ერაყში თავდასხმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

იერიშებმა დღეს 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ერაყში, სადაც ორი კვირაც აღარ რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე. 7 მარტს უნდა ჩატარდეს რიგით მეორე არჩევნები სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ. დღევანდელი იერიშებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე, უმეტესწილად სუნიტებით დასახლებულ უბანში. იქ შეიარაღებულმა პირებმა ერთი ოჯახის რვა წევრი მოკლეს. ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში ორი ერაყელი ჯარისკაცისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა თავდასხმებმა სხვადასხვა ბლოკ-პოსტზე. ანბარის პროვინციის ქალაქ რამადიში თვითმკვლელი მოიერიშე დანაღმული ავტომანქანით დაეჯახა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების ცენტრს, მოკლა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ბაღდადში კი განათლების სამინისტროს წარმომადგენელი მოკლეს.