ბაჩო ახალაიამ ქვეყნის თავდაცვის პრიორიტეტები დაასახელა

საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ბაჩო ახალაია ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან მეორე დღესვე ჟურნალისტებს შეხვდა და თავდაცვის სფეროს პრიორიტეტებზე მოკლედ ესაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის სფეროს უმთავრესი ამოცანები მისი მინისტრობისას იქნება: მშვიდობა, მოდერნიზაცია და ნატო. ბაჩო ახალაიამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სიხარულიძე შეცვალა, რომელიც პრეზიდენტის აპარატში საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად განაგრძობს მუშაობას.

საქართველოში მინისტრები - მათ შორის, თავდაცვის სფეროს ხელმძღვანელები - არცთუ იშვიათად იცვლებიან. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში თავდაცვის უწყებას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: გელა ბეჟუაშვილი, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, დავით კეზერაშვილი, დავით სიხარულიძე. 2008 წლის 27 აგვისტოდან კი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაიაა. ის არის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი საქართველს მთავრობაში - 28 წლის. მიღებული აქვს იურიდიული განათლება.

ახალაია მთავრობაში სამოქალაქო სექტორიდან მოვიდა. 2003-2004 წლებში მუშაობდა თავისუფლების ინსტიტუტში, 2004-2005 წლებში ასრულებდა სახალხო დამცველის მოადგილის მოვალეობას. ამ სამსახურიდან იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე გადაინაცვლა. 2008 წელს გახდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე და უკვე მინისტრია. საკადრო გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 აგვისტოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა. იქვე მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, თუ რატომ განახორციელა ცვლილება და რატომ გააკეთა არჩევანი ახალგაზრდა კადრზე, რომელსაც საქართველოში ბევრი მტერი ჰყავს:” მე მაინც ბოლომდე დამაკმაყოფილებლად ვერ შევაფასებ ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნას ძალიან საშიში აგრესორის შესაკავებლად. ბევრად მეტია გასაკეთებელი და ბევრად უფრო მკაცრი ხელია საჭირო ამ უწყებაში.”

მკაცრი ხელი ბაჩო ახალაიამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში გამოავლინა. მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით თქვა, ამ ახალგაზრდა კაცმა შეძლო ის, რაც თავად სააკაშვილმა ვერ შეძლო იუსტიციის მინისტრად მუშაობისას, შეძლო ის, რომ საქართველოში ციხეებს ვეღარ მართავენ ეგრეთ წოდებული’”კანონიერი ქურდებიო”. ”ეს სწორედ ახალაიას დამსახურებაა და მე ვიცი, რატომ ჰყავს მას ბევრი მტერი”, - აღნიშნა პრეზიდენტმა. სააკაშვილის პოლიტიკურ ოპოზიციაში კი ბაჩო ახალაიას თავდაცვის უწყების პირველ პირად დაწინაურება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობისას გამოვლენილი მკაცრი ხელის გამოც დაგმეს.

”საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, ვინ იყო ციხის ბუნტის ჩახშობის ინიციატორი; საზოგადოებამ იცის ისიც, რა როლს ასრულებდა ბაჩო ახალაია 7 ნოემბრის აქციის დარბევაში”, - აღნიშნეს კონსერვატიულ პარტიაში. მიხეილ სააკაშვილის 27 აგვისტოს საკადრო გადაწყვეტილებას სახიფათო უწოდა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. ”ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილმა დაასრულა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა”,- აღნიშნა მან. ოპოზიციაში ხაზგასმით შენიშნავენ, რომ ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული პირია და მისი თავდაცვის მინისტრად დანიშვნა თავდაცვის სფეროზე ვანო მერაბიშვილის გავლენის გამყარებას ნიშნავს. სააკაშვილმა იცოდა, რომ მის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა, მაგრამ უშიშროების საბჭოზე თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებისას მან საზოგადოებას მიანიშნა, რომ მოსალოდნელ რეაქციაზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას იმას ანიჭებდა, რაც, პრეზიდენტისვე სიტყვებით, მკაცრი ხელითაა გასაკეთებელი თავდაცვის სფეროში საშიშ მტერთან მშვიდობის მოსაგებად. ეს ამოცანა ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრის რანგში თავის პირველ შეხვედრაზე ახალაიამაც ახსენა - თქვა, რომ საქართველოს თავდაცვის უწყების მიზანი მისი მინისტრობისას იქნება მშვიდობის მოგება, მშვიდობის შენარჩუნება:

”მე შევეცდები მაქსიმალურდ მოკლედ გითხრათ ჩვენი პრიორიტეტების შესახებ. ეს იქნება: მოდერნიზება, მშვიდობა და ნატოში ინტეგრაცია.”

მინისტრი თავის პირველ პრესკონფერენციაზე მოკლე განმარტებით შემოიფარგლა. განმარტება ჯერ ქართულად, შემდეგ კი ინგლისურ ენაზე გააკეთა. ბაჩო ახალაიას სიტყვებით, ნომერი პირველი პრიორიტეტი მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის საქართველოს არმიის თავდაცვისუნარიანობა უნდა გაძლიერდეს, მოდერნიზაციაში იგულისხმება არმიის უკეთ აღჭურვა და სამხედრო კადრების მომზადების ახალ საფეხურზე აყვანა და, მესამე, საქართველოს თავდაცვის სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება ნატოს სტანდარტებთან მიახლოება, რადგან საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ალტერნატივა არა აქვს. სულ ეს იყო, რაც 28 აგვისტოს პრესკონფერენციაზე ითქვა. თავდაცვის ახალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ სისტემაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს.