კადაფი ბოლომდე ბრძოლას აპირებს

ტრიპოლი: მუამარ კადაფი მომხრეების წინაშე გამოსვლის დაწყებამდე

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი იწყებს გამოძიებას ლიბიაში კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით. ეს განცხადება ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაკეთდა - ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ კიდევ ერთხელ უარყო გადადგომის მოთხოვნა.

„მე არა მაქვს ის პოზიცია, რომ გადავდგე, როგორც სხვა პრეზიდენტები. მე არა მყავს პრემიერ-მინისტრი. მითხრეს, რომ რაღაც მოთხოვნას მიყენებენ. მე ვუთხარი: სადაა ეს მოთხოვნა-მეთქი? მითხრეს, უცხოეთიდან გიყენებენო. უცხოური მედია გაკვირდება და შენსკენაა მომართული კოლონიზაციის მახვილიო. და აქ დადგა მომენტი, როცა ლიბიელმა ხალხმა იგრძნო, რომ ღირსება და სიამაყე შეულახეს“, - თქვა კადაფიმ და ისიც განაცხადა, რომ ბოლომდე ბრძოლას აპირებს - თუ კადაფის სიტყვებს მოვიშველიებთ, „ბოლო მამაკაცისა და ქალის დაცემამდე“ ბრძოლას.

ეს სიტყვები ლიბიის ლიდერმა ტრიპოლიში წარმოთქვა თითქმის სამსაათიანი მონოლოგის დროს, რომლითაც თავისი მომხრეების წინაშე გამოვიდა. როგორც გაირკვა, კადაფის არ დაუკარგავს რწმენა, რომ ლიბიელების უმრავლესობა ემხრობა მის რეჟიმს... და ეს მაშინ, როცა აღმოსავლეთ ნაწილს, პრაქტიკულად, მისი მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ, ისევე როგორც დასავლეთ ლიბიის რამდენიმე ქალაქს.

თუმცა კადაფის ერთგული ძალები კონტრშეტევაზე არიან გადასული. საბრძოლო თვითმფრინავებმა, თვითმხილველების ცნობით, რამდენჯერმე დაბომბეს აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქი მარას ელ-ბრეგა და იერიში მიიტანეს ახლოს მდებარე ქალაქ აჯდაბიაზეც. ამასთან, მარას ელ-ბრეგაში ანტისამთავრობო ძალები აცხადებენ, რომ აღადგინეს კონტროლი ნავთობტერმინალზე, რომელიც მანამდე კადაფის მომხრეების ხელში იყო გადასული.

კადაფის ჯარები იერიშებს ახორციელებენ დასავლეთ ლიბიაშიც. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მათ ვერ აღადგინეს კონტროლი რეგიონებზე, რომლებიც გასულ კვირაში დაიპყრეს ოპოზიციონერებმა. როგორც ქალაქ ალ ზავიაჰში ანტისამთავრობო ძალების წარმომადგენელმა, იუსეფ შაგანმა, ”რეიტერსს” განუცხადა, კადაფის მოწინააღმდეგეები ძალას იკრებენ, სულ უფრო იმატებს მათი რიცხვი.

„ვგრძნობთ, რომ ძალიან კარგ სიტუაციაში ვართ და მზად ვართ, შეტევა მივიტანოთ კადაფიზე ტრიპოლიში“, - ამბობს შაგანი.

კადაფის მოწინააღმდეგეებს შორის არის ჰაითამიც. „გვაქვს იარაღი. ყველაფერი გვაქვს. ახლა ყველანაირი მხარდაჭერა გვაქვს. ღვთის წყალობით. და გვინდა გადავაყენოთ კადაფი, გავანადგუროთ! ის აღარ გვინდა აქ, ჩვენ სადაც ვართ. სხვა ორგანიზაცია, სხვა სისტემა გვჭირდება. ახლა ჩვენ განვასახიერებთ თავისუფლებას. არ გვინდა ნავთობი, არც ფული და არც არაფერი. მარტო თავისუფლება გვინდა. სულ ეს არის“, - ამბობს ალ ზავაჰიაში მყოფი ოპოზიციონერი, რომლის დაკვირვებითაც, ქალაქში სულ უფრო ოპტიმისტური განწყობა შეინიშნება.

ამასობაში, გრძელდება ამერიკული საბრძოლო ხომალდების გადაადგილება ლიბიის მიმართულებით.

„ცხადია, განვიხილავთ ბევრ ვარიანტსა და გარემოებას. ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილებები რაიმე სხვა ზომასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სამშაბათს ვაშინგტონში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა.

ჯერ არ ჩანს საკმარისი საერთაშორისო მხარდაჭერა სამხედრო ზომების მისაღებად, ან ლიბიაში ფრენისთვის აკრძალული ზონის გამოსაცხადებლად. რუსეთი სკეპტიკურად აფასებს ასეთი ზონის შემოღების მიზანშეწონილობას, ხოლო საფრანგეთის საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი ალენ ჟუპე გამორიცხავს კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გაეროს შესაბამისი მანდატის გარეშე.

კიდევ უფრო კატეგორიული იყო განცხადება, რომელიც კაიროში გაკეთდა, არაბული ლიგის შეკრებაზე. მისასალმებელ სიტყვაში, ერაყის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰოშიარ ზებარიმ აღნიშნა, რომ ლიბიის კრიზისი არაბული სამყაროს საქმეა და უცხო ძალებმა თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი ინტერვენციისაგან. იქვე ზებარიმ ლიბიის ხელისუფლებას მოუწოდა „გაბედული“ გადაწყვეტილებების მიღებისაკენ, ძალადობისთვის ბოლოს მოსაღებად და ხალხის „კანონიერი უფლებების“ პატივსაცემად.

როგორც ჩანს, არაბულ ლიგაში არა აქვთ იმის დიდი იმედი, რომ კადაფი მათი მოწოდების შესაბამისად იმოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, მიღებულია გადაწყვეტილება, არაბული სახელმწიფოების ამ ორგანიზაციაში ლიბიის წევრობის შეჩერების შესახებ.

იუწყებიან აგრეთვე, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ლიბიისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების გასამმაგების თაობაზე. დახმარება 10 მლნ ევროს მიაწღევს. გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიიდან გაქცეულების რიცხვმა 100 000 გადააჭარბა. გაერო ასობით თვითმფრინავს ითხოვს ლიბია-ტუნისის საზღვართან მყოფი ხალხის საევაკუაციოდ.