როგორ გადაწყდა თბილისში თაბუკაშვილის 50 ნომრის მობინადრეთა პრობლემა

ერთი კვირის წინ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა თაბუკაშვილის 50 ნომერში მდებარე 13 სართულიანი კორპუსის დემონტაჟი დაიწყო.
ამ კორპუსის მობინადრეთა პროტესტის მიუხედავად, არც შენობის დემონტაჟი შეჩერდა და ქალაქის მთავრობა არც ადეკვატური კომპენსაციების გაცემაზე დათანხმდა. მოგვიანებით მოლაპარაკებათა პროცესში კომპანია ”კაპიტალ ვოსტოკი” ჩაერთო და რამდენიმე შეხვედრის შემდეგ თაბუკაშვილის 50 ნომრის მობინადრეთა პრობლემა თითქმის გადაწყვეტილად გამოცხადდა. რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

თაბუკაშვილის 50 ნომრის მობინადრეთა პრობლემების გადაწყვეტის პროცესში კომპანია ”კაპიტალ ვოსტოკი” მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, რაც გაირკვა, რომ სწორედ მის ინტერესებში შედიოდა თბილისის ცენტრში მდებარე 13 სართულიანი კორპუსის დანგრევა. აღნიშნული შენობა ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის მუზეუმის უკან მდებარეობს. მუზეუმის შენობა კი ”კაპიტალ ვოსტოკმა” შეიძინა და იქ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა აქვს გადაწყვეტილი.

”კაპიტალ ვოსტოკი” თაბუკაშვილის 50 ნომრის მიმართ რაიმე ინტერესს უარყოფს, თუმცა სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებას უბინაოდ დარჩენილ მოსახლეობასთან და არა თბილისის მთავრობა. მოლაპარაკებები საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, რადგან თაბუკაშვილის 50-ის ყოფილი მობინადრენი მყარ გარანტიებს მოითხოვდნენ. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც თბილისის მერია თაბუკაშვილის 50-ის მიწის საკუთრების კანონიერებით დაინტერესდა. ვიცე-მერის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ჯერჯერობით მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო:

[მამუკა ახვლედიანის ხმა] ”ადმინისტრაციული წარმოება იწყება კანონიერების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით. როდესაც დამთავრდება, კანონიერია თუ უკანონო, მერე გეტყვით.”

აქამდე თაბუკაშვილის 50-ის ყოფილი მობინადრენი აცხადებდნენ, მიწა ჩვენი საკუთრებაა და ”კაპიტალ ვოსტოკი” თავისას მაინც ვერ მიაღწევსო. მერიაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ კი ”კაპიტალ ვოსტოკსა” და თაბუკაშვილის 50-დან გამოსახლებულებს შორის შეთანხმება მოხერხდა. შეთანხმების ერთ-ერთ მონაწილეს, მერი კუხალეიშვილს, მოვუსმინოთ.

[მერი კუხალეიშვილი] ”შედარებით ეხლა მაინც უცხოელები არიან და ცივილიზებულად წარიმართა ურთიერთობა. დაგვპირდნენ 20 თვეში ბინის ჩაბარებას იმავე ფორმებში, რა ფორმაშიც დაგვატოვებინეს, ანუ რემონტიანებს გაგვირემონტებენ, ურემონტოები მიიღებენ შესაბამის ფართობს.”(სტილი დაცულია)

20 თვის მანძილზე თაბუკაშვილის 50-ის ყოფილი მობინადრენი ”კაპიტალ ვოსტოკის” მიერ დაქირავებულ ბინებში იცხოვრებენ. დროის ამ მონაკვეთში ინვესტორი კომპანია თბილისში პირველი სკოლის უკან ეგრეთ წოდებული ”ა” კლასის საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს და თაბუკაშვილის 50-დან იძულებით გამოსახლებულ მოქალაქეებს ადეკვატური საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებს. დაზარალებული მოქალაქეების ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას, განცხადებით, ”კაპიტალ ვოსტოკი” თაბუკაშვილის 50-ის მესაკუთრეთა ყველა მოთხოვნაზე დათანხმდა:

[დიმიტრი გაბუნიას ხმა] ”იქნა მიღწეული შეთანხმება, რომელსაც მოეწერა ხელი. ძირითად პრინციპებზე შევთანხმდით.”

მემორანდუმს ხელი მოეწერა 26 ივლისის საღამოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ სამმა ოჯახმა მოითხოვა ფულადი კომპენსაცია, დანარჩენები ახალი სახლის აშენებას ნაქირავებ ბინებში დაელოდებიან.