ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგი „ნების უქონლობის“ ფონზე

ქართველოლოგი ლორენს ბროვერსი (მარჯვნივ) და დამოუკიდებელი ქართული ტელესტუდია „რეს“ დირექტორი მამუკა ყუფარაძე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მანამდე არსებული შეხვედრების ფორმატში ცვლილება მოხდა, თუმცა ქართულ-აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი განაგრძობს შეხვედრებს, რომელთა მიზანიცაა კონფლიქტის ახალი პარადიგმის ჩარჩოების განსაზღვრა. ასეთი შეხვედრა ივლისის დასაწყისში ჩეხეთის დედაქალაქში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კობა ლიკლიკაძემ რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში სადისკუსიო მაგიდასთან სასაუბროდ მოიწვია შეხვედრის თანაორგანიზატორი, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების რესურსების“ წარმომადგენელი, ქართველოლოგი ლორენს ბროვერსი და დამოუკიდებელი ქართული ტელესტუდია „რეს“ დირექტორი მამუკა ყუფარაძე, ავტორი დოკუმენტური ფილმისა „ნების უქონლობა“, რომელიც პრაღის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტელევიზიამ აჩვენა.