სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ღაღანიძე

გიორგი ღაღანიძე

10 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ღაღანიძე, ეკონომიკის დოქტორი, თსუ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე. საუბრის თემა იყო აგვისტოს ომის შემდგომი საქართველოს ეკონომიკა - რა ძირითადმა ფაქტორებმა მოახდინა ზეგავლენა მასზე ბოლო წლის მანძილზე, რას ხმარდება საერთაშორისო დახმარება, რამ გადაარჩინა საბანკო სექტორი? ღაღანიძის თქმით, როდესაც საომარი მოქმედებების შეჩერების შემდეგ გარკვეული ხნის მანძილზე რჩებოდნენ პოზიციებზე (მათ შორის, ფოთის პორტში), რუსებს ძალიან კარგად ჰქონდათ გათვლილი საქართველოსთვის მაქსიმალური ეკონომიკური ზიანის მიყენების პოლიტიკა. ღაღანიძე სამ ძირითად ფაქტორს ჩამოთვლის: აგვისტოს ომს, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოვლენებს 2009 წელს. თუმცა, ამ უკანასკნელის შესახებ ამბობს, რომ პოლიტიკური დაპირისპირების კონსტიტუციურ ჩარჩოებში შენარჩუნება თავისთავად ძალიან დადებითი სიგნალი იყო მსოფლიოსთვის.