სტუმრად ჩვენს ეთერში: ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

2 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნოდარ ხადური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა ”სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტზე, სადაც მუხლიდან ”სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება” ამოღებულია მაგისტრალური გაზსადენი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ მუხლში მოცემული ნუსხა უნდა გათავისუფლდეს ”საწარმოებისგან” და რომ სახელმწიფოზე უკეთ საწარმოს ყოველთვის კერძო სექტორი მართავს. ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ მაგისტრალური გაზსადენი ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთისა და სომხეთისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსთვის, თუმცა, ამ უკანასკნელისთვის არსებითია მისი პოლიტიკური ფასი. ხადურის ვარაუდით, საქართველოს ხელისუფლებას გაზსადენის პრივატიზაცია, შესაძლოა, ბიუჯეტის შესავსებად სურდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მაგისტრალური გაზსადენის მიმართ ინტერესი რუსეთის ”გაზპრომმა” არაერთხელ ღიად გამოთქვა და მისი შეძენის ერთადერთ მსურველად დღესაც რუსეთი სახელდება.