ტელეკომპანია "ქუთაისის" თანამშრომელთა მომწამვლელი ნივთიერების სახეობა ჯერჯერობით დაუდგენელია

25 აპრილს, 11 საათსა და 30 წუთზე, დამოუკიდებელი ტელეკომპანია "ქუთაისის" საეთერო სტუდიაში დაიწყო სამუშაო თათბირი, რომელსაც ტელევიზიის 27 თანამშრომელი ესწრებოდა.
თათბირის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა შეუძლოდ იგრძნო თავი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მედპერსონალმა 9 მოწამლული ჟურნალისტი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ირმა ჭოლაძეს, დამოუკიდებელი ტელეკომპანია "ქუთაისის" საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტს, კოლეგებიდან პირველს აღენიშნა ჰაერით ინტოქსიკაციის სიმპტომები.
[ირმა ჭოლაძის ხმა]"ზოგიერთს სიცხე ჰქონდა, ზოგიერთს არ ჰქონდა სიცხე, მაგრამ სიმპტომები ერთი და იგივე იყო: თავის ტკივილი საფეთქლებთან, გულის რევის შეგრძნება და რაღაცა სპაზმები ყელის არეში."

ტელევიზიის ხელმძღვანელობამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების პარალელურად, მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას, უშიშროების სამსახურს და სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას. აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც - მოკვლევა გრძელდება. რაც შეეხება სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ადგილზე მუშაობას - ჰაერის სინჯები აღებულ იქნა, მაგრამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის უქმეების გამო, სინჯების შესწავლა არ დამთავრებულა. მასზე მუშაობა, სავარაუდოდ, სამშაბათიდან განახლდება. წერილობითი ოფიციალური დასკვნის არარსებობის მიუხედავად, წინასწარი ინფორმაციით, ჰაერში ცო-სა და აცეტონის შემცველობა იყო მომატებული.

[ირმა ჭოლაძის ხმა] "დაახლოებით ორი თვის წინ გამშვები ოპერატორი გახდა ცუდად. ღამით ხომ იქ რჩება, თავისთავად, - 24 საათიანი ეთერი გვაქვს, - და დილით ადრე, ძაან ადრე დაცვა შევიდა, დაცვის თანამშრომელი, და ნახა, რომ ცუდად იყო, გათიშული იყო." [სტილი დაცულია]

სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას ჰაერის სინჯის აღება და შესწავლა მაშინ აზრადაც არ მოსვლია, მაგრამ ეჭვი, ისევე როგორც ამჯერად, ორი თვის წინაც ტელევიზიის მომიჯნავედ განთავსებულ სამრეცხაოზე მიიტანეს. ვიდრე გამოძიება არ დასრულებულა, ძნელი სათქმელია, რა მომწამვლელ ნივთიერებებს შეიძლება იყენებდეს ჩვეულებრივი სამრეცხაო. მაგრამ იმავე გამოძიებისთვის, უდავოდ, საგულისხმო უნდა იყოს ის ფაქტი, რომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში დაზარალებულები არიან არა უშუალოდ სამრეცხაოს, არამედ ტელევიზიის თანამშრომლები. 25 აპრილს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთდროულად დამოუკიდებელი ტელეკომპანიის 9 თანამშრომელი აღმოჩნდა ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში. საავადმყოფოს ექიმთა დასკვნით, მოწამვლა საშუალო სიმძიმის იყო და ამ დროისათვის ისინი სტაციონარში უკვე აღარ იმყოფებიან. მათგან ნაწილი უკვე დაუბრუნდა სამუშაო ადგილებს.

ქუთაისში ორი დამოუკიდებელი ტელეკომპანია ფუნქციონირებს. "დამოუკიდებელი" ამ ტელეკომპანიებთან მიმართებაში, თამამად შეიძლება ითქვას, პირობითი ცნებაა, რადგან მათგან ერთი,"რიონი", იმერეთის გუბერნატორ თემურ შაშიაშვილის მორჩილად გვევლინება, მეორე,"ქუთაისი" კი, ქუთაისის საკრებულოს წევრ ბონდო შალიკიანის პირადი საკუთრებაა. შაშიაშვილისა და შალიკიანის დაპირისპირების პარალელურად მიმდინარე სამაუწყებლო კონკურენცია ყოველთვის ვერ უპასუხებს "თავისუფალი მედიის" პრინციპებს. თუმცა, მასმედიის არსიდან გამომდინარე, ტელევიზიის თანამშრომლების ამგვარი მასობრივი მოწამვლისას დივერსიის ეჭვი ყოველთვის ჩნდება, ეჭვის დასაბუთება ძნელია და ტელეკომპანია "ქუთაისში" ამ დროისათვის ყოველგვარი ვერსიის საჯარო გახმაურებას ერიდებიან. ამის მიუხედავად, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტელეკომპანია "ქუთაისმა" გუბერნატორი შაშიაშვილი და მისი გარემოცვა არაერთხელ გააღიზიანა კრიტიკული სიუჟეტებით.

შალიკიანისა და შაშიაშვილის ბიზნესინტერესებიდან და გავლენის სფეროებიდან გამომდინარე, სიუჟეტები ორ ძირითად თემას შეეხო: შალიკიანისადმი სამხარეო ადმინისტრაციის მიერ დაგროვილ ვალებს, დაბრუნების პერსპექტივის გარეშე, და, მეორე, შენობას, რომელშიც თავად ტელეკომპანიაა განთავსებული. შენობა ეკონომიკურ დეპარტამენტს ეკუთვნოდა. მას შემდეგ, რაც ეკონომიკური დეპარტამენტის თავმჯდომარე ზურაბ ქაჯაია გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე დაწინაურდა, შენობა, ფაქტობრივად, მაინც მის პირად მფლობელობაში დარჩა: იგი ეკონომიკური დეპარტამენტის ბაზაზე დაფუძნებული ორგანიზაციის, "იმერსერვისის", ერთ-ერთი მეწილეა. ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ ქაჯაიამ შენობა პრივატიზების გარეშე, უკანონოდ ჩაიგდო ხელში და დაკავებული ფართის იჯარის გადასახადს არ იხდის. არასასურველ მდგმურებს, თავის მხრივ, "იმერსერვისის" ადმინისტრაციამ, ქირის გადაუხდელობის გამო, სასამართლოში უჩივლა. სასამართლომ ტელევიზიის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება გამოიტანა. უახლოეს ხანში საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს.

იკვეთება თუ არა კავშირი დაპირისპირებათა ამ ჯაჭვსა და ჟურნალისტების მოწამვლას შორის? - ალბათ, ნაკლებად. ჟურნალისტების მოწამვლის ფაქტზე მტკიცებულებებს უფრო ბანალური მიზეზებისკენ - სამრეცხაოსა და ზედმეტად კონცენტრირებული სარეცხი ნივთიერებებისაკენ მივყავართ.