პირობითი პატიმრობა, რომელიც თავისუფლებაზე მეტია

ირინა ხალიპი

ბელორუსიის სასამართლომ დღეს ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ ირინა ხალიპს, რომელიც პარალელურად შინაპატიმრობისგანაც გათავისუფლდა. თუმცა ნებისმიერი მცირე სამართალდარღვევის შემთხვევაშიც კი ირინა ხალიპი შესაძლოა საპყრობილეში აღმოჩნდეს. შაბათს მინსკის სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ანდრეი სანნიკოვს, რომელიც ირინა ხალიპის მეუღლეა.

სასამართლოს შენობიდან გამოსულ ირინა ხალიპს, „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტს, გულშემატკივრები და ახლობლები აღფრთოვანებული შეძახილებით შეხვდნენ.

ირინა ხალიპი, რომელსაც შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და 4 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ელოდა გასული წლის 19 დეკემბრის ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო, სასამართლომ პირობითი სასჯელით გამოუშვა სხდომათა დარბაზიდან. თუმცა სასამართლო უფრო ულმობელი აღმოჩნდა მისი მეუღლის, ცნობილი ბელორუსი პოლიტიკოსისა და განვლილ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი მეტოქის, ანდრეი სანნიკოვის მიმართ, რომელსაც სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ანტისამთავრობო დემონსტრაციებისა და მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით.

16 მაისს სასამართლოს შენობიდან გამოსულმა და ჟურნალისტებით გარშემორტყმულმა ირინა ხალიპმა თავის მეუღლეს „ნამდვილი გმირი“ უწოდა და ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება უწინასწარმეტყველა:

“იცით, გულწრფელად გეტყვით. სადამდე დავედით, თუკი ჩვენ ვხარობთ იმით, რომ 12 ან 15 წლით კი არ ჩაგვსვეს ციხეში, არამედ, ბოლოს და ბოლოს, მომცეს საშუალება ვისეირნო ჩემს შვილთან ერთად, რომელსაც, სხვათა შორის, მამა წაართვეს. მე უფრო მეტად მაფიქრებს ჩემი ქმრის სასჯელი - 5 წელი. მე მშვენივრად მესმის, რომ ჩემი ქმარი არ იჯდება 5 წელი.“

ერთი დღით ადრე მინსკის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ირინა ხალიპის ქმარს, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ანდრეი სანნიკოვს, რომელიც 5 თვის განმავლობაში იმყოფებოდა ბელორუსიის სუკ-ის იზოლატორში. სასამართლოს გისოსებიდან სანნიკოვი ხელით გამარჯვების ნიშანს აძლევდა გაჭედილ დარბაზს. თუმცა გაიმარჯვა პროკურატურის ნებამ. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ განაჩენი წაიკითხა, დარბაზში გაისმა შეძახილები: „სირცხვილი მთავრობას“, „თავისუფლება“, ზოგიერთი დამსწრე კი ცრემლებს ვერ იკავებდა.

თუმცა ირინა ხალიპი, სანნიკოვის მეუღლე, აგრძელებს სიმართლისთვის ბრძოლას და პირველი, რაც დაგეგმილი აქვს, მისი ბინიდან სუკ-ის თანამშრომელთა კვალის გაქრობაა:

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველ რიგში, მივწერ წერილს ჩემს ქმარს, რადგან 5 თვის განმავლობაში იმის უფლებაც კი არ მქონია, რომ მიმეწერა მისთვის. მეორეა - ბინაში საკეტების შეცვლა და მესამე - ვაპირებ იმას, რომ გამოვიძახო დასუფთავების, ქიმწმენდის, დეზინფექციის, დეზაქტივაციის და, რაც გნებავთ, იმის პროფესიული ბრიგადა, რათა სუკ-ის სული არ დარჩეს ჩემს ბინაში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: მთელი სამთვენახევრის განმავლობაში ჩემს ბინაში დაეხეტებოდნენ წითელ-მწვანე სამოსში გამოწყობილი ბიძები.“

დასავლეთის ქვეყნების მიერ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელორუსიის რეჟიმის სხვა მსახურების მიმართ სანქციების შემოღების მიუხედავად, ბელორუსიის ციხეში იმყოფება და სასამართლო განაჩენს ელოდება ოცზე მეტი პოლიტიკოსი და აქტივისტი, რომლებიც 19 დეკემბრის საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ. დღეს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატების თანაშემწეებს გამოუტანეს მინსკში განაჩენი - პაველ სევერიანეცს სამი წლით თავისუფლების შეზღუდვა, იძულებითი შრომის სახით, სერგეი მარცელოვს კი - ორწლიანი პირობითი სასჯელი.