პეტრეუს-პანეტას დუეტი ამერიკის უსაფრთხოებასა და თავდაცვას გაუძღვება

ლიონ პანეტა და დევიდ პეტრეუსი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს გამოაცხადებს ცვლილებებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელობაში. მოელიან, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტს რობერტ გეიტსის ნაცვლად დაიკავებს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი ლიონ პანეტა. რაც შეეხება დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის თანამდებობას, მას, პანეტას გადადგომის შემდეგ, გენერალი დევიდ პეტრეუსი დაიკავებს. პარალელურად, შეერთებულ შტატებს ახალი სარდალი და ახალი ელჩი ეყოლება ავღანეთში. როგორ აფასებენ ანალიტიკოსები თეთრი სახლის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს?

ანალიტიკოსების თქმით, 58 წლის გენერალი დევიდ პეტრეუსი, რომელსაც ერაყსა და ავღანეთში განლაგებული ჯარების მართვის მრავალწლიანი სამხედრო სტაჟი აქვს, დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოში უნიკალური გამოცდილებით მიდის. სწორედ სადაზვერვო წყაროების ცნობას ემყარებოდა პეტრეუსის, როგორც ორი საომარი მოქმედების სარდლის მიერ მიღებული სტრატეგიული თუ ტაქტიკური გადაწყვეტილებებიო, - ამბობს გარი შმიტი, ვაშინგტონელი მკვლევარი, რომელიც ამერიკული ინიციატივების ინსტიტუტში წამყვანი სტრატეგიული სწავლებების პროგრამების დირექტორია:

„ჩართული იყო რა ორივე ომში, როგორც ცენტრალური სარდლობის მეთაური, პეტრეუსი მჭიდროდ მუშაობდა სადაზვერვო წრეებთან ამ შეიარაღებულ კონფლიქტებში სამხედრო ხელმძღვანელობის განსახორციელებლად. ამგვარად, მას აქვს საკმაოდ კარგი სამუშაო კავშირები სადაზვერვო წრეებთან, რასაც ჩვენ მოველოდით საომარ დროს.“

2003 წელს გენერალ-მაიორი პეტრეუსი მეთაურობდა 101-ე საჰაერო-სადაზვერვო დივიზიას, რომელიც, როგორც ამბობენ, ერაყში შეჭრის პირველ დღეებში სასტიკ ბრძოლებს აწარმოებდა. მოსულში შესლისთანავე პეტრეუსმა დივიზიის საშუალებით შეძლო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, მიიღო ზომები ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,
ხელი შუწყო ადგილობრივ არჩევნებს და განახორციელა 4000-ზე მეტი აღდგენითი პროექტი. ასეთი საქმიანობის გამო, როგორც წერენ, პეტრეუსს ზოგიერთმა ერაყელმა „მეფე დავითი“ უწოდა. ჟურნალი „ნიუსვიკი“ წერს, რომ „პეტრეუსის მეთაურობით მოქმედ 101-ე საავიაციო-სადესანტო დივიზიაზე უფრო გულმოდგინედ ვერც ერთმა ძალამ ვერ შეძლო ერაყელთა გულებისა და გონების მოგება.“

როგორც ითქვა, ბარაკ ობამას მიერ დაგეგმილი საკადრო ცვლილების მიხედვით, გენერალ დევიდ პეტრეუსს ავღანეთში განლაგებული შეერთებული შტატებისა და კოალიციური ძალების მთავარსარდლის პოსტზე შეცვლის გენერალ-ლეიტენანტი ალენი, რომელიც 2006-2007 წლებში ერაყის დასავლეთით მდებარე ანბარის პროვინციაში თავმოყრილი ძალების სარდალი იყო. სწორედ მაშინ შეცვალეს სუნიტმა უკონტროლო ლიდერებმა დამოკიდებულება და დაეხმარნენ ამერიკელ სამხედრო მეთაურებს ალ ყაიდის ჯგუფებთან ბრძოლაში, რამაც, როგორც ამერიკელი სამხედროები ამბობენ, ომის ბედი გადაწყვიტა. თუმცა ვაშინგტონელი მკვლევარი გარი შმიტი მიიჩნევს, რომ სამხედრო სარდლობის ცვლილება შესაძლოა სარისკო იყოს თეთრი სახლის სამხედრო სტრატეგიის განსახორციელებლად:

„მე შეშფოთებული ვარ, რომ ობამას დროს ეს უკვე მეოთხედ იცვლება ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდამჭერი ძალების (ISAF-ის) სარდალი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი გენერალი ბრწყინვალედ ასრულებდა თავის მოვალეობას, ასეთმა რეორგანიზაციამ შეუძლებელია არ დაარღვიოს წესრიგი, რადგან ყველა ახალ სარდალს აქვს განსხვავებული სტილი და განსხვავებული ხელწერა, რასაც ყველა უნდა მოერგოს. ამგვარად, ასეთი რეორგანიზაცია არ არის სასარგებლო ომის დროს.“

კიდევ ერთი ცვლილება ვაშინგტონის ავღანეთის სტრატეგიაში უკავშირდება გაწვევას ავღანეთში მყოფი ამჟამინდელი ელჩის, კარლ ეიკენბერისა, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ურთიერთობა გაუფუჭდა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან. ავღანეთში შეერთებული შტატების ახალი ელჩის პოსტს დაიკავებს რიან კროკერი, რომელიც ელჩად მუშაობდა პაკისტანში, სირიაში, კუვეიტსა და ლიბანში. ბრუკინგსის ინსტიტუტის მმართველობის სწავლებათა პროგრამის დირექტორის დარელ ვესტის თანახმად, ახალი ელჩის დანიშვნა უთუოდ გაახარებს ჰამიდ კარზაის:

„ ვფიქრობ, ავღანეთის მთავრობა ყველასთან ითანამშრომლებს, ვისაც ჩვენ იქ გავგზავნით. არსებობდა დაძაბულობა ეიკენბერის გამო. ასე რომ, ავღანეთის მთავრობას დაამშვიდებს ახალი პიროვნების დანიშვნა. მაგრამ ვფიქრობ, ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ მათ სულ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ იმისათვის, რომ შეძლონ ეფექტური კომუნიკაციის დამყარება შეერთებულ შტატებთან.“

და კიდევ ერთი, თავისი არსით უმნიშვნელოვანესი, საკადრო ცვლილება: ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს უფროსი ლიონ პანეტა შეცვლის რობერტ გეიტსს, რომელიც აპირებს დატოვოს თანამდებობა, რომელსაც 2006 წლიდან იკავებს. როგორც ვაშინგტონის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა უთხრა „ასოშიეიტედ პრესს“, პანეტას მოუწევს თავისი მდიდარი გამოცდილება სხვა სფეროში გამოიყენოს. დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობისას პანეტა 30 ქვეყანაში იმყოფებოდა და 300 ათასი კილომეტრი გზა გაიარა სხვადასხვა სადაზვერვო უწყებების საინსპექციოდ. ანალიტიკოსების თქმით, ობამას ადმინისტრაციაში მოელიან, რომ პანეტა, რომელმაც თავის დროზე კლინტონის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე ფედერალური ბიუჯეტის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, შეძლებს დაზოგოს ხარჯები პენტაგონში, რომელსაც მომავალ წლებში დაფინანსება რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარით შეუმცირდება.