ქართველი დეპუტატები სამხედრო წვრთნებს გადიან

ოსიაურში, რეზერვისტთა საწვრთნელ ბაზაზე, სამხედრო მომზადებას კიდევ 5 დეპუტატი გადის. საპარლამენტო უმრავლესობის 5 მოხალისე დეპუტატი რეზერვისტთა
ბანაკში 3 კვირას დაყოფს. ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე წვრთნა სხვა დეპუტატებმაც გაიარეს, ისინიც მმართველი ძალიდან იყვნენ.

ოპოზიციონერ დეპუტატებს ჯარში არ იწვევენ, ეს ტვირთი მმართველი ძალის წარმომადგენლებზე მოდის და თუ მმართველ ძალაში ფიქრობენ, რომ ოსიაურში დეპუტატები დიდ საქმეს აკეთებენ, ოპოზიციის ფლანგზე აღნიშნავენ, რომ დეპუტატი პარლამენტში უნდა საქმიანობდეს და არა ჯარში. რისთვის გადიან ქართველი დეპუტატები სამხედრო წვრთნას?


ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე 350 -მდე რეზერვისტი გადის სამხედრო მომზადებას. მათ შორის არიან დეპუტატები: გიორგი არველაძე, ირაკლი გვარამაძე , ლაშა დარსაველიძე, კობა დვალიშვილი და ალექსანდრე ცინცაძე.

ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე დეპუტატი-რეზერვისტების ყოფნა კარგა ხანია ჩვეულებრივ ამბად იქვა. დეპუტატები - ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები - იქ, ერთმანეთის მონაცვლეობით, 3-3 კვირით ჩადიან. მიზანი ორია. პირველი - ჯარში სამსახურისას და უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრის გავლისას მიღებული და დავიწყებული სამხედრო უნარ-ჩვევების აღდგენა და მეორე - ჩვენება იმისა, რომ ხელისუფლება ხალხთანაა, მათ შორის, რეზერვისტებთან.

[დავით კირკიტაძე] “ეს ჩვენთვის არის აუცილებელი და საჭირო და ასევე იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც მსახურობენ რეზერვში, იცოდნენ, რომ მათ პირობებში, მათსავით მსახურობენ ხელისუფლების წარმომადგენლები." (სტილი დაცულია)

დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე წვრთნა უკვე გაიარა, ახლა სხვების ჯერია და ამ სხვებს შორისაა ირაკლი გვარამაძე. ის 4 სხვა დეპუტატთან ერთად ოსიაურში კვირას ჩავიდა.

[ირაკლი გვარამაძის ხმა] "გუშინ 22 გრადუსი ყინვა იყო. ჩვენ ვეგუებით ამ პირობებს და ვცდილობთ დავხვეწოთ ჩვენი ჯარისკაცული უნარ-ჩვევები."

“ვცხოვრობთ ჩვეულებრივ კარვებში, ვთბებით შეშის ღუმელთან, ვიკვებებით ისე, როგორც სხვები იკვებებიან,” - ამბობს რეზერვისტი დეპუტატი. ოსიაურის საწვრთნელი ბანაკის პირობებს დეპუტატები მაინცდამაინც არ უჩივიან. ასეა თუ ისე, იმას, რასაც რეზერვისტ-დეპუტატებს საკუთარ პარტიაში გმირობად უთვლიან, ოპონენტები პოპულისტობად მიიჩნევენ.

[დავით საგანელიძე] “თუ ახლა მე წვრთნას არ გავდივარ ოსიაურში, არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი ქვეყანა. თუ სავალდებულოა ეს, მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც გაგვიწვევდნენ, მაგრამ მარტო ერთი პარტიის წევრები დადიან. ვუყურებ ახლა ტელევიზორში, გიორგი არველაძე როგორ გადის წვრთნას ოსიაურში. კი ბატონო, წავიდეს, მაგრამ შეეძლო აქ უფრო მეტი საქმე გაეკეთებინა. “

მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენლის დავით საგანელიძის აზრით, დეპუტატი საქმეს პარლამენტში უნდა აკეთებდეს, ჯარისკაცი - ჯარში და ასე შემდეგ. მისი თქმით, მაშინ, როცა პარლამენტში მნიშვნელოვანი გადაწყევტილებებია მისაღები, აჯობებდა ეს 5 დეპუტატი პარლამენტში ყოფილიყო და იმ საქმისთვის მიეხედა, რისთვისაც პარლამენტის წევრი გახდა. ოსიაურში მყოფები ასეთ კრიტიკას არ იღებენ:

[ირაკლი გვარამაძის ხმა] "მინდა გითხრათ, რომ ეს არ შეუშლის ხელს ჩვენს საპარლამენტო მუშაობას და ვფიქრობ, რომ ეს უფრო აუცილებელია ახლა ჩვენთვის, ვიდრე პარლამენტში ყოფნა."

ეს ისევ ირაკლი გვარამაძე გახლდათ. ოსიაურში მასთან ერთადაა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი გიორგი არველაძე და აცხადებს: “ ყველა ქართველი იქ უნდა წავიდეს, სადაც ქვეყანას სჭირდებაო.” მაგრამ საკამათოა, რა უფრო სჭირდება ქვეყანას - დეპუტატების ოსიაურში მივლინება თუ საკანონმდებლო საქმიანობაში მათი აქტიური მონაწილეობა, მით უფრო მაშინ, როცა მომავალი წლის ბიუჯეტია მისაღები.