თბილისის მთავრობა ”დინამოს” სტადიონს 25 წლით გაასხვისებს

ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისის მერია მზად არის მის მფლობელობაში არსებული ქვეყნის მთავარი სპორტული არენის - ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის -აქციების საკონტროლო
პაკეტი ინვესტორს მართვის უფლებით დაუთმოს. ამ მიზნით თბილისის მერიამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ის კომპანია გაიმარჯვებს, რომელიც 5 თვის ვადაში სტადიონზე 10 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მინდა “დინამოს” სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტის შესახებ გესაუბროთ.

სექტემბრისთვის საქართველოს, სავალალო მდგომარეობაში მყოფი და ძველი დიდების უბადრუკ ნაშთად შემორჩენილი “დინამოს” სტადიონის ნაცვლად, ევროსტანდარტების შესაბამისი მთავარი სპორტული არენა ექნება. ამას გვპირდება დედაქალაქის მთავრობა, რომელმაც, მრავალწლიანი ფიქრის შემდეგ, გადაწვიტა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის აქციები 25 წლიანი მართვის უფლებით გაასხვისოს. თბილისის ვიცე-პრემიერის გიორგი მელაძის ინფორმაციით, მერია კონკურსს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს:

[გიორგი მელაძის ხმა] ”მერია მზად არის, კონკურსის წესით გადასცეს მართვაში ინვესტორს, კერძო კომპანიას და, შესაბამისად, სტადიონი იყოს უკვე იმ დონის, რომ აქ უკვე შესაძლებელი იყოს საერთაშორისო დონის თამაშების ჩატარება.” (სტილი დაცულია)

თბილისის მერია ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელია, 33% სპორტსაზოგადოება “დინამოს”, დანარჩენი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის. კონკურსის პირობის თანახმად, მერია საკუთარ აქციებს მართვაში იმ კომპანიას გადასცემს, რომელიც 5 თვის ვადაში სტადიონზე 10 მლნ. დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინვესტორმა “დინამოს” სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა განახორციელოს – გასამაგრებელი სამუშაოები ჩაატაროს, განათების და ტაბლოს პრობლემა გადაწყვიტოს და, რაც მთავარია, დაასრულოს ინდივიდუალური სკამების მონტაჟი. სარეკონსტრუქციო სამუშაოები ინვესტორმა მომდევნო 5 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს, რათა ქვეყნის მთავარი სპორტული არენა ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისათვის მზად იყოს. საქართველოს ნაკრები ამ ციკლის პირველ მატჩს 2 სექტემბერს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
იმის გამო, რომ ამჟამად სტადიონი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ქვეყნის მთავარი ნაკრები და კლუბები იძულებულნი არიან ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრები ”ლოკომოტივის” სტადიონზე ჩაატარონ, რომლის ტევადობაც ”დინამოსთან” შედარებით მცირეა. ”დინამოზე” დიდი ფეხბურთის დაბრუნების პერსპექტივას გულშემატკივრებთან ერთად სიხარულით ხვდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი გოკა გაბაშვილი:

[გოკა გაბაშვილის ხმა] ”ეს არის, მართლაც, ჩვენი და გულშემატკივრების დიდი ხნის ოცნება, რომ ნორმალურ, განათებულ, მოვლილ, კარგ მინდორზე და კარგ მოედანზე, ბოლომდე დაყენებული ინდივიდუალური სკამებით, კარგი ტაბლოებით და ა.შ. გვქონდეს ”დინამოს” სტადიონი.” (სტილი დაცულია)

ბოლო წლების განმავლობაში ”დინამოს” სტადიონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სპორტული ნაგებობა იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, უბადრუკად გამოიყურება. რამდენიმე მესაკუთრის ხელში, ეროვნულ სტადიონს რეალურად არავინ პატრონობს. სტადიონზე თავის ოფიციალურ მატჩებს, ტრადიციულად, თბილისის ”დინამოს” საფეხბურთო კლუბი მართავს. კლუბის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი არასდროს მალავდა თავის ინტერესს სტადიონის მიმართ, თუმცა დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების მიღწევა აქამდე ვერ ხერხდებოდა. რამდენიმეწლიანი ყოყმანის შემდეგ დღეს თბილისის მერია მზად არის ქვეყნის მთავარი სტადიონი 25 წლით გაასხვისოს, შერჩა თუ არა სტადიონის რეკონსტრუქციის და მართვის სურვილი საქართველოს 12 გზის ჩემპიონის მესაკუთრეს, ეს კონკურსის დამთავრების შემდეგ გაირკვევა.