უმწეოთა დახმარება შეჩერდა, მერიის რემონტი - არა

ქუთაისი

ამ დღეებში ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ ამომრჩეველს ანგარიში ჩააბარა. ისინი ოთხწლიანი მოღვაწეობის დიდ წარმატებად თვლიან პროექტს „ბიუჯეტი ხალხთან ერთად“. საკრებულოს უმრავლესობის წევრები ამაყობენ, რომ 2009 წელს ქალაქის მთავარი დოკუმენტი ხალხთან ერთად დაგეგმეს, თუმცა „სახალხო“ ბიუჯეტში ქუთაისელთა სოციალური დაცვის ღონისძიებებზე მხოლოდ 903 ათასი ლარია გამოყოფილი. ამასთან, რამდენიმე პროგრამა უსახსრობის გამო შეჩერდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი თქვა უმწეო ქუთაისელების მატერიალურ დახმარებაზე. 3 თვითაა შეჩერებული კომპენსაცია, რომელიც 200 ლარს არ აღემატება. ხელისუფლებამ ვერ დააფინანსა პროგრამა „კორპუსი“, რომელიც ქუთაისში 176 მრავალსართულიანი სახლის გადახურვას ითვალისწინებდა. ქუთაისის ვიცე-მერი ზაზა ნუცუბიძე პროგრამების ჩავარდნას ფინანსური დეფიციტით ხსნის და ამბობს, რომ ისინი მომავალი წლიდან განხორციელდება.

საბიუჯეტო პროგრამების ჩავარდნის გამო ოპოზიციური პარტიები ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებენ. რესპუბლიკელი ვლადიმერ ნაკაშიძე აცხადებს, რომ ჩინოვნიკები ბიუჯეტის იმ მუხლებს აუქმებენ, რომლებიც მოსახლეობის ინტერესებს უკავშირდება, მივლინებებს, პრემიებსა და საოფისე ხარჯებს კი არ ეხებიან.

ვლადიმერ ნაკაშიძის ინფორმაციით, ქუთაისელი მაღალჩინოსნების პრემიებზე წელს ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯა. სამსახურებრივი ავტომანქანების მოვლა-შენახვა ბიუჯეტს 200 ათასი, ხოლო მერიის შენობის რემონტი 250 ათასი ლარი დაუჯდა, მაშინ როცა პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად 200 ათასი ლარი ვერ მოიძებნა.