მიხეილ სააკაშვილმა ძალის გამოუყენებლობის ინიციატივა მსოფლიო ლიდერებს გააცნო

საქართველოს პრეზიდენტმა ძალის გამოუყენებლობის ინიციატივა მსოფლიო ლიდერებს წერილობითაც გააცნო - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისივე ცნობით, ოფიციალური წერილები გაეგზავნა გაეროს და ნატოს გენერალურ მდივნებს, ეუთოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს და აშშ-ის და ევროკომისიის პრეზიდენტებს. დღესვე პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა გასულ კვირაში, ასტანაში გამართულ ეუთოს სამიტს. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, სამიტზე კვლავ გამოვლინდა რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიცია, თუმცა მიუხედავად ამისა, ასტანის დეკლარაციამ შეძლო დაეფიქსირებინა ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.