ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში საქართველო არ მონაწილეობს

27 თებერვალს ჟენევაში დაწყებულ მოლაპარაკებაში, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლის საკითხებს ეხება,
საქართველოს დელეგაცია არ მონაწილეობს. არადა, სწორედ საქართველოა ის, თითქმის ერთადერთი, პრობლემა, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას აფერხებს. როგორც ცნობილია, ეს პრობლემა იმ შემთხვევაში აღარ იარსებებს, თუ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არალეგალური საბაჟო პუნქტების ლეგალიზება მოხდება ან კიდევ დაიხურება. მოსკოვმა ამ მოთხოვნის შესრულების პირობა ჯერ კიდევ 2004 წელს დადო, მაგრამ პირობა პირობად დარჩა. რა ეტაპზეა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები?

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჟენევაში რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან მრავალმხრივ კონსულტაციებს აწარმოებენ. მათივე ცნობით, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია არ გაემგზავრა. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" კი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაცია, მართლაც, არ მონაწილეობს და ამის შესახებ რუსეთის მხარე წინასწარ იყო ინფორმირებული.

ჟენევაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლევან მიქელაძის განმარტებით, ამჟამად მიმდინარე კონსულტაციები სავალდებულო ხასიათის არ არის და მასზე დასწრება ნებაყოფლობითია.

[ლევან მიქელაძის ხმა] ”ამ კვირაში იმართება ეგრეთ წოდებული პლურილატერალური შეხვედრები...”

ლევან მიქელაძის განცხადებით, საქართველოს წარმომადგენლები აუცილებლად დაესწრებიან ამ არასავალდებულო შეხვედრებს, თუმცა ეს არ იქნება მოლაპარაკებათა ოფიციალური განახლების ტოლფასი:

[ლევან მიქელაძის ხმა] ”მრავალმხრივი ფორმატი, მრავალმხრივი მოლაპარაკებები არის შეჩერებული საქართველოს მოთხოვნით...”

საქართველოში ეკონომიკის ექსპერტები - მათ შორისაა სოსო ცისკარიშვილიც - ფიქრობენ, რომ რუსეთი საქართველოს მოთხოვნას ფორმალურად ნამდვილად დასთანხმდება. ამის საფუძველს იძლევა რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული განცხადებაც, რომელიც რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს გერმან გრეფს ეკუთვნის:

[გერმან გრეფი] ”რუსეთმა გაიარა გზის ძალიან გრძელი მონაკვეთი. დარჩა ერთი პრობლემა, რომელიც საქართველოსთანაა დაკავშირებული და რომელიც უნდა დაიხუროს.”

ეკონომიკის ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის კომენტარი:

[სოსო ცისკარიშვილის ხმა] ”დეტალებში იმალება ეშმაკიო...”

ის, რაც ეკონომიკის ექსპერტს რთულად განსახორციელებელ იდეად მიაჩნია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის და რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თამარ კოვზირიძის კომენტარი:

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”ამგვარი რამ ხორციელდება უკრაინისა და მოლდოვას საზღვარზე, უფრო კონკრეტულად კი - უკრაინისა და დნესტრისპირეთის საზღვარზე...”

დათანხმდება თუ არა ასეთ მოდელს რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, 2007 წლის ბოლომდე გამოჩნდება. სწორედ ამ დროისთვის აპირებს რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.