ერაყელი პატიმრების უფლებათა ხელყოფაში ბრალდებულ ამერიკელ ჯარისკაცს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

აბუ ღრაიბის ციხე დღეს მთელს მსოფლიოში ცნობილია. გასულ თვეში სწორედ ბაღდადის მახლობლად მდებარე ამ საპყრობილიდან აგორდა ერაყელი პატიმრების დამცირებასა და წვალებასთან დაკავშირებული სკანდალი,
რომლისადმი მედიისა და საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ არ განელებულა. ოთხშაბათს ეს ინტერესი კიდევ უფრო გაცხოველდა - ბაღდადში გაიმართა ერაყელ პატიმართა უფლებების ხელყოფაში ბრალდებული პირველი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სასამართლო პროცესი.

24 წლის ჯერემი სივიტსი, აშშ-ის სამხედრო პოლიციის მოსამსახურე, სასამართლომ დამნაშავედ სცნო ერაყელი პატიმრების უფლებათა ხელყოფაში და მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების ერთ-ერთი მუხლია სამსახურებრივი მოვალეობის უგულებელყოფა, რაც სხვათა დამცირებისგან პატიმრების არდაცვაში გამოიხატა. ერთწლიანი პატიმრობის გარდა სივიტსს სამხედრო სამსახურთან გამოთხოვებაც მოუწევს.

ერაყელი პატიმრების უფლებათა ხელყოფაში დადანაშაულებული შვიდი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურიდან სივიტსისადმი წაყენებული ბრალდებები ყველაზე მსუბუქია და მისი პროცესიც ამიტომ გაიმართა დაჩქარებული წესით, ე.წ. "საგანგებო სამხედრო ტრიბუნალის" ჩარჩოებში. თუმცა, იმ გარემოებამ, რომ პროცესი ნახევრად დახურული იყო და მასზე დასწრების უფლება მედიის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელს მისცეს (თანაც, აუდიო- და ვიდეოჩანაწერის გაკეთება აუკრძალეს), ადამიანის უფლებათა დამცველების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. "ჰიუმან რაიტს უოჩის" თანამშრომლის ჰანია მუფტის თქმით, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მან ვერ მოახერხა პროცესზე თავისი წარმომადგენლის გაგზავნა.

[ჰანია მუფტის ხმა] "ვცადეთ, ამ საკითხზე უფრო მაღალი თანამდებობის პირებს დავლაპარაკებოდით. გვინდოდა, გვეთქვა მათთვის: იმ განცხადებების მერე, რომელიც გააკეთეთ, თქვენთვისვე საზიანო იქნება, თუ პროცესზე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც კი არ შეუშვებთ. მათ კი გვიპასუხეს: ვწუხვართ, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულიაო."

შენობასთან, სადაც პროცესი მიმდინარეობდა, რამდენიმე ასეულმა ერაყელმა დემონსტრაცია მოაწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ ტრიბუნალზე დასწრების ნება დაერთოთ თავად უფლებააყრილი პატიმრებისთვის და ერაყელი იურისტებისთვის. დემონსტრანტთა შორის იყო მუსტაფა ჰიტი, ერაყის მშვიდობისა და ძმობის პარტიის წარმომადგენელი, რომლის თქმით, სასამართლო განხილვაში ერაყელი იურისტების მონაწილეობა იმის ნიშანი იქნებოდა, რომ პროცესი ნამდვილად სამართლიანად ტარდება.

[მუსტაფა ჰიტის ხმა] "თუ რეჟიმი შეიცვალა, მაშინ წერტილი უნდა დაესვას პატიმართა წამების დანაშაულებრივ პრაქტიკას, და საოკუპაციო ძალებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ერაყელი ხალხი; რომ პროცესი სამართლიანად უნდა ჩატარდეს და მას ერაყელი ვექილებიც უნდა ესწრებოდნენ."

ოთხშაბათსვე, სასამართლოს წინაშე წარდგა კიდევ სამი ამერიკელი ჯარისკაცი, რათა მათთვის წაყენებული ბრალდებები მოესმინათ. ამასთანავე, მათ უნდა გადაეწყვიტათ, ეცნოთ თუ არა თავი დამნაშავეებად. ჯერემი სივიტსისგან განსხვავებით, რომელმაც თავი დამნაშავედ სცნო, სამივემ არჩია, გადაწყვეტილების მიღება კიდევ ცოტა ხნით გადაედო - მათ, როგორც ჩანს, სურთ, ვექილებს მოეთათბირონ.

სასამართლო პროცესისადმი ყველაზე დიდი ინტერესი, ბუნებრივია, შეერთებულ შტატებში შეინიშნება. აბუ ღრაიბის ციხეში მომხდარის გამო აღშფოთებას გამოთქვამენ არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დამცველები და ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ ვაშინგტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებიც. პრეზიდენტმა ბუშმა ბოდიში მოუხადა ამერიკელ ზედამხედველთა სამარცხვინო საქციელის მსხვერპლთ და განაცხადა, რომ აბუ ღრაიბში მომხდარი ერთი მუჭა არამზადების ნახელავია.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ერაყელმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამგვარ მეთოდებს მე ამაზრზენად მივიჩნევ. უნდა იცოდეს ისიც, რომ, რაც იმ ციხეში მოხდა, არ განასახიერებს ამერიკას, რომელსაც მე ვიცნობ."

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების დიდ ნაწილს არ სჯერა ჯორჯ ბუშის ამ მტკიცებისა და აცხადებს, რომ პატიმრების უფლებათა ხელყოფის პრაქტიკა ერაყში ფართოდ არის გავრცელებული.