საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობა იოლდება

ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური ვებგვერდი 18 იანვარს იტყობინება, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლებიც სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს, ევროპარლამენტის შემდეგ 27 ქვეყნის წარმომადგენლობითმა ორგანომ - ევროკავშირის საბჭომაც - მოიწონა და დაამტკიცა. ორივე შეთანხმება ძალაში 2011 წლის 1 მარტიდან შევა.

ეს მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისათვის, რადგან მათ უადვილდებათ საქმიანი თუ სხვა მიზნით ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მოგზაურობა...
გამარტივებული სავიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან ამ ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც ამცირებს და წესებსაც ამარტივებს. მაგალითად, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ვიზის მისაღებად გაცილებით ნაკლები დოკუმენტაცია დასჭირდება, ვიდრე ეს აქამდე იყო საჭირო. ამ კატეგორიაში მოხვდნენ ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების ახლო ნათესავები, როლებიც მათთან სტუმრად მიდიან, ბიზნესმენები, მეცნიერები, სტუდენტები და ჟურნალისტები. ხოლო მათთვის, ვისაც ევროპაში ხშირად უწევს მოგზაურობა, წევრი ქვეყნები მრავალჯერადი ვიზების გაცემას გეგმავენ. დიპლომატიური კორპუსი კი ვიზებისგან სრულიად თავისუფლდება.

”ეს მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისათვის, რადგან მათ უადვილდებათ საქმიანი თუ სხვა მიზნით ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მოგზაურობა. ვიზის საფასური განახევრებულია, რიგ კატეგორიებს საერთოდ უფასოდ შეეძლებათ ვიზის აღება.. ამ ნაბიჯით საქართველო უახლოვდება ევროპულ ოჯახს”, - განმარტავს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი.

ეს არის გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს საქართველომ ის მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე ...
შეთანხმების მიხედვით, ვიზა 10 დღეში უნდა გაიცეს, ხოლო მისი ფასი, დღემდე დადგენილი 60 ევროს ნაცვლად, 35 ევრო იქნება. ამ გადასახადისგან ასევე თავისუფლდებიან ზემოთ ჩამოთვლილი პირები, 12 წლამდე ბავშვები, პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები.

შეგახსენებთ, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება 2008 წლის ნოემბერში დაიწყო, შეთანხმებას კი ხელი 2010 წლის ივნისში მოეწერა.

რაც შეეხება მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან რეადმისიის შესახებ დოკუმენტს, ამ დოკუმენტით საქართველო ვალდებულებას იღებს დაიბრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობენ ევროკავშირის ქვეყნებში. დავით დარჩიაშვილის თქმით, ეს შეთანხმება, ამავე დროს, ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკის ნაწილია:

”ეს დაახლოება ჩვენთვის უსაფრთხოების მნიშვნელობის მატარებელიც კია. თუმცა რეადმისიას ვალდებულებებიც ახლავს თან. ეს არის გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა დაიბრუნოს საქართველომ ის მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე, და ასევე როგორ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მესამე ქვეყნის მოქალაქეზე, თუ ის საქართველოს გავლით შევიდა ევროკავშირის ქვეყანაში”.

უფრო დეტალურად რეადმისიის შეთანხმების სიკეთეზე
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონია ლაპარაკობს:

”გამომგზავნი ქვეყანა აფინანსებს ამ ღონისძიებას. სწორედ ის უზრუნველყოფს ასეთი მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში, მათი უფლებების დაცვით:

ბოლოს გეტყვით, რომ ევროკავშირს დღემდე ამ ორ დოკუმენტზე ხელი მოწერილი აქვს რვა ქვეყანასათან. ესენია - ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია, მოლდავეთი, ჩერნოგორია, რუსეთი, სერბია და უკრაინა.

რეადმისიის შეთანხმება ევროკავშირს ასევე აქვს პაკისტანთან, ჰონკონგთან, შრი-ლანკასა და მაკაოსთან.