ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა არ ცხრება, სროლების შედეგად იქ კიდევ ერთი ქართველი პოლიციელი დაიჭრა

ცხინავლის რეგიონში ქართულ სოფლებს ოსები ცეცხლს ღამ-ღამობით უხსნიან. სროლების შედეგად იქ კიდევ ერთი ქართველი პოლიციელი დაიჭრა, იყო საპასუხო სროლაც. არსებობს ინფორმაცია ოსების მხარეს 2 მებრძოლის დაღუპვის შესახებ, თუმცა ოსური მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს.
23 ივლისის ღამეს წარმოებული სროლების შესახებ კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ჩართული მხარეები ცხინვალში დღისით მსჯელობდნენ. ამავე დღეს კონფლიქტის ზონის სოფელ ნიქოზის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.

[საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხმა] “მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ როგორც ვიყავით ერთად და მშვიდობიანად ძველად ასევე ვიქნებით და ვერც შინაური და ვერც გარეშე ძალა ვერ გაჰყობს ქართველებსა და ოსებს. “

და მაინც, შინაური და გერეშე ძალებისგან გაყოფილი ქართველებისა და ოსებისთვის მშვიდობის დასასადგურებლად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა კონფლიქტის ზონაში სამშვიდო პარაკლისი აღავლინა. ნიქოზის მართლმადიდებელ ტაძარში მშვიდობისთვის ქართველებთან ერთად ოსებმაც ილოცეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მათ სიხარულით მიიღეს საჩუქარი - ოსურ ენაზე გამოცემული სახარება.

ცხინვალის რეგიონში მოჩვენებითი მშვიდობა დღისით ისადგურებს. ღამ-ღამობით კი ქართული სოფლების მკვიდრნი ოსური მხარისგან ცეცხლის გახსნას მიეჩვივნენ. დაჭრილების შესახებ ცნობები არც თუ იშვიათად ვრცელდება, დაღუპულების შესახებ არა. 23 ივლისს ღამით ადგილი ჰქონდა პირდაპირ შეტევას ქართულ სოფლებზე. ჩვენი ინფორმაციით, ამ შეტევას ახლდა საპასუხო სროლაც, თუმცა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ირწმუნება, რომ საპასუხო სროლა არ ყოფილა.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ცხინვალის რეგიონში სროლის ხმა ლამის ყოველ ღამით ისმის და ფაქტია, რომ ასეთ ვითარება მშვიდობისგან შორსაა. რუსი სამშვიდობოები სროლების აღკვეთის ნაცვლად ოსურ სამშვიდობო ბატალიონს მოძველებულ სამხედრო ტექნიკას ახალი ტექნიკით უცვლიან. ეს უკვე მოხდა. კონფლიქტის ზონაში დაძველებულმა სამხედრო ტექნიკამ ცხინავლიდან რუსეთისკენ გეზი იმავე გზით აიღო, რა გზითაც ორიოდე დღის წინ ჯავაში საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები შემოვიდა.

დაძაბულ ვითარებაში ოსური მხარე ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში ედურად კოკოითის პირად წარმომადგენლად ეროვნებით ქართველს, ვაჟა ხაჭაპურიძეს ნიშნავს. წლების წინ ის შიდა ქართლში პრეზიდენტ შევარდნაძის რწმუნებულს წარმოადგენდა. მოგვიანებით იყო ეჭვმიტანილი შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით, თუმცა დაკავებული სხვა მიზეზით - ყალბი დოლარების დაბეჭვდისთვის გახდა. სამართალდამცავებისგან თავის დაღწევის შემდეგ ხაჭაპურიძემ თავი პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადა და თავშესაფარი სამხერთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელის ჩიბიროვის კარზე იპოვა, ახლა უკვე ქართულ-ოსურ მოლაპარკებებში კოკოითის პირადი წარმომადგენელია. საკუთარ გეგმებზე ის კონფლიქტის ზონაში ჩვენს კორესპონდენტს გოგა აფციაურს ესაუბრა: [გოგა აფციუარის ხმა] “ მან ქართულ მხარეს უკვე შესთავაზა წინადადება, საქართველომ უარი თქვას როკის გვირაბის გაკონტროლებაზე და ამ გზით შემოსული ტვირთების შემოწმება უშუალოდ ცხინვალში მოახდინოს. “

ასეთი წინადადება ქართული მხარისთვის პრინციპუალდ მიუღებელია, არადა ამერიკის შეერთებული შტატები თბილისს კიდევ ერთხელ დაჟინებით მოუწოდებს აქტიურად ითანამშრომლოს ცხინვალთან და მოსკოვთან პრობლემის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად.