ედუარდ კოკოითი იმყოფებოდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქის სასაზღვრო სამმართველოს უფროსთან, გენერალ ლისინსკისთან ერთად იმყოფებოდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში, სადაც რუს მესაზღვრეებს შეხვდა. ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ინფორმაციის კომიტეტს მოჰყავს ედუარდ კოკოითის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთი რეგიონში დიდი ხნით მოვიდა და მშვიდობა მოიტანა. ამავე კომიტეტის ცნობით, დღეიდან ათ მაისამდე ოსი სამართალდამცავები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ, რაც გამარჯვების დღისადმი ცხინვალში, ხვალ დაგეგმილ სამხედრო აღლუმს და სხვა ცერემონიებს უკავშირდება.