ახალი მთავრობა ძველი პროგრამითა და ძველი სახეებით

საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ დადგა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. ახლახან, დეკემბერში, იქ ერთსულოვნად დაამტკიცეს მინისტრთა
კაბინეტის ოდნავ სახეცვლილი შემადგენლობა, ზურაბ ჟვანიას მეთაურობით; თებერვლის შუა რიცხვებში, მინისტრთა კაბინეტის ოდნავ განახლებული შემადგენლობისა და მთავრობის ჟვანიასეული პროგრამის კიდევ ერთხელ დამტკიცების მოთხოვნით, პარლამენტის წინაშე ზურაბ ნოღაიდელი წარდგა. როგორი იყო მისი საპროგრამო გამოსვლა?

ზურაბ ნოღაიდელის, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გამოსვლა პარლამენტში ორ ნაწილად უნდა გავყოთ: საპროგრამო გამოსვლად და დეპუტატების შეკითხვებზე პასუხებად. საპროგრამო გამოსვლა იყო ზოგადი შინაარსის. საერთო ჯამში, დაახლოებით ასეთი:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] “წარმოვადგინეთ პროგრამა, რომელიც წინა მთავრობის მიერ იყო შემუშავებული. ჩვენი მთავარი ამოცანა პოლიტიკური კურსისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა და ბუნებრივიცაა, რომ იმავე პროგრამით ვართ წარმოდგენილნი. “

გარკვეული კონკრეტული მინიშნებები ნოღაიდელმა მოგვიანებით დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას გააკეთა, მანამდე კი მოქმედების პრიორიტეტები გამოკვეთა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] “მთავარი პრობლემა, რაც აწუხებს ჩვენს საზოგადობას, არის უმუშევრობის პრობლემა და მთავარი სოციალური შეკვეთა, რომელიც გვაქვს მიღებული, ეს არის დასაქმების პირობების შექმნა და დასაქმების უზრუნველყოფა. “

პრიორიტეტი ნომერი 2 არის იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკის განვითარებას:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა ] “ეს არის ენერგეტიკული პრობლემები და საავტომობილო გზები. ამ ორ პროგრამაზე იქნება კონცენტრირებული ჩვენი ყურადღება. “

ითქვა, რომ მთავრობის განსაკუთრებული ყურადღებისა და მზრუნველობის საგანი იქნება რეფორმები განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში; რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მზადდება ძირეული რეფორმა და ის უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო დაფინანსებით. ზურაბ ნოღაიდელმა პარლამენტში გამოსვლისას ახსენა საპენსიო რეფორმაც და განმარტა, რომ მთავრობა 2-3 კვირაში გადაწყვეტს, თუ რა გზას აირჩევს საპენსიო რეფორმაში. ასეთი იყო გამოსვლა დეპუტატების შეკითხვებამდე. ამ გამოსვლაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არაფერი უთქვამს თუნდაც იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობა ქართულ- აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების მოწესრიგებისთვის; აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ნოღაიდელს ერთხელაც არ უხსენებია დემოკრატიის მოთხოვნები, თუნდაც იმის აღნიშვნით, რომ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნის მქონე ქვეყნის მთავრობა შეეცდება შეასრულოს ეს მოთხოვნები.


პრემიერ-მინისტრად დასამტკიცებელმა ნოღაიდელმა სხვა მოთხოვნაზე გაამახვილა ყურადღება. დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას მან თქვა, რომ მის წინამორბედს პარლამენტსა და პარლამენტარებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა; ისიც აღნიშნა, რომ მას გაუჭირდება დეპუტატებთან მსგავსი ურთიერთობების ჩამოყალიბება, თუმცა ამას შეეცდება.

პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ გაგრძელდება პრივატიზაციის პროცესი, ასეთი იყო : “ გამჭვირვალედ - ისე, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. “

ნოღაიდელის მთელ გამოსვლაში ყველაზე კონკრეტული ხასიათის იყო განცხადება, რომ მთავრობა მალე შეიმუშავებს 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს და ეს ცვლილებები კონკრეტულ სამოქმედო გეგმას იქნება მორგებული.