ერაყში გავრცელდა ახალი ვიდეომასალა, რომელზეც ჩამოხრჩობილი სადამ ჰუსეინის გვამია აღბეჭდილი

სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯას უკვე მესამე უნებართვო ვიდეომასალის გავრცელება მოჰყვა.
საკუთრივ ჩამოხრჩობისა და ცხედრის კადრების გავრცელების შემდეგ, დღეს ინტერნეტში გაჩნდა მასალა, რომელზეც ჰუსეინის გვამი ახლო ხედით არის აღბეჭდილი. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამერიკელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ ერაყში კიდევ 20 ათასი ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს.

გავრცელებული ვიდეომასალა დაახლოებით ნახევარი წუთი გრძელდება. მასალა საავადმყოფოს საკაცეზე დადებულ სხეულს აღბეჭდავს. გვამს სახე ღია აქვს - ფირზე ნათლად ჩანს სადამ ჰუსეინის დალაქავებული სახე და მარჯვნივ არაბუნებრივად გადაწეული თავი. შემდეგ კამერა გვამს კიდევ უფრო უახლოვდება - კადრში ახლო ხედით ჩანს დიდი წითელი იარა, რომელიც ჰუსეინს ყელის არეში აღენიშნება.

ფირს თან გასდევს ხმა - მამაკაცი ამბობს: ”აბუ ალი, დამეხმარე, გთხოვ.”

ეს 30 დეკემბერს სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობის შემდეგ გავრცელებული უკვე მესამე უნებართვო ვიდეომასალაა.

ყოფილი დიქტატორის სიკვდილით დასჯის შემდეგ ერაყის მთავრობა მობილური ტელეფონით გადაღებული სხვა კადრების წარმომავლობას იძიებდა, იმ კადრებისა, სადაც აღბეჭდილი იყო, როგორ იგდებდნენ სადამ ჰუსეინს აბუჩად შიიტი ოფიციალური პირები სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულების პროცესში. სამშაბათს ერაყის მთავრობის წარმომადგენელმა ალი ალ-დაბაღმა განაცხადა, რომ ჩამოხრჩობის გადაღებაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და ის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

იმ კადრებმა ერაყელ სუნიტებში აღშფოთება გამოიწვია. სავარაუდოდ, დღეს გავრცელებული მასალა დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის.

ჰუსეინის გვამის ამსახველი კადრების გავრცელება დაემთხვა დროს, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ერაყის მიმართ შემუშავებული ახალი სტრატეგიის გამოსაცხადებლად ემზადება.

ბუშის გამოსვლა ოთხშაბათ საღამოსთვის იგეგმება, თუმცა მისი გამოსვლის ცალკეული ასპექტები უკვე ცნობილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალ სტრატეგიაში გათვალისწინებული იქნება ერაყის მთავრობისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზნების დასახვა.

ამასთან, იმ კანონმდებლების თქმით, რომლებიც ბუშს ორშაბათს შეხვდნენ, პრეზიდენტი ერაყში კიდევ უფრო მეტი ჯარის გაგზავნის მოწოდებით გამოსვლას აპირებს. ერთ-ერთი რესპუბლიკელი სენატორი, გორდონ სმიტი, რაოდენობასაც აკონკრეტებს და აცხადებს, რომ საქმე 20 ათას ჯარისკაცს ეხება.

ამას კი ამჟამად კონგრესში უმრავლესობით მყოფი ოპოზიციური, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და ომის ესკალაციად აფასებენ. მაგალითად, დემოკრატი სენატორი ბარაკ ობამა ასე ფიქრობს:

[ობამას ხმა] ”პრეზიდენტ ბუშს გასულ კვირაში შევხვდი და ერაყში ჯარის რაოდენობის გაზრდის თაობაზე ჩემი მკაფიო და ცალსახა პოზიცია გავანდე. მე არა მგონია, რომ ერაყსა თუ ბაღდადში კიდევ 15 ან 20 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა ვითარებას შეცვლის. ცვლილებას იქ შიიტებს, სუნიტებსა და ქურთებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მოიტანს.”

ჯარის რაოდენობის გაზრდის ინიციატივის მომხრეები კი აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესის აღდგენამდე ერაყში ძალადობასთან ბრძოლაა აუცილებელი.

თეთრი სახლის წარმომადგენლის, ტონი სნოუს, თქმით, პრეზიდენტმა იცის, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალური პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. ”ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს და სწორი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია,” -განაცხადა სნოუმ.