აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან
აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან
სროლის გამო, რომელსაც სხვერპლი არ მოჰყოლია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსის ჯარმა მძიმე ტექნიკით გალიდან ადმინისტრაციული საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოს პოლიციის საგუშაგოს, თავს სოფელ განმუხურში დაესხა. სამინისტროს ცნობითვე, ტერიტორიის დატოვებისას რუსმა სამხედროებმა განმუხური-ოტობაიას გადასასვლელი დანაღმეს.
ქართველ პოლიციელებზე რუსი სამხედროების თავდასხმის ინფორმაციას პროვოკაცია უწოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთა ქართულმა პოლიციამ და მისი გალის რაიონის სიღრმეში განლაგების მცდელობა, აფხაზმა მესაზღვრეებმა აღკვეთეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, განაგრძოს რუსეთზე ზეწოლა, რათა მან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს. თბილისში, ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ მიჰოლ მარტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობის აღდგენას, თუკი ეს ხელს მოსკოვის მიერ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას შეუწყობს. თავის მხრივ, მიჰოლ მარტინმა განაცხადა, რომ ირლანდია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.