ყვავილის დაავადების შტამები მწვავე კამათის საგანი ხდება

რუსეთი და აშშ ორად ორი ქვეყანაა, სადაც ოფიციალურად ინახება მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადების, ყვავილის, შტამები. როგორც ჩვენი შემდეგი სიუჟეტიდან შეიტყობთ, იმის შესახებ, უნდა განადგურდეს თუ არა ეს ნიმუშები, მწვავე დისკუსია მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დღეს არსებული მონაცემებით, ყვავილმა, იმავე ვარიოლამ, ათასწლეულების მანძილზე ასობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლა - მანამ, სანამ ვაქცინაციის გლობალური კამპანიის შედეგად, 1980 წლისთვის, ეს დაავადება აღმოიფხვრებოდა.

თუმცა დაავადების ცოცხალი ვირუსები კვლავაც ინახება ლაბორატორიებში, რომელთა რიცხვიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, შემცირებულ იქნა. 1984 წლისთვის მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ამ დაავადების შტამებს მხოლოდ ორ ლაბორატორიაში შეინახავდნენ - აშშ-სა და რუსეთში.

მას შემდეგ მსოფლიოს ჯანდაცვის სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის არ შემწყდარა კამათი იმის შესახებ, რა საფრთხეს ატარებს ამ შტამების შენახვა და უნდა განადგურდეს თუ არა ისინი.

ამ დღეებში (18-23 იანვარს) ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 34 წევრი მართავს შეხვედრას. როგორც ვარაუდობენ, ყვავილის შტამების საკითხი შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება. ამ საკითხს მაისშიც დაუბრუნდებიან - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფრო ფართომასშტაბიან შეხვედრაზე.

თუმცა ამ საკითხის განხილვა საკმაოდ პრობლემური და დაძაბული პროცესი იქნებაო, უთხრა რადიო თავისუფლებას გერმანიის ტექნიკურ უნივერსიტეტში მომუშავე პროფესორმა, დოქტორმა ჯონათან ტაკერმა: „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ეს საკითხი დაახლოებით 20 წელია მწვავე კამათის საგანს წარმოადგენს. განვითარებადი ქვეყნების ნაწილს - ძირითადად აფრიკაში, თუმცა სხვაგანაც - სულ უფრო ეწურება მოთმინება. მათ სურთ, რომ კვლევა საერთოდ შეწყდეს და უნდათ, რომ დაწესდეს ზუსტი თარიღი, თუ როდის გაანადგურებენ ვირუსის შტამების უნებართვო პარტიებს.“

ყვავილმა მხოლოდ მეოცე საუკუნის განმავლობაში დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

ევროპაში დაავადების ბოლო მასშტაბური აფეთქება ყოფილ იუგოსლავიაში 1972 წელს მოხდა და 35 ადამიანი შეიწირა.

ევროპის გარეთ დაავადება ბოლოს 1977 წელს სომალიში გავრცელდა. ეპიდემიის აღკვეთა მოხერხდა.

ერთი წლის შემდეგ დაავადებამ კიდევ ერთხელ სცადა დაბრუნება: ბირმინგემის უნივერსიტეტში, მედიცინის ლაბორატორიაში მომუშავე ფოტოგრაფი შემთხვევით დაავადდა ვირუსით და ემსხვერპლა კიდეც მას. ვირუსი ფოტოგრაფის დედასაც გადაედო, თუმცა ის სიკვდილს გადაურჩა.

ამ შემთხვევამ აჩვენა, რაოდენ საშიში იყო ვარიოლას ცოცხალ ვირუსზე გამოკვლევის წარმოება. ამ ვირუსით ადამიანები კვლავაც იოლად ავადდებიან - მით უფრო, რომ დაავადება აღმოფხვრილად ითვლება და მის წინააღმდეგ აღარც ვაქცინაციის პროგრამა მოქმედებს.

არადა, ვარიოლას ვირუსის 120 სახეობა ინახება რუსეთში, ნოვოსიბირსკთან ახლოს, კოლცოვოში მოქმედ კვლევით ცენტრში. აშშ-ში, ატლანტაში განთავსებულ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში, 451 ნიმუშია დაცული.

ტაკერის თქმით, რუსეთსაც და აშშ-საც ცოცხალ ვირუსზე გამოკვლევის გაგრძელება სურთ და მათ ამ სურვილს დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაც ემხრობა.

ამასთან, ბევრი შიშობს, რომ ვარიოლას ვირუსის შტამები საიდუმლოდ სხვა ქვეყნებშიც ინახება და რომ ერთ დღეს შესაძლოა ეს ნიმუშები ტერორისტებს ჩაუვარდეთ ხელში, რასაც ისინი მასობრივი განადგურების იარაღად გამოიყენებენ.

ამ თვალსაზრისს იზიარებს ალექსანდრ გოლცი - მოსკოვში მცხოვრები თავდაცვის ექსპერტი - და დასძენს, რომ სწორედ ამ საშიშროების გამოა აუცილებელი ვირუსზე მუშაობის გაგრძელება: „სამწუხაროდ, ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესაძლებლობა ახლა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ვიდრე ცივი ომის პერიოდში. იმისათვის, რომ ამ ჰიპოთეზური, სამომავლო ბიოლოგიური იარაღის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნას, ყვავილის შტამების ქონა აუცილებელია.“

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ამ თვალსაზრისს - რომ ყვავილის შტამების შენახვა და მათზე მუშაობის გაგრძელება აუცილებელია - ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მათ, ძირითადად, ვირუსის შემთხვევით გავრცელების საფრთხე აშინებთ. ასევე, ბევრისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაიხარჯოს დიდძალი თანხები უკვე აღმოფხვრილ დაავადებასთან საბრძოლველად, მაშინ როცა მსოფლიო კვლავაც ებრძვის შიდსს, მალარიას, ტუბერკულოზსა და სხვა ინფექციებს.

აზრთა ასეთი სხვადასხვაობის ფონზე, თითქმის ყველა თანხმდება, რომ ვირუსის შტამების განადგურებისთვის ზუსტი თარიღის დაწესება ალბათ არ მოხერხდება - ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში მაინც. ტაკერის თქმით, მოკლევადიანი, კომპრომისული გამოსავალი იქნებოდა გადაწყვეტილება, რუსეთშიც და აშშ-შიც დაახლოებით 10-10 შტამი განადგურდეს.