“იურეიჟა ვიუს“ კომენტარი შევარდნაძე-პუტინის შეხვედრაზე

30 ნოემბერს, ედუარდ შევარდნაძესა და ვლადიმირ პუტინს შორის, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ბევრს საუბრობენ არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის მასმედიაში, არამედ დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებშიც.
ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრიდან გასული ერთი კვირის მანძილზე რადიო “თავისუფლებაც“ თითქმის ოველდღიურად გაცნობთ მიმომხილველთა თუ ექსპერტთა მოსაზრებებს იმაზე, თუ რას მოასწავებს საქართველოსთვის მისი ლიდერის პოზიციის მკვეთრი შერბილება რუსეთისადმი დამოკიდებულებაში; უფრო ზუსტად კი პანკისის ხეობაში ლამის სისტემატურად ქცეული დაბომბვების საკითხში. ამავე შეკითხვაზე პასუხს ეძებს ჟურნალი “იურეიჟა ვიუ“, რომელიც თავის ბოლო ნომერში ბეჭდავს პოლიტიკის ანალიტიკოსის, გაეროს საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარის, ჯაბა დევდარიანის სტატიას სათაურით “საქართველოს მხრიდან დაგეგმილი მკაცრი პროტესტი რუსეთის ძალის დემონსტრაციად იქცა.“

სტატიის ავტორის თქმით, 27 ნოემბრის დაბომბვების შემდეგ ბევრი მიმომხილველი ელოდა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს საქართველოს ლიდერი თავისი მკაცრი პოზიციის დასაფიქსირებლად გამოიყენებდა და, მეტიც, რუსეთის პრეზიდენტს საქმეს საბოდიშოდ გაუხდიდა. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით, პუტინმა გადაჭრით უარყო 27 ნოემბრის ინციდენტთან თავისი ქვეყნის კავშირი, ხოლო შევარდნაძემ რუსი კოლეგის პასუხს ვერაფერი დაუპირისპირა.

“შევარდნაძე-პუტინის შეხვედრა – განაგრძობს ჯაბა დევდარიანი – შეიძლებოდა, კონფრონტაციად ქცეულიყო. ისტორიაში პირველად, საქართველოს პრეზიდენტს ზურგს უმაგრებდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაუფარავი მხარდაჭერა, ხოლო ფაქტები მძიმე ბრალდების გამოთქმის საფუძველს იძლეოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, რიჩარდ ბაუჩერმა, თავის განცხადებაში რუსეთის გაკილვით, უჩვეულო ნაბიჯი გადადგა. ჩვენ მოგვეპოვება საბუთი, რომ შვეულმფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან შეიჭრნენო, განაცხადა ბაუჩერმა და ბუშის ადმინისტრაციის “სერიოზული შეშფოთებაც“ გამოხატა. ამგვარი სიტყვები, თანაც პუტინის აღიარებული მოკავშირის მხრიდან, შევარდნაძეს პროტესტის გამოსათქმელად თითქოს მწვანე შუქს აძლევდა. მართლაც, მას შემდეგაც კი, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი ივანოვმა, ინციდენტთან თავისი ქვეყნის კავშირი უარყო, შევარდნაძე აცხადებდა, რომ მოსკოვის შეხვედრაზე პუტინს “მკაცრად“ დაელაპარაკებოდა. ამის ნაცვლად, პუტინმა რუსეთი უდანაშაულოდ გამოაცხადა და თვით დაბომბვის ფაქტიც კი ეჭვქვეშ დააყენა. შევარდნაძეს კონტრარგუმენტები არ წარმოუდგენია. არადა, რომ მოესურვებინა, ყურადღების გამახვილება რამდენიმე გარემოებაზე შეეძლო. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ მაყურებელს უჩვენა სამოქალაქო ავიაციის რადარების ეკრანებზე დატოვებული კვალი, რომელიც ადასტურებდა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევმა საფრენმა საშუალებებმა საზღვარი რუსეთის მხრიდან გადაკვეთეს და შემდეგ უკანვე დაბრუნდნენ“ (ციტატის დასასრული).

ჯაბა დევდარიანი ხაზს უსვამს რუსი სამხედროების განცხადებებში არსებულ აშკარა შეუსაბამობასაც: 29 ნოემბერს სერგეი ივანოვმა ჟურნალისტებს უთხრა, ჩვენს შვეულმფრენებს ღამის პირობებში ფრენისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები არ გააჩნიათო. არადა, სულ რამდენიმე დღით ადრე მაღალი რანგის რუს სამხედროებს თავი მოჰქონდათ ჩეჩენი მეამბოხეების წინააღმდეგ წარმატებით განხორციელებული ღამის საჰაერო იერიშებით.

“და მაინც, – აღნიშნავს “იურეიჟა ვიუს“ მიმომხილველი – მიუხედავად იმისა, რომ ზურგს უმაგრებდა ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა, შევარდნაძემ პუტინის დაცვა ამჯობინა. სამიტის შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე საქართველოს ლიდერმა განაცხადა, რომ დაბომბვა რუსეთის “გარკვეული ძალების“ მოწყობილი იყო და რუსეთის პრეზიდენტმა მასზე არაფერი იცოდა. (…) შესაძლოა, შევარდნაძეს პუტინისგან იმის მოსმენა მოუხდა, ან იქნებ თვითონაც გადაწყვიტა, რომ რუსეთის გაბრაზება მეტისმეტად დიდ რისკთან არის დაკავშირებული. (…) გამოცანად რჩება, როგორი იქნება შევარდნაძის შემდეგი ნაბიჯი. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე მისი მოქმედება ბევრს აფიქრებინებს, რომ პუტინის ძლიერების წინაშე მან უბრალოდ უკან დახევა ამჯობინა“ (ციტატის დასასრული).

ასეთ კომენტარს უკეთებს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების 30 ნოემბრის შეხვედრას ჟურნალ “იურეიჟა ვიუში“ დაბეჭდილი წერილის ავტორი ჯაბა დევდარიანი.