ერაყის პოლიტიკურ ძალებს მთავრობის შექმნისაკენ მოუწოდებენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ტეხასში მდებარე სამხედრო ბაზას ეწვია ჯარისკაცებთან შესახვედრად, ვიდრე მოგვიანებით ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან გამოვიდოდეს სატელევიზიო მიმართვით (საქართველოს დროით, დილის 5 საათზე) ერაყში საბრძოლო ოპერაციების ოფიციალურად დასრულებასთან დაკავშირებით. ამასობაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე, ბენ როდესი გამოვიდა ერაყის პოლიტიკური ძალებისადმი მოწოდებით, მალე ჩამოაყალიბონ ახალი მთავრობა. ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ იად ალაუის მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობის შექმის საკითხზე უკვე რამდენჯერმე აღმოჩნდა ჩიხში, რაც ერაყში პოლიტიკურ ვაკუუმს წარმოშობს მაშინ, როცა ქვეყანაში ძალადობა გრძელდება. დღესვე, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ ერაყის უსაფრხოების ძალებს აქვთ უნარი, სრული პასუხისმგებლობა იკისრონ ერაყში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ალ-მალიკის განცხადებით, ერაყმა, შეერთებული შტატების საბრძოლო ოპერაციების დასრულებასთან ერთად, დამოუკიდებლობა მოიპოვა.