ავღანეთში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში გამგზავრების წინ, 07.04.2010

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე. სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ჯარისკაცის გარდაცვალების გამო. უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე 33-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. სერჟანტის ცხედარი უკვე გადაასვენეს საქართველოში. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლავროსი ივანიაძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა და 2007-2008 წლებში სამშვიდობო მისიით ის ერაყშიც იმყოფებოდა.