აზნავურის ბოლო გასტროლები

შარლ აზნავურის სამოცწლიანი სასცენო
კარიერის მანძილზე მისი აუდიოჩანაწერების რეკორდული რაოდენობა, 100 მილიონი გრამფირფიტა და კომპაქტ_დისკი, გაიყიდა. მსგავსად ინგლისურენოვანი ელვის პრესლისა და ესპანურენოვანი ჰულიო იგლესიასი, აზნავური ფრანგულ ტექსტზე შექმნილი სამიჯნურო სიმღერების მეფე გახდა. ახლახან 82 წლის მომღერალმა, კომპოზიტორმა და მსახიობმა დიდი სცენიდან წასვლა გადაწყვიტა. თავისი გამოსათხოვარი ტური მან მოსკოვიდან დაიწყო. გამოჩენილი ფრანგი შანსონიეს კონცერტი აპრილის ბოლოს კრემლის ყრილობათა სასახლეში შედგა. ამჟამად შვეიცარიაში მცხოვრებმა, ეროვნებით სომეხმა აზნავურმა (ვაჰენაგ აზნავურიანმა) თავისი ბოლო გასტროლის საწყის პუნქტად მოსკოვი, როგორც ჩანს, იმიტომ აირჩია, რომ მისი ვაჟიშვილი მიშა უკვე საკმაო ხანია რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს და საქმიანობს.M თვითონ მომღერალი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში გარკვეული როლი რუსი შანსონიე ალექსანდრ ვერტინსკის მიმართ მისმა სიყვარულმა ითამაშა. მოსკოვის მსემენელს კონცერტზე, ბეკ_ვოკალისტის როლში, შარლის ქალიშვილი კატია მოევლინა. აზნავური 1924 წლის 22 მაისს დაიბადა სომეხთა გენოციდის შედეგად საფრანგეთში საცხოვრებლად გადასულ ემიგრანტთა ოჯახში. შარლის დედა თურქეთში მცხოვრებ სომეხ ვაჭართა წოდებას მიეკუთვნებოდა, მამა კი საქართველოში, ახალციხეში, დაიბადა. მამის მხრიდან პაპა ნიკოლოზ II-ის მზარეული იყო. ორი წლის წინ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აზნავურის მამისეულ სახლს ახალციხეში რესტავრაცია ჩაუტარდა. ამასთანBდაკავშირებით მინდა შარლის ერთი გამონათქვამი მოვიყვანო: “ძალიან მაწუხებს კონფლიქტები კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით, სომხებსა და ქართველებს შორის. არ ვხედავ მიზეზებს, რომელთა გამო საბჭოთა კავშირისდროინდელი ხალხთა ერთიანობა უნდა დარღვეულიყო.” რაც შეეხება მეტრის ბოლო წლების გასტროლებს, მათი პროგრამა და თანმხლები ორკესტრის შემადგენლობა უცვლელი რჩება. შანსონიეს აკომპანემენტს უწევს მევიოლინეთა კვარტეტი, ორი ბეკ_ვოკალისტი, დასარტყამ საკრავსა და პერკუსიაზე შემსრულებლები და ორი პიანისტი. კონცერტების სტილი, მათი ატმოსფერო არისტოკრატიული თავშეკავებულობით ხასიათდება: შესრულების მანერაში ვნებათა მძაფრ ღელვას და პათოსურ განწყობას ადგილი არა აქვს. სამაგიეროდ, აზნავურის სიმღერებში ჭეშმარიტი ინტიმური განწყობა ჟღერს.

Mმუსიკალური ჩანართი [მღერის შარლ აზნავური]

Aროდესაც გასული საუკუნის შუაგულში მომღერალმა თავისი პირველი კონცერტი გამართა, ერთ-ერთმა პარიზელმა კრიტიკოსმა დაწერა,^ “გიჟი უნდა იყო, რომ ასეთი გარეგნობით და ხმით მსმენელის წინაშე წარდგეო.”Mმხოლოდ
ლეგენდარული ედიტ პიაფის მფარველობამ მისცა შარლს საშუალება არტისტული კარიერა წარმატებით გაეგრძელებინა.


გამართლდა შარლ დე გოლის წინასწარმეტყველება: “თქვენ დაიპყრობთ მსოფლიოს, ვინაიდან შეგიძლიათ ააღელვოთ ადამიანები”. ევროპასთან ერთად აზნავურმა ამერიკაც დაიპყრო. ის ერთადერთი ფრანგი შანსონიეა, რომელმაც პრესტიჟული მუსიკალური ჟურნალის, “ბილბორდის”, კლასიფიკაციაში პირველი ადგილი დაიკავა.

Mმუსიკალური ჩანართი [მღერის შარლ აზნავური]

ცხადია, სახელგანთქმულ მომღერალს უჭირს მსმენელთან სამუდამო განშორება. მაგრამ რას იზამ, ასაკი თავისას შვრება. Mმოსკოვის კონცერტზე აზნავურისთვის სცენაზე დადგეს სკამი _ პერიოდულად მას მცირეოდენი დასვენება სჭირდებოდა. კონცერტის დასრულებისას აუდიტორიამ მეტრი დარბაზიდან ფეხზე ადგომით გააცილა. აზნავურის გამოსათხოვარი ტური, შესაძლებელია, სამ წლამდე გაიწელოს. მომღერალი ბევრ ქვეყანაში აპირებს ჩასვლას. სცენური მოღვაწეობის დასრულების შემდეგ ხელოვანი ლიტერატურულ შემოქმედებაზე გადართვას გეგმავს. თუ აზნავურის მრავალმხრივ ნიჭს გავითვალისწინებთ, ეს არ არის გასაკვირი. თავის დროზე მორის შევალიემ, ცნობილმა ფრანგმა შანსონიემ, თქვა: “შარლ აზნავური მყისვე იპყრობს ადამიანის გულს. ხელოვნებაში ის განუმეორებელია”.


Mმუსიკალური ჩანართი [მღერის შარლ აზნავური]