვის რაციონალური ახსნა მოეძებნა: სხვენი დაალაგა, ძველი ნივთები გადაყარა, მერე კიდევ ერთხელ დათვალიერა ქმართან ერთად: „იქ სრული წესრიგი იყო, არაფრის კვალი, არაფერი საეჭვო. ვეძებდით ახსნას, მაგრამ ვერ ვპოულობდით“.

ოჯახმა ნაცნობების დახმარებით მეზობელ სოფელში მიაგნო ადამიანს, რომელიც სახლებს „წმენდდა“. მან თითქოს დაადგინა სად იყო „შელოცვილი ზონები“, წაიკითხა ყურანის სურები და ოჯახს ხუთლიტრიანი ბიდონით შელოცვილი წყალი გაატანა.

„ვსვამდით ამ წყალს, სამი დღე ვაპკურებდით სხვენში, ძველი ნივთებიც მოვიშორეთ, რომლებსაც, დედამთილი, სანამ ცოცხალი იყო, არ გვაყრევინებდა. ამის შემდეგ ყველაფერი შეწყდა - აღარაფერი გამიგია. მე მჯერა გათვალვების, ჯადოსი“, - ამბობს ქალი.

მედიცინის არატრადიციული მეთოდებისა და ცრურწმენების საციტა იზნაუროვასაც სჯერა. ის იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც „დისტანციურად მკურნალ“ ანატოლი კაშპიროვსკისა და ალან ჩუმაკს ტელევიზიით უყურებდა.

„მიხვალ ექიმებთან და არაფერი იციან - სიმპტომებს ინტერნეტში ეძებენ. ნამდვილი პროფესიონალი ექიმები აღარ არიან, მხოლოდ ფულს გძალავენ. ამიტომ მე მხოლოდ არატრადიციულ მკურნალობას ვენდობი. ფეხებზე პრობლემები მაქვს, განსაკუთრებით საღამოობით. ამ დროს ტელეფონში ყურანს ვრთავ, ფეხებს ვიმასაჟებ და ლოცვებს ვკითხულობ. მეხმარება“, - ამბობს საციტა.

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ჩეჩნეთის ერთ-ერთი მკვიდრი, რომელიც მსგავს მომსახურებას სთავაზობს ადამიანებს, „კავკაზ.რეალიას“ანონიმურად დათანხმდა საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა. მასთან ის ადამიანები მიდიან, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ - განქორწინებულები, დაავადებებულები…

„ასეთ მომენტებში ადამიანი განსაკუთრებით მოწყვლადია და ნებისმიერ რამეს ეძებს, რომ დაეყრდნოს“, - ამბობს ის.

მკითხავი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მასთან მისვლას არავის აიძულებს.

„მხოლოდ მიმართულებას ვაძლევ. შფოთვასთან გამკლავებაში ვეხმარები მათ, ვინც განქორწინების, ავადმყოფობისა და ოჯახური კრიზისის პრობლემა აქვს. კლიენტებს არ ვაშინებ. არ ვფიქრობ, რომ ჩემი საქამიანობა სიცრუე ან ბოროტებაა, - ამბობს ის და ტრადიციას იშველიებს, - „მსგავსი პრაქტიკები ყველა დროსა და საზოგადოებაში არსებობდა. თუ ისინი საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნდა, ესე იგი ადამიანები მათში კვლავ პოულობენ აზრსა და ნუგეშს“.

არც ისლამს უკავშირდება, არც - მეცნიერებას

კულტურის ექსპერტის აზრით (რეპრესიული კანონის გამო, რომელიც „არასასურველ ორგანიზაციებს“ ეხება, „კავკაზ.რეალიი“ რესპონდენტის სახელს არ ასახელებს), მსგავსი მოვლენები უბრალოდ ჩვევა ან ინდივიდუალური თავისებურება კი არა, ნამდვილი „სიბნელეა.

„განათლების სისტემა და კრიტიკული აზროვნება სუსტდება და ასეთი რწმენები მარტივად იკიდებს ფეხს. ცრურწმენების გავრცელება ძალიან საშიშია როგორც საზოგადოების განვითარებისთვის, ისე თავად ადამიანისთვის“, - ამბობს ექსპერტი.

მისივე თქმით, ადამიანები ადვილად იჯერებენ შეთქმულების თეორიებს. ჭორები განსაკუთრებით გაძლიერდა კორონავირუსის პანდემიის დროს. ინტერნეტში ვრცელდებოდა უამრავი შეტყობინება მისტიკური საფრთხეების შესახებ, რამაც მოსახლეობის ნაწილს ვაქცინაციაზე უარი ათქმევინა. მისივე შეფასებით, ამის მიზეზი სახელმწიფოსა და მედიცინის მიმართ უნდობლობა, ასევე კრიტიკული ანალიზის უუნარობაა.

ჩეჩნეთში, ნაჟი-იურტის რაიონის მცხოვრები ელიტა ჰყვება, რომ მის ერთი წლის გოგონას ფეხებზე გამონაყარი გაუჩნდა. ექიმებს მიმართა, თუმცა ბავშვს დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ზოგი ალერგიას ვარაუდობდა, სხვამ - თითქოს ქეცი ყოფილიყო - გოგირდის მალამო დაუნიშნა: „ასე ამაოდ დავკარგეთ დრო.“

ელიტა ამბობს, რომ ექიმებზე გულაცრუებულმა არატრადიციულ მკურნალობას მიმართა. ადგილობრივმა მოლამ ყურანიდან ამოწერილი აიათები (ყურანის სალექსო სტრიქონი - რ.თ.) გადასახა, ასევე დეტალური ინსტრუქცია - როგორ დაებანა ბავშვი იმ წყლით, რომელშიც ამ ფურცლის მელანი იყო გახსნილი. ელიტა დარწმუნებულია, რომ ბავშვს ეს დაეხმარება განკურნებაში.

მისი ამბავი გამონაკლისი არ არის. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ბევრი ოჯახი, რომელმაც ექიმისგან მკაფიო პასუხი ვერ მიიღო და საშველის ძებნას იქ შეუდგა, სადაც ამას სწრაფად და იაფად ჰპირდებიან.

სწორედ ეს არის თანამედროვე კავკასიური საზოგადოების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, განმარტავს გროზნოში, რუსეთის ისლამური უნივერსიტეტის (კუნთა-ჰაჯის სახელობის) ლექტორი (რესპონდენტის სახელს რეპრესიული კანონის გამო არ ვასახელებთ).

„საქმე ეხება ადამიანებს, რომლებსაც ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვთ, თუმცა კადნიერდებიან და ნებისმიერი სნეულებისგან განკურნების პირობას დებენ. ზოგი აბსურდულ განცხადებებამდეც მიდის და „სრული გამოჯანმრთელების“ გარანტიასაც კი იძლევა, თან იმ დაავადებების, რომლებიც თანამედროვე მედიცინაში განუკურნებელთა კატეგორიას მიეკუთვნება“, - ამბობს ლექტორი.

მისი თქმით, თუ ადამიანს სამედიცინო განათლება არ აქვს, ის ხალხს არ უნდა მკურნალობდეს, და არ აქვს მნიშვნელობა ამას ხალხური მედიცინით შენიღბავს, ალტერნატიული პრაქტიკებით თუ რელიგიური რიტორიკით. ასეთი საქმიანობა არამხოლოდ არაპროფესიონალურია, საშიშიცაა.

იგივე პოზიციას იზიარებს ღვთისმეტყველი აჰმედი, რომელმაც რელიგიური განათლება სირიასა და მედინაში მიიღო (მისი თხოვნით, გვარს არ ვასახელებთ).

„კავკაზ.რეალიისთან“ საუბარში ის განმარტავს, რომ წარმოდგენა, თითქოს ყურანის კითხვის დროს შესაძლებელია მძიმე დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიურის, „დიაგნოსტიკა“ ან „მკურნალობა“, არც ისლამთან არის კავშირში და არც მეცნიერებასთან.

„ეს შარლატანობაა. ისლამი მედიცინას, როგორც მეცნიერებას, არასოდეს უარყოფს. პირიქით, სამედიცინო მეცნიერებების შესწავლა მუსლიმებისთვის ვალდებულებად და ღვთისთვის სასარგებლო საქმედ მიიჩნევა. დღეს არსებობს MRI, CT, ანალიზები, სკანერები - მთელი ის არსენალი, რომელიც წარსულში არ იყო. ყურანის გამოყენება მეცნიერების ნაცვლად - რელიგიის დამახინჯებაა“, - ამბობს ის.

მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკების გავრცელება იმის ნიშანია, რომ ისლამურ სამყაროში და გლობალურადაც უცოდინარობის დონე იზრდება.

„ციფრულ თაობას სულ უფრო ნაკლებად სურს სწავლა. ჭორსა და არგუმენტს ვერ არჩევს. არ არის მზად იშრომის ცოდნის მისაღებად. ამიტომ ადამიანები ადვილად ენდობიან მათ, ვინც ანონიმურად ჰპირდება განკურნებას“, - ამბობს ის.

დაღესტნელი სოციოლოგი საიდა სირაჟუდინოვა რედაქციასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მაგია დიდწილად სოფლის ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული: მაგიური რიტუალები და პრაქტიკები იქ ყოველთვის არსებობდა და დღემდე შემორჩა.

„ადამიანები კვლავ მიმართავენ მაგიურ რიტუალებს. ცოტა ხნის წინ კვლევა ჩავატარე, გამოკითხვა. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმ ადამიანების დევნისა, ვინც მსგავსი საქმიანობითაა დაკავებული, მათ მაინც მიმართავენ. ეს უმაღლესი განათლების საკითხი არ არის - ეს სოფლის კულტურაა. მისი ნაწილი ყოველთვის იყო მაგიური პრაქტიკები. მიუხედავად იმისა, რომ ისლამიზაცია მზარდია, ეს პრაქტიკები გვხვდება იმ ადამიანებშიც კი, ვისგანაც ამას არ ელოდი“, - ამბობს ის.

  • „კავკაზ.რეალიის“ რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში ჩეჩნეთში ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს: ერთი მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლება ისლამური ღირებულებების აღორძინებას უჭერს მხარს და დემონსტრაციულად უსვამს ხაზს რელიგიურობას; მეორე მხრივ, კი რეპრესიებს ახორციელებს მათ წინააღმდეგ, ვინც არატრადიციულ პრაქტიკებს მიმართავს - მკურნალებს, ჯადოქრებსა და მკითხავებს. ისლამი ოკულტიზმს გმობს, თუმცა რელიგია არც იმას იწონებს, თუ როგორ საჯაროდ ამცირებენ „ჯადოქრობაში“ ეჭვმიტანილ ადამიანებს.
  • ოკულტურ პრაქტიკებთან ბრძოლის ერთ-ერთ ადგილად იქცა ე.წ. ისლამური მედიცინის ცენტრი - იგი 2009 წელს გაიხსნა გროზნოში რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის, ბრძანებით. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი დაუდ ელმურზაევი აცხადებდა, ცენტრი შეიქმნა იმისთვის, რომ „მოსახლეობა შარლატანებისა და თაღლითებისგან დაეცვა“. მისივე თქმით, ცენტრის 16-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, მას 700 ათასამდე ადამიანმა მიმართა - ეს ჩეჩნეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია. ცენტრი ხალხს ისლამური მედიცინის მომსახურებებს სთავაზობს: მათ შორისაა სისხლის გამოშვებასა და ჯინების განდევნას. თუმცა ყველაზე დიდი ცნობადობა მან მოიპოვა ჯადოქრების, მკითხავებისა და მკურნალების წინააღმდეგ ბრძოლით - რესპუბლიკაში ამ პრაქტიკას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდეს.
  • 2013 წლიდან ადგილობრივ ტელეარხზე „გროზნი“ გადიოდა სიუჟეტები, სადაც ოკულტიზმით დაკავებული პირები კამერის წინ ბოდიშს იხდიდნენ. მათთან „აღმზრდელობით საუბრებს“ ატარებდა ამ ცენტრის მთავარი სპეციალისტი ადამ ელჟურკაევი. ჩეჩნეთში მას კადიროვის ახლო წრის წარმომადგენლად მიიჩნევენ. ამ „დამამცირებელ ვიდეოაღიარებებზე“ ყურადღება გაამახვილა აშშ-ის რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო კომისიამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG