მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატურა უკვე ცნობილია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დაასახელა კანდიდატურა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე. თუმცა, ამ კანდიდატის ვინაობა, პრაქტიკულად, წინასწარვე ცნობილი იყო:
ჯერ კიდევ სამშაბათს გავრცელებულ ცნობებში ასახელებდნენ რობერტ ზელიკს, სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს, რომელიც შეცვლის მსოფლიო ბანკის ამჟამინდელ პრეზიდენტს, პოლ ვულფოვიცს. ეს უკანასკნელი “არაეთიკურ საქციელში” ბრალდების საფუძველზე გადადგება მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტიდან ივნისის ბოლოს.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ზელიკის კანდიდატურის წამოყენებას აპირებს, მსოფლიო ბანკის მმართველმა საბჭომ გამოუშვა განცხადება, რომელშიც აღწერს, რა თვისებებია აუცილებელი ახალი ხელმძღვანელისთვის.

მსოფლიო ბანკის განცხადებაში ზელიკი არ არის მოხსენიებული, მაგრამ ნათქვამია, რომ მსოფლიო ბანკის ახალი პრეზიდენტი უნდა გამოირჩეოდეს ლიდერის გამოცდილებით, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის უნარით, პოლიტიკური ობიექტურობით და დამოუკიდებლობით. რამდენად მიესადაგება ეს აღწერა რობერტ ზელიკს, მსმენელმა განსაჯოს.

53 წლის ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ეკონომიკის საკითხების ექსპერტად ითვლება, 4 წლის მანძილზე, 2005 წლის თებერვლამდე იყო ვაჭრობის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი, იყო სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის მოადგილე გასული წლის ივნისამდე, სანამ მუშაობას დაიწყებდა უოლ სტრიტის საინვესტიციო ბანკ “გოლდმან საქსში”. გასული წლის აპრილში რობერტ ზელიკი ხელმძღვანელობდა ამერიკული დელეგაციის მოლაპარაკებას ჩინეთთან ეკონომიკის საკითხებზე, მასვე ევალებოდა ჩინეთში ადამიანის უფლებათა საკითხის წამოჭრა.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ზელიკის კანდიდატურის წამოყენების შემდეგ ეს კანდიდატურა მსოფლიო ბანკის მმართველმა საბჭომაც უნდა დაამტკიცოს. ტრადიციულად, მსოფლიო ბანკს ამერიკელი ხელმძღვანელობს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდს - ევროპის წარმომადგენელი.

ექსპერტების განმარტებით, რობერტ ზელიკს უწინარეს ყოვლისა მოუწევს, აღადგინოს ნორმალური სამუშაო ატმოსფერო მსოფლიო ბანკში, სადაც ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია ამჟამინდელ პრეზიდენტ, პოლ ვულფოვიცის სახელთან დაკავშირებულმა სკანდალმა: ვულფოვიცმა თავისი მეგობარი ქალი დააწინაურა და ხელფასი გაუზარდა.

[შეილა პეიჯის ხმა] “ზელიკის უპირველესი ამოცანაა, რასაკვირველია, მოიპოვოს მსოფლიო ბანკის მმართველ საბჭოში წარმოდგნილი მთავრობებისა და ბანკის თანამშრომლების ნდობა, რათა ბანკში აღდგეს ჩვეული სამუშაო რიტმი”, - ამბობს ლონდონში მოღვაწე ექსპერტი შეილა პეიჯი და დასძენს, რომ მსოფლიო ბანკის ახალ ლიდერს მოუწევს აგრეთვე წევრი ქვეყნების დაყოლიება რამდენიმეწლიან პერიოდში თითქმის 30 მილიარდი დოლარის გაღებაზე. ამ ფულით დაგეგმილია უპროცენტო კრედიტების გაცემა მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის.

და კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც მსოფლიო ბანკის ახალ პრეზიდენტს ელოდება: ბანკის პრიორიტეტების განსაზღვრა. [შეილა პეიჯის ხმა] “შემდეგ მან უნდა გადაწყვიტოს, ბანკის საქმიანობის რომელ ასპექტებზე სურს აქცენტის გაკეთება. (...) აქცენტს გააკეთებს უღარიბესი ქვეყნების მეტ მხარდაჭერაზე, თუ კონცენტრირებული იქნება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, ან ისეთი თემები, როგორიცაა კორუფცია, რაზეც ვულფოვიცი მუშაობდა”.