მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობის სქემები

ბოლოხანს ხელისუფლებასა და ჟურნალისტებს შორის ურთიერთობა სულ მეტად იძაბება. ის, რაც დაფარული იყო ერთი წლის წინ, დღეს უკვე აშკარაა:
თავისუფალი სიტყვის მიუღებლობა ხელისუფლების მხრიდან და საპასუხო გაღიზიანება ჟურნალისტების მხრიდან. რა ასაზრდოებს ორმხრივ აგრესიას?

იმერეთის მხარეში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის აკაკი ბობოხიძისა და ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის კონფლიქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლებასა და ჟურნალისტებს შორის ურთიერთობა ორმხრივი აგრესიის ფაზაში შევიდა. ეს არ ეხება ყველას, მაგრამ ეხება იმდენად ბევრს, რომ მზარდი ტენდენციის სახე აქვს.

ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების დამოკიდებულება მედიის მიმართ თავიდან იმდენად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ჟურნალისტებისთვის, რომ ამ შოკიდან გამოსვლას დაახლოებით ერთი წელიწადი დასჭირდა. შეიცვალა ზოგიერთი მედიასაშუალების მფლობელი; დაიხურა რამდენიმე ტელეკომპანია, გაზეთი და საინფორმაციო სააგენტო; ტელეეთერიდან გაქრა პოლიტიკური დებატები და ჟურნალისტური გამოძიება; საინფორმაციო პროგრამები კი გახდა ნაკლებად ადეკვატური და მეტად მაამებლური.

ოფიციალურად ხელისუფლებას არასოდეს უღიარებია კავშირი მედიასივრცეში მომხდარ ცვლილებებთან. არაოფიციალური ინფორმაცია კი იუწყებოდა, რომ ქვეყანაში დაგეგმილი იყო მტკივნეული რეფორმები და ამ პროცესში ხელისუფლებას სჭირდებოდა არა კრიტიკა, არამედ მხარდაჭერა მედიის მხრიდან. მხარდაჭერის მოპოვების ბევრი გზა არსებობს. ხელისუფლებამ აირჩია ყველაზე ადვილი: ინფორმაციის “გასუფთავება” მედიამფლობელის მეშვეობით, უფრო ზუსტად, მედიამფლობელზე ზეწოლით. ეს გზა განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ტელეკომპანიების მფლობელების ვინაობისა და რაობის გათვალისწინებით.

ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც არსებობდა და დღესაც არსებობს სამკუთხედი: ხელისუფლება–მედიამფლობელი–ჟურნალისტი. ადრე ეს იყო სამკუთხედი წვერით ზევით, სადაც წვერში იმყოფებოდა ხელისუფლება, ქვედა საყრდენ კუთხეებში კი - მედიამფლობელი და დაქირავებული ჟურნალისტი. მაშინ მედიამფლობელი იცავდა ჟურნალისტს წნეხისგან, ხოლო ჟურნალისტი მედიამფლობელის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. ამ სქემის ლიდერი იყო ტელეკომპანია “რუსთავი 2”, სხვა ტელეკომპანიები კი, კონკურენციის პრინციპიდან გამომდინარე, იძულებულნი იყვნენ, ლიდერს არ ჩამორჩენოდნენ.

ცხადია, შევარდნაძის ხელისუფლებას ჰქონდა სურვილი, რომ ზემოქმედება მოეხდინა “რუსთავი 2”-ის მფლობელზე. მაგრამ უშიშროების სამსახურის მცდელობა მარცხით დასრულდა: უმოქმედო ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქმედითი და მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის დათრგუნვა, რამაც კიდევ მეტად გაუხსნა გზა კრიტიკულ ინფორმაციულ ნაკადს.

“ვარდების” ხელისუფლების მოსვლისთანავე სამკუთხედი – ხელისუფლება-მედიამფლობელი-ჟურნალისტი – ამოყირავდა და დაეშვა წვერით ქვევით. ზედა ორ კუთხეში ერთმანეთის გვერდით განთავსდნენ ხელისუფლება და მედიამფლობელები, ქვედა წვერში კი მარტო დარჩნენ დაქირავებული ჟურნალისტები, რომლებიც მოექცნენ ხელისუფლებისა და მედიამფლობელების ერთიანი წნეხის ქვეშ. სწორედ ამ სქემის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად გახდა საჭირო რამდენიმე მედიამფლობელის შეცვლა. სამაგიეროდ, ხელისუფლება გათავისუფლდა ჟურნალისტზე ზეწოლის პასუხისმგებლობისგან, რადგან ეს სიმძიმე მედიამფლობელმა იტვირთა. სწორედ ამ დროიდან გახშირდა საუბრები ჟურნალისტურ სტანდარტებზე, რადგან შესაძლებელი გახდა, ნებისმიერი ურჩი ჟურნალისტი არაკვალიფიციურად გამოცხადებულიყო ხელისუფლების მხრიდან და სამსახურდან ამ მიზეზით დათხოვნილიყო.

ხელისუფლების როლის შენიღბვის ფონზე ახალი რეალობა გაფორმდა, როგორც “თვითცენზურა”. ეს ტერმინი ორმაგად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ჟურნალისტებისთვის, რადგან მან იძულებითი პროცესი წარმოაჩინა, როგორც ნებაყოფლობითი. ჟურნალისტებს - სწორედ ცენზურის და არა თვითცენზურის გამო - უხდებათ საქმიანობა საკუთარ სინდისთან კომპრომისების ხარჯზე. გამოდის, დღეს ხელისუფლება ჟურნალისტისგან ოფიციალურად პროფესიული სტანდარტის დაცვას ითხოვს, არაოფიციალურად კი მას თავად ამუშავებს სტანდარტს ქვემოთ – ცენზურის პირობებში. სწორედ ეს ფარისევლური რეალობა ბადებს ჟურნალისტებში მზარდ აგრესიას. ფარულ ბრძოლას ხელისუფლებასა და ჟურნალისტებს შორის უწყვეტი ხასიათი აქვს და ამ ბრძოლის ხილული შედეგები სულ უფრო მეტად თვალსაჩინო ხდება საზოგადოებისთვის.