ისლამოფობია ევროპაში

”ახალი ევროპის” დღევანდელ პროგრამაში გიამბობთ
ბრიუსელში ორშაბათს შემდგარ კონფერენციაზე, რომელიც ევროპის სოციო-კულტურულ ცხოვრებაში შედარებით ახლახან გაჩენილ პრობლემას - ისლამოფობიას - მიეძღვნა. ბრიუსელში შეკრებილი ანალიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ ისლამის ირგვლივ ევროპაში არსებული ერთგვარი დაძაბულობა, როგორც წესი, საკუთრივ რელიგიებს შორის განსხვავებებს კი არა, სტერეოტიპებს და უსაფუძვლო განზოგადებებს ეფუძნება.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ისლამის ფრანგი სპეციალისტი ჟოკლინ სეზარი იყო.

ანალიტიკოსთა ჯგუფთან ერთად, მან ცოტა ხნის წინ დაასრულა კვლევა, რის შედეგადაც ასკვნის, რომ ისლამოფობია, ანუ ისლამის შიში, დღევანდელი ევროპისთვის სახიფათო რეალობაა.

მაგრამ სეზარი, რომელიც პარიზში, სამეცნიერო კვლევების ეროვნულ ცენტრსა, და შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტში, პარალელურად მუშაობს, აცხადებს, რომ იმ ყოველდღიურ რეალობას, რომელსაც ისლამოფობია უშუალოდ ეფუძნება, არაფერი ან ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო რელიგიურ სხვაობებთან.

სეზარის აზრით, პრობლემა ოთხ სოციალურ ფაქტორს ეფუძნება. ესენია: მუსულმანთა იმიგრანტული წარსული, ძირითადად დაბალი სოციალური სტატუსი, კულტურული წეს-ჩვეულებები და ისლამური ტერორიზმის საფრთხე:






[სეზარის ხმა] ”დისკრიმინაციის ამ ძირითადი სფეროების იდეოლოგიური გამოყენება შეუძლიათ როგორც მუსულმანებს, ისე არამუსულმანებს. როცა ზოგიერთი მუსულმანი სტრუქტურულ უთანასწორობასა და ისლამის აშკარა დისკრიმინაციაზე ლაპარაკობს, ხშირად ხდება, რომ ეს საუბარი განზოგადებით მთავრდება: შეხედეთ, მთელი ევროპა ჩვენი წინააღმდეგია და ყველა დასავლელი მტერიაო. მეორე მხრივ, ამასვე აკეთებს ბევრი არამუსულმანიც, როდესაც ყველა მუსულმანს ერთიან ჯგუფად ხედავს და მათ აღიქვამს საფრთხედ, რომელიც არა მხოლოდ სამუშაო თუ საცხოვრებელ ადგილებს, არამედ საკუთრივ ევროპული საზოგადოების ფასეულობებს ემუქრება.”

კონფერენციის კიდევ ერთი მონაწილის - მუსულმანი ანალიტიკოსის ტარიკ რამადანის - თქმით, ამგვარი ”იდეოლოგიური” განზოგადებები არამუსულმანთა მხრიდან მუსულმანთა კიდევ უფრო ძლიერ დისკრიმინაციას იწვევს; ეს კი, რამადანის აზრით, ევროპელ მუსულმანებში ”მსხვერპლის განცდას” აღძრავს.

რამადანის აზრით, ევროპის პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო მეტად ძლიერდება ირაციონალური შიში მუსულმანთა მიმართ. ამ შიშს რამდენიმე ფაქტორი ასაზრდოებს: ევროპის ეკონომიკური სირთულეები, იმიგრაციის პრაქტიკით მოტანილი დაძაბულობა, ეროვნული იდენტობის ტრანსფორმაცია და ტერორის შიში. ყოველივე ამის შედეგად, რამადანის აზრით, მალე შეიძლება ევროპაში მცხოვრები მუსულმანების იმის მსგავსი შევიწროება და დევნა დაიწყოს, როგორიც გასული საუკუნის 30-იან წლებში ევროპის ებრაელებმა განიცადეს.

რამადანის თქმით, ისევე როგორც მაშინ ებრაელებს, დღეს მუსულმანებს პოლიტიკოსები რამდენიმე ბრალდებას უყენებენ - მათ შორის, ორპირობას და რეალური მიზნების დამალვას და საიდუმლო გეგმის ქონას.

რამადანის აზრით, შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ”ევროპელობის” გადააზრება და მისი უფრო ფართო ცნებად გადაქცევაა, რაც მოქალაქეებს რეალურად თანაბარ უფლებებს მისცემს.

კონფერენციის მონაწილეები მუსულმან და არამუსულმან მოქალაქეებს შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოქმნილ დაძაბულობასაც შეეხნენ. ამის ერთი მაგალითი კონფერენციის მონაწილეებს აუდიტორიის წევრმა, პორტუგალიელმა ლოუშ არმორიმმა შესთავაზა. არმორიმი ბრიუსელში ცხოვრობს და ჰომოსექსუალურ ქორწინებაში იმყოფება. მისი თქმით, მას და მის პარტნიორს ბევრ სირთულეს უქმნის ბრიუსელის მუსულმან მცხოვრებლებში გაბატონებული ჰომოფობია. არმორიმმა პირდაპირ განაცხადა, რომ მას ისლამის ეშინია:

[არმორიმის ხმა] ”ჩემი პირადი უსაფრთხოება მაშინებს. მე ჰომოსექსუალი ვარ, ქორწინებაში ვიმყოფები და 11 თვის აყვანილი შვილი მყავს. ბრიუსელის ზოგიერთ რაიონში ჩემს პარტნიორთან ხელჩაკიდებული ვერ დავდივარ - მეშინია, რომ ამის გამო შეურაცხყოფას მომაყენებენ ან ფიზიკურად გამისწორდებიან.”

არმორიმის თქმით, ის ისლამს ან მის ყველა მიმდევარს, განურჩევლად, არ აკრიტიკებს - მას ის აწუხებს, რომ მუსულმან იმიგრანტებში ტოლერანტობის გამოვლენის შესახებ მოწოდებები არ ისმის.

არმორიმის რეპლიკას აუდიტორიის სხვა წევრები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მუსულმანი ემიგრანტები თვითონ განიცდიან ინტენსიურ დისკრიმინაციას.

ტარიკ რამადანის აზრით, ყოველივე ამაზე გულწრფელი და ღია დისკუსიის წარმოებაა აუცილებელი. ამასთან, რამადანის თქმით, მუსულმანმა თემებმა მეტი თვითკრიტიკულობა უნდა გამოავლინონ:

[რამადანის ხმა] ”უფრო მეტი დისკუსიაა საჭირო როგორც ჩვენს თემში, ისე თემებს შორის - მეტი კრიტიკული დისკურსი. აუცილებელია, როგორც მუსულმანებმა, იმას გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენს თავს ჩაგრულად აღვიქვამთ, მაგრამ როგორც კი სხვა მუსლიმის მიმართ რაიმე კრიტიკულს ამბობ, მაშინვე ”სხვად” გაცხადებენ და ამბობენ, ჩვენს საწინააღმდეგოდ
დასავლეთთან ხარ შეკრულიო.”

აუდიტორიის კიდევ ერთმა წევრმა ტარიკ რამადანს ე.წ. ”სამოქალაქო ცოდნის” შესაფასებელ გამოცდაზე დაუსვა შეკითხვა. ამგვარი გამოცდების პრაქტიკა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ იმიგრანტებისთვის შემოიღო იმაში დასარწმუნებლად, რომ მათი ფასეულობების სისტემა და ტოლერანტობის ხარისხი მისაღებია ევროპული ცხოვრების წესისთვის. რამადანმა ამ შეკითხვას ნახევრად ხუმრობით უპასუხა - მისი თქმით, ამ გამოცდის ჩაბარება რომის პაპს რომ მოსთხოვონ, შეიძლება ჩაიჭრას. ევროპული ქრისტიანობის ღერძი, კათოლიკური ეკლესია, ხომ ჰომოსექსუალიზმს ჯერ კიდევ დიდ ცოდვად მიიჩნევს, ქალებს მღვდლობის უფლებას არ აძლევს და არც ისე დიდი ხნის წინ გამოდიოდა მოთხოვნით, ევროკავშირის კონსტიტუციაში მისი რელიგია ევროპული ფასეულობების უმთავრეს საფუძვლად გამოცხადებულიყო.