ჩეჩნეთი

სამშაბათს ევროპის კომისიამ კიდევ 16,5 მილიონი ევრო გამოყო ჩეჩნეთის ომის მსხვერპლთა დასახმარებლად. სულ ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან, ანუ 1999 წლის მიწურულიდან მოყოლებული,
ევროპის კავშირის მიერ ჩეჩნეთისთვის გამოყოფილმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ 100 მილიონ ევროს გადააჭარბა. რამდენად გრძნობენ ამ არცთუ მცირე დახმარებას ლტოლვილები და ადგილნაცვალი პირები?

ბევრის აზრით, ჩეჩნეთი კლასიკური მაგალითია იმ შემთხვევისა, როცა პრობლემის მოგვარებას მარტოოდენ ფულის გამოყოფით ცდილობენ. კრიტიკულად განწყობილი ექსპერტებისგან იმასაც კი გაიგონებთ, რომ ევროპის კავშირს, საერთოდ, სჩვევია, საქმისადმი ამგვარი მიდგომა: იქ, სადაც აქტიური ჩარევა არ სურს, იგი ფულის დახარჯვასა და ხელების დაბანას ამჯობინებს.

თავად განსაჯეთ: სულ რაღაც სამწელიწადნახევრის მანძილზე ევროპის კავშირმა ჩეჩნეთს თითქმის 110 მილიონი ევრო გამოუყო. მაგრამ არც თვით რესპუბლიკასა და არც მის გატანჯულ მოსახლეობას, ამ ფულის არსებობა დიდად არ უგრძვნიათ; ცხადია, თუ არ ჩავთვლით საკვებისა და მედიკამენტების იმ მინიმალურ რაოდენობას, რომლის გარეშე ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა ფიზიკური არსებობაც შეუძლებელი იქნებოდა.

იმისთვის, რათა ჩეჩნეთის კონფლიქტის მსხვერპლთათვის გამოყოფილი დახმარება მიზანს აღწევდეს, აუცილებელია რუსეთის ხელისუფლების ნება და უნარი, უზრუნველყოს ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომელთა უსაფრთხოება, იზრუნოს იმაზე, რომ ამ უკანასკნელებმა შეძლონ გასაჭირში მყოფ ადამიანებთან კავშირის დამყარება.

არაერთი ექსპერტი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკმარისად დაჟინებით არ სთხოვენ მოსკოვს, დაიცვას საკუთარ მოქალაქეთა უფლებები და ჩეჩნეთში მუშაობა გაუადვილოს უცხოეთის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს.

სამშაბათს, როცა ბრიუსელში ჩეჩნეთისთვის მორიგი ფინანსური დახმარების გამოყოფის ამბავი გამოცხადდა, ევროპის კავშირის კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში პაულ ნილსონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, "სერიოზულად მოეკიდოს ნაკისრ ვალდებულებას და უზრუნველყოს ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომელთა კავშირი კრიზისის მსხვერპლებთან". აი, რა უთხრა ნილსონის პრესმდივანმა ჟან-შარლ ელერმან-კინგომბმა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს აჰტო ლობიასკასს:

[ჟან-შარლ ელერმან-კინგომბის ხმა] 1818 "ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ მეზობელ რესპუბლიკებში, მაგალითად ინგუშეთში, ასი ათასამდე ადგილნაცვალი პირი ცხოვრობს. ბოლო ერთი წლის მანძილზე, მათი მდგომარეობა უარესდება, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება საშუალებას არ გვაძლევს, ამ ადამიანებს ახალი თავშესაფრები ავუშენოთ და იქ გადავიყვანოთ. ასე რომ, ჩვენი აზრით, ერთი წლის წინანდელ ვითარებასთან შედარებით საქმე ახლა უარესად არის."

ელერმან-კინგომბის თქმით, როგორც ფედერალური, ისე ინგუშეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ლტოლვილები ბანაკების დატოვებაზე დაიყოლიონ. იგი დასძენს, რომ, ევროკავშირის დახმარებით მოქმედი ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის პრობლემების შექმნით, მოსკოვს სურს, ლტოლვილები აიძულოს, ჩეჩნეთში დაბრუნდნენ.

მაგრამ რა მიზანიც უნდა ამოძრავებდეს მოსკოვს, უცხოელ მეთვალყურეთა შორის თითქმის სრული ერთსულოვნება სუფევს შემდეგ საკითხში: ჩეჩნეთში მოქმედ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სულ უფრო მძიმე პირობებში უხდებათ მუშაობა. აღარაფერს ვამბობ იმ დანაშაულებზე, რუსეთის ფედერალური არმიის მოსამსახურეები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ლამის ყოველდღიურად რომ სჩადიან.

ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ევროპის კავშირის ერთი ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები, რომლებიც მან ახლახან, ჩვენს რადიოში სტუმრობისას, არაოფიციალურ საუბარში თქვა: რუსეთს კიდევ ათწლეულები დასჭირდება თავის არმიაში წესრიგის დასამყარებლად, უამისოდ კი ჩეჩნეთში წესრიგისა და კანონიერების აღდგენაზე ფიქრიც შეუძლებელიაო.