თურქეთში არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტია ლიდერობს

თურქეთში დღევანდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 50,2 პროცენტით ლიდერობს მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტია", რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. თუმცა მისი პარტია, სავარაუდოდ, ვერ მოიპოვებს საპარლამენტო მანდატების საკმარის რაოდენობას დაგეგმილ, ახალ კონსტიტუციაზე რეფერენდუმის დასანიშნად. დღეს ერდოანმა სტამბოლის ერთ-ერთ საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, რომ პატივს სცემს არჩევნების შედეგს. „ჩვენ გუშინ, საღამოს 6 საათზე დავასრულეთ დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო საარჩევნო კამპანია. განცხადებებით გამოვდიოდით შეკრებებზე, ახლა კი ჯერი ჩვენს ხალხზეა - მან უნდა თქვას თავისი სიტყვა. მან საკუთარი ნებით უნდა გადაწყვიტოს, ვინ გაუძღვება ამ ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის მანძილზე. რასაკვირველია, ეს იქნება ჩვენი შეფასებაც. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს“, - განაცხადა ერდოანმა. 15 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და 200 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოდნენ თურქეთის 550-ადგილიან პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად.