სირიის ქალაქ ჰომში ინტენსიური სროლის ხმა ისმის

სირიელი უფლებადამცველების თქმით, ქვეყნის ცენტრში მდებარე ქალაქ ჰომში აფეთქებების და ინტენსიური სროლის ხმა ისმის. ეს სირიის სიდიდით მესამე ქალაქი ანტი-სამთავრობო გამოსვლების ერთ-ერთ ეპიცენტრს წარმოადგენს. მარტში პრეზიდენტ ბაშარ ასადის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ათასობით სირიელმა დაიწყო გამოსვლები. უფლებადამცველების თქმით, აქციების ჩახშობის მცდელობისას უსაფრთხოების ძალებმა 800-ზე მეტი ადამიანი დახოცეს. რეჟიმის ათასობით მოწინააღმდეგე დაპატიმრებულია. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა დღეს ევროპარლამენტში გამოსვლისას სირიის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მოუსმინოს დემონსტრანტების მოთხოვნებს: „სირიელი ხალხი ტანკებს არ შეუშინდება. რეჟიმს მოვუწოდებთ შეცვალოს თავისი კურსი - და ეს დაუყოვნებლივ გააკეთოს“.
ევროკავშირმა მოგზაურობაზე აკრძალვა დაუწესა და აქტივები გაუყინა სირიის 13 ოფიციალურ პირს - მათ შორის ასადის ძმას - და სირიისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო გამოაცხადა. სირიას დღეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმაც მოუწოდა რეპრესიების შეწყვეტის და რეფორმების გატარებისკენ - „სანამ არ დაგვიანებულაო“, დასძინა მან.