ბაჰრეინში დემონსტრანტების ბანაკი დაარბიეს

ბაჰრეინში ჯარისკაცებმა და პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმმა ცრემლმდენი გაზი და დაჯავშნული მანქანები გამოიყენეს დედაქალაქ მანამის ცენტრალური მოედნიდან ასობით დემონსტრანტის განსადევნად. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპნენ, სულ ცოტა, ორი დემონსტრანტი და ორი პოლიციელი. ბაჰრეინში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით. ახლა მანამის ცენტრში კომენდანტის საათია გამოცხადებული, აიკრძალა საჯარო შეკრებისა და დემონსტრაციის გამართვა. ბაჰრეინის მეფემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სპარსეთის ყურეში მდებარე სხვა არაბულ სახელმწიფოებს სთხოვა დახმარება წესრიგის უზრუნველყოფაში. ბაჰრეინში განთავსებულია შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტი.